9.07.2024. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ხსნილი თევზით. 9.07.2024

ღირსისა დავით თესალონიკელისა (540); ღირსისა იოანე გუთელ ეპისკოპოსისა (770-790); ტიხვინის ღმრთისმშობლის ზატისა (1383).

დღის ლოცვა

ღირსი დავით თესალონიკელის კონდაკი:

ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხორებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.

ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:

დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.

ლოცვა

გმადლობთ შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო, დედაო ქრისტჱსა ღვთისა ჩუენისაო, ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელსა გარდამოუვლენ კრებულსა ქრისტეანეთასა, რომელთა მდაბალთა უხუებით მიჰმადლებ ხმასა ანგელოსთა გალობისასა, რამეთუ აწცა განგუაკჳრვა ჩუენ წყალობამან შენმან უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა – სასწაულებრივთა თჳთგამოჩინებითა წმიდისა ხატისა შენისათა, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ყოველი. ამისთვისცა სიხარულითა და შიშით თაყუანის-ვცემთ მას ცოდვილნი ესე და გიგალობთ შენ: ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო და ღვთისმშობელო, აცხოვნე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩუენი და ყოველი ქუეყანაჲ, მღვდელმთავარნი და ყოველნი ერნი, ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი დაიცვენ, განათავისუფლე წმიდა ეკლესიაჲ ჩუენი ყოველისაგან წვალებისა და ყოველთა აქა მდგომარეთა სარწმუნოებით მვედრებელთა და თაყუანის-მცემელთა წმიდისა ხატისა შენისათა ყოველივე კეთილად მოჰმადლე, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, შენგან შობილისა ძისა და ღვთისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: რომ. 7: 14-8: 2 (დას. 95). მთ. 10: 9-15 (დას. 35).

ლიტ.: რომ. 7: 14-8: 2 

14. რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. 15. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. 17. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. 19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით. 22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. 23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. 24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? 25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი – ცოდვის რჯულს.

1. ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში. 2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.

ლიტ.: მთ. 10: 9-15 

9. ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს; 10. ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. 11. რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე. 12. ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 13. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. 14. და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383)

ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383)
ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მომსვლელს. უვნებლობას მიღწეულ, მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.
ღირსი დავითი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 540 წელს.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანე გუთელი

იოანე გუთელი (დ. ?, პარტენიტი, ყირიმი — გ. 790, ამასტრიდა) — გუთეთის (ასე იწოდებოდა ადრე შუა საუკუნეებში ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი) ეპის­კო­პო­სი 758 წლიდან. იოანეს მამას ლეონი ერქვა, დედას — ფოტიანე. ლეონის მამა პონტოდან იყო გადასახლებული გუთეთში. იოანე ბავშვობიდანვე „ასკეტურ ცხოვრებას“ ეზიარა.[1]

ბიზანტიის იმპერატორი კონსტან­ტინე V კოპრონიმის (743–775) მიერ კონსტანტინოპოლში მო­წვეულმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ (754) ხატთაყვანისცემის აკრძალვა დაადასტურა. კრებაზე დამსწრე გუთეთის ეპისკო­პო­სი დადგენილების მიმხრობის გამო იმპერატორმა თრაკიაში ჰერაკლიის მიტროპოლიტად დანიშნა, მის მაგივრად გუთეთის მოსახლეობამ იოანე აირჩია. გუთეთის ეკლესია იმხანად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ამიტომ იოანე გუთეთის ეპისკოპოსად კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა ეკურთხებინა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხატმებრძოლი იყო, გუთეთის მოსახლეობა კი ხატთაყვანისმცემლად რჩებოდა, ამიტომ იერუსალიმში საკურთხებ­ლად ჩასული იოანე იქ სამი წელი უშედეგოდ ელოდა ხელდასხმას (საეკლესიო სამართლი­დან გამომდინარე, იერუსალიმის ­პატრიარქს სხვა საპატრიარქოსადმი დაქვემდე­ბა­რებული ეპარქიის ხელ­დასხმის უფლება არ ჰქონდა). იერუსალიმიდან გუთეთში დაბრუნებული ­იოანე, როგორც მის „ცხოვრებაშია“ ნათქვამი, მრევლის მოთხოვნით იბერიაში ჩა­მო­ვი­და და აქ იქნა ხელდასხმული გუთეთის ეპისკოპოსად.[1]იოანე გუთელის „ცხოვრებასა“ და „დიდ სჳნაქსარში“ არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მისი ხელდასხმის ადგილად ქალაქი მცხეთა იყო მიჩნეული – სავარაუდოდ, იგი იოანე III ქართლის კათოლიკოსმა აკურთხა.[1]იოანე გუთელის „ცხოვრების“ ცნობებიდან გამომდინარე, იგი ცოცხალი ჩანს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პავლეს დროსაც. 780 წელს იგი კონსტანტინოპოლში ჩასულა და ხატთაყვანისმცემელთა მხარდასაჭერად უქადაგია. მას შემდეგ, რაც იმპერიამ გუთეთი ხაზართა ხანს დაუთმო, იოანე გუთელი მცირე აზიაში გაიქცა და 4 წელი ქალაქ ამასტრიდაში იმყოფებოდა. იქ გაიგო ხაზართა ხანის გარდაცვალების ამბავი, მეორმოცე დღეს, 26 ივნისს, კი თვითონ გარდაიცვალა. ამასტრიდის ეპისკოპოსმა გიორგიმ და ქალაქის მოსახლეობამ მისი ნეშტი „საკმეველითა და სანთლებით ხომალდამდე მიაცილეს“. იოანე გუთელი ქალაქ პართენიტონში, წმინდა მოციქულთა მონასტერში თავის მამობილთან დაკრძალეს. შერა­ცხულია წმინ­და­ნად. ღირსი იოანეს ხსენების დღეა 26 ივნისი (9 ივლისი).[1]