,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-2 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I.
ხსნილი თევზით. 7.07.2024
კრება ყოველთა წმიდათა ქართველთა*; ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე განბრწყინვებულთა*; წმიდათა რუსეთს განბრწყინვებულთა*; შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; მოწამე თა 7-თა ძმათა: ორენტისა, ფარნაკისა, ეროსისა, ფირმოსისა, ფირმინისა, კვირიაკესი და ლონგინოზისა (IV).
* გარდამავალია, მოიხსენიება სულიწმიდის მოსვლიდან მე-2 კვირიაკეს
დღის ლოცვა
შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
ტროპარი: წინაისწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ შენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყვებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.
კონდაკი: ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა, და იგი არს სავსება ყოვლისა წინასწარმეტყუელებისა, რამეთუ რომელი წინაისწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, და გამოჩნდა ღმრთისა სიტყვისა წინაისწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად.
დღის საკითხავები
მწუხრ.: ნათლისმც.: 1) დაბ. 17: 15-17, 19; 18: 11-14; 21: 1-2; 4-8. 2) მსაჯ. 13: 2-8, 13-14. 17-18. 21. 3) ეს. 40: 13, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1.
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: რომ. 2: 10-16 (დას. 81 შუა). მთ. 4: 18-23 (დას. 9).
ღირ: ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). მთ. 4: 25 – 5: 12. (დას. 10).
ნათლისმც.: რომ. 13: 11-14: 4 (დას. 118). ლკ. 1: 1-25, 57-68, 76, 80 (დას. 1).
მწუხრ.: ნათლისმც.: 1) დაბ. 17: 15-17, 19; 18: 11-14; 21: 1-2; 4-8
17: 15: უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი. 16. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან. 17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
19. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.
18: 11-14: მოხ უცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. 12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. 13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? 14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.
21: 1-2: უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. 2. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.
4-8: წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს. 5. ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. 6. თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს. 7. თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე. 8. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
მწუხრ.: ნათლისმც.: 2) მსაჯ. 13: 2-8, 13-14, 17-18. 21
13: 2-8: იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა. 3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება. 4. ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო. 5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან. 6. წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი. 7. მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო. 8. ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება.
13. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი. 14. არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე.
17. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება. 18. უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი.
21. მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
მწუხრ.: ნათლისმც.: 3) ეს. 40: 13, 9; 41: 17-18; 45: 8; 48: 20-21; 54: 1
40: 13: ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით?
9. ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი!
41: 17-18: ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. 18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას – წყაროსთვალად.
45: 8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.
48: 20-21: არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა. 22. არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.
54: 1: 1. გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
ცისკ.: მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ.: რომ. 2: 10-16
10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს. 11. რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის. 12. ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება. 13. რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან. 14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. 15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, 16. საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.
ლიტ.: მთ. 4: 18-23
18. და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 19. და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 20. მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 21. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ. 22. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას. 23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
ღირ: ებრ. 11: 33-12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ღირ: მთ. 4: 25 – 5: 12
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
ნათლისმც.: რომ. 13: 11-14: 4
11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. 13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, 14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ. 2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს. 3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი. 4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.
ნათლისმც.: ლკ. 1: 1-25, 57-68, 76, 80
1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, 2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, 3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, 4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. 5. იუდეის მეფის – ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის – მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი – მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
შობა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა, იოანესი
ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.
როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი. ესმა გარემოთა და ნათესავთა. და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, – ეს სახელი ხომ მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკჳრდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაÅლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.
მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.