12.08.2024. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 

                                                                                                                                                                       1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ხსნილი. 12.08.2024 

დიდისა მთავრისა და აღმსარებელისა ცოტნესი, სამშობლოსათვის თავდადებულისა (დადიანი XIII); 70-თაგანთა მოციქულთა: შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, ეპენეტოსი და ანდრონიკესი (I); მოწამისა იოანე მხედრისა (IV); მოწამეთა: პოლიქრონისა, ბაბილონელი ეპისკოპოსისა, პარმენ, ელიმე და ქრისოტელ ხუცესთა, ლუკა და მუკო დიაკონთა, აბდონი და სენისი სპარსეთის მთავართა და მოწამეთა ოლიპისა და მაქსიმესი (251); მღვდელმოწამისა ვალენტინე (უალენტინე) ეპისკოპოსისა და სამთა მოწაფეთა მისთა მოწამეთა: პროკულისა, ეფიბისა და აპოლონისა და მართლისა აბუნდისა (273). 

დღის ლოცვები 

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) – კონსტანტინოპოლის პატრიარქნი

კონდაკი: ქრისტეს სიყვარულითა აღტკინებულთა, დიდებულნო, უღელი მისი აღიღეთ, პატიოსანი ჯვარი, და მობაძავ ცხოვრებისა მისისა გამოსჩნდით, და საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარ იქმენით, ალექსანდრე ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ საკვირველით და პავლე დიდებულითა, ვინაიცა საყდრისა მისისა წინაშე მდგომარე ხართ წადიერად, მას ევედრენით სულთა ჩუენთათვის.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდგომი დღე

კონდაკი: იროდი უსჯულო-ქმნილმან მისცა დედაკაცსა თავი შენი პატიოსანი, წინამორბედო, რომლისა თაყუანისმცემელნი ვიხარებთ, ხოლო იროდია სტირს და ჰგოდებს და იროდი და მროკველიცა იგი. 

აღმსარებლის ცოტნე დადიანის ტროპარი: 

აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთა და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი; მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 კორ. 9: 13-18 (დას. 142). მთ. 16: 1-6 (დას. 65).
ცოტნესი: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ.12: 8-12. (დას. 64). 

ლიტ.: 1 კორ. 9: 13-18 

13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? 14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ. 15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული. 16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ. 17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ. 18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.

ლიტ.: მთ. 16: 1-6 

1. მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის. 2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. 3. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. 4. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა. 5. ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება. 6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.

ცოტნესი: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ცოტნესი: ლკ.12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა სამოცდაათთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ.
იერუსალიმის პირველ ეკლესიაში წმიდა შილა იყო კაცი პატივდებული და „შერაცხილი ძმათა შორის“ (საქმე, 15;22). 51 წელს იერუსალიმში გამართული მოციქულთა პირველი კრების შემდეგ უფლის მოწაფეებმა ანტიოქიელ ქრისტიანებს პავლესა და ბარნაბას ხელით წიგნი გაუგზავნეს და ამცნეს, რომ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს წინადაცვეთა და მოსეს სჯულის დამარხვა არ ევალებოდათ, შილა და იუდაც გააყოლეს, „რამეთუ… წინასწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინისცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს“. ანტიოქიაში მათ დიდხანს დაჰყვეს, შემდეგ ძმათაგან იუდა წარიგზავნა იერუსალიმში, შილამ კი „ჯერ-იჩინა დადგრომაჲ მუნვე“ და მოშურნედ შეეწეოდა წარმართთა მოციქულს მქადაგებლურ ღვაწლში. პავლესთან ერთად მან იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში.
ქალაქ ფილიპეში მოციქულები შეიპყრეს, „მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა“ და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. „შუა ღამეს ოდენ“, როცა პავლე და შილა ლოცულობდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს, მეყსეულად „ძვრაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძვლითურთ შეიძრა და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს“. როცა საპყრობილის მცველს გამოეღვიძა და განხმული კარები იხილა, იფიქრა, ტუსაღები გაქცეულანო, მახვილი იხადა და თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ პავლე მოციქულმა „ჴმითა დიდითა“ გასძახა: „ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ“. ნუგეშინისცემულმა მცველმა სანთელი მოითხოვა და, როცა ყველა პყრობილი ადგილზე დახვდა, „ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას“. მან იკითხა: „უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?“ პასუხად მიიღო: „გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი“. მან რწმენით მიიღო მადლმოსილი სიტყვები, იმ ღამეს თავისთან ისტუმრა მოციქულები, „განბანნა იგინი ნაგუემთა მათგან“ და მთელი სახლეულითურთ ნათელიღო (საქმე; 15,20-16,34).
პავლე და შილა ფილიპედან ამფიპოლში გაემგზავრნენ, მოვლეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული სილუანე თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლესთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პირველ კათოლიკე ეპისტოლეში პეტრე მოციქული იხსენიებს მას: „სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე“ (1 პეტრ. 5.12). წმიდა სილუანე თესალონიკის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა მოციქულ კრისკენტის პავლე მოციქული იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, სადაც აღნიშნავს, რომ იგი გალატიაში წავიდა საქადაგებლად (2 ტიმ. 4,10). აქ წმიდანი ეპისკოპოსად იქნა ნაკურთხი, შემდეგ გალიაშიც ავრცელებდა სახარების სწავლებას. ქალაქ ვინეაში მან თავისი მოწაფე, ზაქარია დაადგინა მღვდელმთავრად, გალატიაში დაბრუნებული კი მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას.
წმიდა მოციქული ეპენეტი კართაგენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ“ (16,5). იმავე ეპისტოლეში თავი მოციქული იხსენიებს წმიდა ანდრონიკესაც: „კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (16,7). წმიდა მოციქული ანდრონიკე პანონიის ეპისკოპოსი იყო (წმიდა ანდრონიკესა და იუნიას ხსენება აღინიშნება 17 მაისს). 
მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი – ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი – სპარსეთის მთავარნი და წმიდა მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე ეწამნენ III საუკუნეში ღვთისმოძულე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას.
დეკიუსმა დაამარცხა სპარსელები, დაიპყრო მათი ქვეყანა, ადგილობრივ მკვიდრთა შორის ბევრი ქრისტიანი ჰპოვა და მათი დევნა დაიწყო. მტარვალებმა შეიპყრეს და უღმრთო ხელისუფალთან წარადგინეს ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, ხუცესნი: პარმენი, ელიმი და ქრისოტელი, და ორი დიაკონი – ლუკა და მუკო. იმპერატორმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმიდა პოლიქრონიოსმა მიუგო: „ჩვენ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს საკუთარ თავს ვსწირავით მსხვერპლად, თქვენს უბადრუკ, ხელით ქმნილ კერპებს კი არასოდეს ვეთაყვანებით“. კადნიერი პასუხით განრისხებულმა დეკიუსმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეყარათ წმიდა აღმსარებლები. მომდევნო დაკითხვაზე პოლიქრონიოსი მდუმარედ იდგა. დეკიუსი ხუცესებს მიუბრუნდა: „თქვენი მეთაური დამუნჯდა“. წმიდა პარმენი მას შეეპასუხა: „წმიდა ეპისკოპოსი არ დამუნჯებულა, მაგრამ არ სურს, შეიბილწოს თავისი წმიდა ბაგეები და „დაუფინოს მარგალიტი თვისი წინაშე ღორთა“ (მთ. 7,6). გამხეცებული იმპერატორის განკარგულებით პარმენს ენა მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, მან მღვდელმთავარ პოლიქრონიოსს სრულიად გარკვეულად უთხრა: „მეუფეო, ილოცე ჩემთვის, მე სულიწმიდას ვხედავ შენზე“. დეკიუსის ბრძანებით ჯალათებმა წმიდა ეპისკოპოსს ქვებით ბაგეები დაუჩეჩქვეს. ნეტარმა მარტვილმა ზეცისკენ აღაპყრო თვალები და სული უფალს შეჰვედრა. უღმრთოებმა წმიდანის ნეშტი სატურნის ტაძრის წინ დატოვეს. ღამით სპარსელმა მთავრებმა, ფარულმა ქრისტიანებმა აბდონმა და სენისმა იგი წაასვენეს და ქალქის გალავნის გასწვრივ პატივით დაჰფლეს.
მალე დეკიუსი ქალაქ კორდულაში გაემგზავრა და ბრძანა, სამი ხუცესი და ორი დიაკონი მის კვალდაკვალ ეტარებინათ. კორდულაში ის კვლავ აიძულებდა მოწამეებს, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, მაგრამ ენამოკვეთილი პარმენი ყველას ნაცვლად ხმამაღლა და გაბედულად პასუხობდა უარით.
იმპერატორმა ჩათვალა, რომ ნეტარი ხუცესი ჯადოს ძალით საუბრობდა უენოდ და გასცა განკარგულება, ჯერ გაეძლიერებინათ აღმსარებელთა ტანჯვა, შემდეგ კი ცეცხლში ჩაეყარათ ისინი. ამ დროს ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა, მდაბალნო გულითა“. დეკიუსმა ეს ხმაც ჯადოსნობას მიაწერა და მარტვილებს თავები მოჰკვეთა. სპარსელმა მთავრებმა აბდონმა და სენისმა ღამით წაასვენეს წმიდა ცხედრები და კორდულის მახლობლად, თავიანთ სოფელში დაფლეს. ეს საქციელი დაფარული არ დარჩენილა. მთავრები შეიპყრეს და იმპერატორს წარუდგინეს. უღმრთო თვითმპყრობელმა ბრძანა, საპყრობილეში გამოემწყვდიათ ისინი.
იმავე დღეს კიდევ ორი სპარსელი ქრისტიანი, ოლიმპიოსი და მაქსიმე მიჰგვარეს დეკიუსს. ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე აღსარებისთვის წმიდა მოწამეები სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს. ხუთი დღე მათი ცხედრები დაუმარხავი ეყარა, მეექვსე დღეს კი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.
რომში გამობრუნებულმა იმპერატორმა ბორკილებასხმული აბდონი და სენისიც თან იახლა. სამეფო ქალაქში ჩასულმა, მან ქურუმს მოუხმო და აღმსარებლებს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, განრისხებულმა დეკიუსმა გადაწყვიტა, წმიდანები მხეცებისთვის მიეყარა დასაგლეჯად, მაგრამ ლომები და დათვები თვინიერად გაუწვნენ მათ ფეხთით. მაშინ მტარვალებმა ნეტარი მარტვილები მახვილებით აჩეხეს. მოწამეთა წმიდა ცხედრები სამი დღე ეყარა კერპის წინ მართლმორწმუნეთა დასაშინებლად, შემდეგ კი, ღამით, ფარულმა ქრისტიანმა კვირინმა მალულად წაასვენა მათი ნეშტი და საკუთარ მამულში დაკრძალა. წმიდა მოწამენი, აბდონი და სენისი 251 წელს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა მარკოზის სახელობის ტაძარში განისვენებს. 
მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი, სამნი მოწაფენი მისნი – წმიდა მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი ცხოვრობდნენ III საუკუნეში. წმიდა ვალენტინე ქალაქ ინტერმანის (იტალია) ეპისკოპოსი იყო. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის მას სნეულებათა კურნების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. იმ ხანებში ათონიდან რომში სასწავლებლად ჩავიდა სამი წარმართი ჭაბუკი: პროკული, ეფიბი და აპოლონი. მათ მოძღვარიც ჰპოვეს, სახელად კრატონი და მის სახლში დამკვიდრდნენ. მოხდა ისე, რომ კრატონის ძე, ქერიმონი მძიმედ დასნეულდა: წელში ისე მოიხარა, რომ თავი მუხლებს შორის მოექცა. სასოწარკვეთილმა მამამ ეპისკოპოს ვალენტინეს თხოვა დახმარება. ღვთისმოყვარე მღვდელმთავარმა თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა: რომში ჩავიდა, ავადმყოფ ჭაბუკთან ერთად ოთახში გამოიკეტა და მთელი ღამე ლოცულობდა. დილით ბედნიერმა მშობლებმა იხილეს, რომ მათ შვილს ძველი სნეულების კვალიც არ ეტყობოდა, ირწმუნეს ქრისტე და მთელ სახლეულთან ერთად მოინათლნენ. ნათელიღეს პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმაც და ქერიმონთან ერთად ვალენტინეს დაემოწაფნენ. საკვირველ მოძღვარს მალე გაუვარდა სახელი, და მის მიერ ბევრი ჭაბუკი და ყრმა შეუდგა ქრისტეს. მათ შორის იყო ქალაქის თავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმ დროს, როცა მთელ სამყაროში წარმართული მრავალღმერთიანობა ბატონობდა, ქრისტიანობა კი იდევნებოდა, ეს საოცრად გაბედული საქციელი იყო. ხელისუფალთა რისხვა სულიერ მამას, ვალენტინეს დაატყდა თავს. იგი შეიპყრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმიდა მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმიდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ჭაბუკები მთელი დღეების მანძილზე დაუდუმებლად ლოცულობდნენ ძვირფას საფლავთან. როცა ყოველივე ეს ქალაქის ხელისუფალთათვის გახდა ცნობილი, ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოკვეთეს. როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ჭაბუკმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმიდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა. 
წმიდა მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. ის იყო ფარული ქრისტიანი და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ვერ ამჩნევდნენ, რადგან უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ისიც გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა მათ. როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. გზაში წმიდანს მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: წარმართი მცველები გვემდნენ მეფის ურჩ მხედარს, უჭერდნენ რკინის საკვრელებს, ფეხშიშველს ამყოფებდნენ, სიცივითა და შიმშილით ტანჯავდნენ. როცა მათ სამეფო ქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. მის დაბრუნებამდე უფლის რჩეული საპყრობილეში გამოკეტეს.
ამასობაში, 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა და გადასახლებულ ეპისკოპოსებს კათედრები დაუბრუნა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში. სიკვდილის წინ მან ითხოვა, დაეკრძალათ მდაბიოთა და გლახაკთა სასაფლაოზე. წმიდანს თხოვნა შეუსრულეს. მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა. 
წმიდა ცოტნე დადიანი – „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“. ცოტნე დადიანი, „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“, და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.
შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.
როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.
მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, – უპასუხა ცოტნემ.
ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.
1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.
საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის შესახებ, მისი გმირობა ყოველთვის სარწმუნოების, სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის წმიდანის პატივს მიაგებდა მას.
წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანის წმიდანად შერაცხვა იყო მართლმორწმუნე ერის ნების გამოხატულება, ამიტომაც ყველამ გაიხარა ახალი ზეციური მეოხის დადგინებით.