,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ხსნილი თევზით. 8.07.2024
ღირსისა ქალწულმოწამისა ფებრონიასი და მის თანა მოწამეთა: ლივისა, ლეონიდისა და ყრმისა ევტროპისა (304).
დღის ლოცვა
სიძეო ჩემო ტკბილო ქრისტე, ღაღადებდა ფებრონია: არა საშრომელ-ჰყავ სრბაი ჩემი შემდგომად შენდა, რამეთუ სიტკბოებითა სიყუარულისა შენისათა სულისა ჩემისა სასოებაი აღვისუბუქნე და შუენიერებამან წყალობისა შენისამან გულსა ჩემსა დაატკბო შენთვის ვნებათა სასუმელისა შესმად, რაითა ღირსად სასძლოსა შინა ბრძენთა თანა ქალწულთა დღესასწაულობად შენ მიერ აღვირაცხო მე; ამისთვისცა, ღუაწლისა მძლეო, პატივისმცემელნი ესე ღუაწლთა და შრომათა შენთანი გევედრებით შენ: მეოხ გუეყავ, რაითა არა დაგვეხშას ჩვენცა ბჭენი სასძლოსანი.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 7: 1-13 (დას. 94). მთ. 9: 36-10: 8. (დას. 34).
ღირ.მოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ლიტ.: რომ. 7: 1-13
1. ან იქნებ არ იცით, ძმებო, – რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, – რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე. 2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. 3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად. 4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის. 5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი. 6. ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით. 7. მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს. 8. მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია. 9. ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა. 10. მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა. 11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა. 12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. 13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
ლიტ.: მთ. 9: 36-10: 8
36. და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები. 37. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. 38. მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 2. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე; 3. ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული; 4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. 5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
ღირ.მოწ.: 2 კორ. 6: 1-10
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
ღირ.მოწ.: ლკ. 7: 36-50
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსმოწამე თებრონია ქალწული (დაახლ. 304)
როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. თებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.
გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა თებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა თებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.
პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა თებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა: „მაცხოვარო ჩემო, ნუ დამიტევებ ამ საშინელი განსაცდელიმს ჟამს!“ მარტვილს დიდხანს გვემდნენ, ჭრილობებიდან ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. წმიდა თებრონიას ტანჯვა რომ გაემძაფრებინათ, იგი ხეზე დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას. მაგრამ სელინი განაგრძობდა ქრისტეს ტარიგის დაცინვას და აბუჩად აგდებას. თებრონია დუმდა. დაუძლურებულს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. გააფთრებულმა მტარვალმა ბრძანა, ენა ამოეგლიჯათ მისთვის, კბილები ჩაელეწათ, მკერდი მოეჭრათ და ხელ-ფეხი მოეკვეთათ. მხილველები ვერ უძლებდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას და დიოკლეტიანესა და მისი ღმერთების წყევლით ტოვებდნენ იქაურობას.
ბრბოში იდგნენ მონაზონი თომაიდა, რომელმაც შემდგომში დაწვრილებით აღწერა თებრონიას მარტვილობა, და წმიდა ქალწულის მოწაფე იერია. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.
363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.