,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
მარხვა. 5.07.2024
სარწმუნოებისათვის თავდადებული მღვდელმოწამისა მიზეილ-მიქაელისა, ჰერეთში წამებულისა, ყულოშვილისა (1842-1917): მოწამეთას ზენონ და ზინასი (304); მღვდელმოწამისა ევსევი სამოსატელ ეპისკოპოსისა (380); მოწამეთა: სატურნინესი, პომპიანესი, გალაქტიონისა და ივლიანესი.
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ევსევის, სამოსატელი ეპისკოპოსის კონდაკი:
მღდელმთავრობასა შინა ღმრთივმსახურებით სცხოვნდებოდი და წამებისა გზათა აღხედ, სამსხვერპლონი იგი კერპთანი დაშრიტენ, მღდელმთავარო ევსევი, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 5: 17-6: 2 (დას. 90). მთ. 9: 14-17 (დას. 31).
მღვდელმოწ. – ებრ. 334 დას. 13: 7-16. ლკ. 67 დას. 12: 32-40.
ლიტ.: რომ. 5: 17-6: 2
17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის – იესო ქრისტეს მიერ. 18. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი. 19. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი, 20. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
1. რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც. 2. ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
ლიტ.: მთ. 9: 14-17
14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? 15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ. 16. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა. 17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
მღვდელმოწ. – ებრ. 13: 7-16
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
მღვდელმოწ. – ლკ. 12: 32-40
32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი – ანთებული. 36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მიხაელ ყულოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (1842-1918)
მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1842 წელს სოფელ კახში რაფიელ და საბედო ყულოშვილების ოჯახში. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევამდე, მიხეილ ყულოშვილი მუსლიმი იყო და მას გადაწყვეტილი ჰქონდა მუსლიმი სასულიერო პირი გამხდარიყო. 1858 წელს მიხეილ ყულოშვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა და სიკვდილამდე უფლისა და ხალხის სამსახურში იყო. მისი ცხოვრების პერიოდში, საინგილოში განხორციელებული ყველა ქართული საქმე პირდაპირ თუ ირიბად, მამა მიხეილ ყულოშვილის სახელს უკავშირდება. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ზაქათლის ოლქის სამრევლო სკოლის დაარსების, ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საქმეში. მღვდელმსახურებასთან ერთად, მამა მიხეილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი კახის სკოლის მასწავლებელი იყო. მიხეილ ყულოშვილმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მას ასევე დამთავრებული ჰქონდა გორის პედაგოგიური სასწავლებელი (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1887 წლის ანგარიში (რუსულ ენაზე) გვ. 94). 1860 წელს “ოსეთის სასულიერო კომისია” გაუქმდა და მის ბაზაზე “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება” ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი კავკასიის გაქრისტიანება იყო (ვლადიმერ წვერავა, საქართველოს საეგზარქოსოს სამისიონერო მოღვაწეობა XIX საუკუნეში, ქუთაისი 2003, გვ.78).
ამ ორგანიზაციამ, კავკასია 12 სამისიონერო რაიონად – საბლაღოჩინოდ დაყო, რომელთა შორის ერთ-ერთი საინგილო იყო. საზოგადოების დაფინანსებით იქმნებოდა სამრევლოები და სამრევლო სკოლები. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა აგრეთვე ძველი ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საკითხზე. 1860 წელს მიხეილ ყულოშვილმა ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებაში” მუშაობა დაიწყო (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, II ნაწილი (რუსულ ენაზე), გვ. 15). იგი ქრისტიანობის აქტიურ ქადაგებას ეწეოდა და ამ ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა. ცნობილი ფაქტია, რომ მუსლიმი სასულიერო პირები მიხეილ ყულოშვილს ამზადებდნენ იმისათვის, რომ მოლა გამხდარიყო. ქრისტიანობაზე მისი მოქცევა კი ისლამის მიმდევარი სასულიერო პირებისთვის დიდი დარტყმა იყო, რასაც მამა მიხეილს სიცოცხლის ბოლომდე ვერ პატიობდნენ. ისინი მას “მირზა ქეშეშს” ეძახდნენ.
1870 წელს მიხეილ ყულოშვილი მღვდლად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაამწესეს, სადაც 1894 წლამდე მსახურობდა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, II ნაწილი (რუსულ ენაზე), გვ. 145-146). ეს ეკლესია, 1855 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა. 1869 წელს კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა, სადაც მიხეილ ყულოშვილი ასწავლიდა.
ამ სკოლას “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება” აფინანსებდა. 1888 წლის მონაცემებით, კახის სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობდა, მიხეილ ყულოშვილის ხელფასი კი წელიწადში 300 მანეთს შეადგენდა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1888 წლის ანგარიში, გვ. 122). 1870 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ყულოშვილი საინგილოში მღვდელმსახურებას ეწეოდა. ამ პერიოდში მან ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ღვთისმსახურების გარდა, მიხეილ ყულოშვილი სამედიცინო საქმიანობასაც ეწეოდა. ხალხურ მედიცინაზე დაყრდნობით, მიხეილ ყულოშვილი წამლებს ამზადებდა და მოსახლეობას კურნავდა.
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1888-1894 წლებში ქურმუხის ეკლესიის აღდგენის საქმეში. ქურმუხის ეკლესიის აღდგენა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. 1880-იანი წლების ბოლოს, ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით, საინგილოს მოსახლეობამ ფულის შეგროვება დაიწყო. ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (გაზეთი “ივერია”, 1890 წელი, N175, სტატია “სოფელი კაკი”, გვ. 1).
მამა მიხეილი ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. ცნობილია, რომ კომიტეტის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, ბლაღოჩინ ბარნაბოვს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ვითარების შესასწავლად, ეგზარქოსმა პალადიმ საინგილოში გაგზავნა “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების” სასწავლებლების ინსპექტორი ბემონაზონი ლეონიდი (შემდგომში, 1918-1921 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდი (ოქროპირიძე) ). 1890 წლის 11 დეკემბერს, ეგზარქოს პალადისათვის გაგზავნილ ვრცელ წერილში, ინსპექტორი ლეონიდი მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დადებითად ახასიათებს და მას ღირსეულ პიროვნებას უწოდებს, რომელსაც ბლაღოჩინი ბარნაბოვი დაუმსახურებლად შეურაცყოფას აყენებს (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი-493, საქმე-580, დოკუმენტი N1140, გვ19).
***
1912 წელს მიხეილ ყულოშვილმა საკუთარი სახსრებით აღადგინა კახში, საყარულოს მთაზე, VIII საუკუნეში ქართლის მეფე არჩილის მიერ აშენებული კასრის სამების ეკლესია (ზ. ედილი, საინგილო, 1997, გვ. 177). 1922 წელს კასრის ეკლესია დარბეულ იქნა, შემდეგ კი მიწისძვრამ დაანგრია და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი (ილია ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ტომი III, საინგილო, 1968, გვ. 145-146).
1891 წელს ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ” სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის აშენება დაიწყო, რომელიც 1894 წლის 9 ოქტომბერს ეკურთხა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, გვ.14). თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 1894 წელს მიხეილ ყულოშვილი თასმალოს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. თასმალოში მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმდიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამრობითი, ხოლო 25 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო (იქვე, გვ. 14). ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს.
აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ მამა მიხეილთან ერთად თასმალოში პერიოდულად ჩადიოდა მამა ლეონიდი (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებების შედეგად სოფელ თასმალოს რამდენიმე კომლი კვლავ მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა (იქვე, გვ. 154). 1918 წელს, სოფელ თასმალოს ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი, წირვის დასრულების შემდეგ, ფანატიკოსებმა მოტყუებით ტყეში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს, რის შედეგაც იგი გარდაიცვალა. მიხეილ ყულოშვილი ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალა.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი
მოწამენი: ზენონი და ზინა (304)
მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (380)
კონსტანცის შემდეგ ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (361-363), რომელმაც ქრისტიანთა აშკარა დევნა დაიწყო. მეომრის სამოსელში გადაცმული წმიდა ევსები ფარულად მოგზაურობდა სირიაში, ფინიკიაში, პალესტინაში და განამტკიცებდა განსაცდელში მყოფ მართლმადიდებლებს. იულიანე განდგომილის დაღუპვის შემდეგ კეთილმსახური მეფე იობიანე (363-364) გამეფდა. ეკლესიურ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მთავარეპისკოპოსმა მელიტიმ, ევსების რჩევით, 379 წელს ადგილობრივი კრება მოიწვია ანტიოქიაში. მას ესწრებოდა 27 ეპისკოპოსი, რომლებმაც დაამტკიცეს I მსოფლიო კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლო. იობიანეს შემდეგ იმპერატორი გახდა არიანელი ვალენტი (364-378). რომელმაც ევსების თრაკიაში გადასახლება და პატიმრობა მიუსაჯა. მეფის ბრძანება რომ მიიღო, ნეტარმა მამამ მრევლის მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით დატოვა ქალაქი. სამოსატის კათედრაზე არიანელი ევნომიუსი დაადგინეს, მაგრამ ხალხმა არ მიიღო ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი. მწვალებელი მალე მიხვდა, რომ ვეღარ შეძლებდა საკუთარი სამწყსოს შემოკრებას.
ტახტზე ასულმა იმპერატორმა გრაციანემ (375-383) არიანელთაგან შევიწროებული მართლმადიდებელი მღვდელმთავრები დააბრუნა გადასახლებიდან. ევსებიც დაუბრუნდა სამპუსის და ეკლესიური ცხოვრების გამართვა განაგრძო, დაახლოებით 380 წელს წმიდა მამა არიანელთა ქალაქ დოლიქინში ჩავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი ესროლა და თავი გაუპო უფლის რჩეულს. სულთმობრძავმა ევსებიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს და ითხოვა, არ დაესაჯათ იგი. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე გადაასვენეს.