13.08.2024. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 

                                                                                                                                     1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ხსნილი. 13.08.2024

უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელ თა შემოყვანების წინადღესასწაული. ღირსის არსენისა, ნინოწმიდელ ეპისკოპოსისა (1082); მართლისა ევდოკიმე კაპადოკიელისა (IX); მოწამისა ივლიტასი (304-305).

მარიამობის (მიძინების) მარხვის აღება.

დღის ლოცვები

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (395-408)

ტროპარი: ღმრთის მშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენ ზედა გონებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: ღმრთის შემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთის-მშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველისა, და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.

სხვა კონდაკი: პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული

ტროპარი: აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 10: 5-12 (დას. 144). მთ. 16: 6-12 (დას. 66) – სამშ.
1 კორ. 10: 12-22 (დას. 145). მთ. 16: 20-24 (დას. 68) – ოთხშ.
წმ. – ებრ. 318 დას. 7: 26 – 8: 2. ინ 36 დას. 10: 9-16.

ლიტ.: 1 კორ. 10: 5-12 

5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ. 6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს. 7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“. 8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი. 9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ. 10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ. 11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს. 12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.

ლიტ.: მთ. 16: 6-12 

6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. 7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. 8. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო? 9. ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 10. არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 11. ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი? 12. მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.

1 კორ. 10: 12-22 

12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს. 13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა. 14. ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას. 15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ. 16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? 17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით. 18. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან? 19. მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს? 20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ. 21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას. 22. ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?

მთ. 16: 20-24 

20. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე. 21. მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს. 22. მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ! 23. ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.

წმ. – ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

წმ. – ინ 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული

კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

წმიდა მოწამე ივლიტა (+304-305)

 წმიდა მოწამე ივლიტა (+304-305)წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.

მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი (IX)

ევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. მისი ჩადენილი კეთილი საქმეები მხოლოდ უფალმა იცოდა. ევდოკიმმა მთელი თავისი სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლის ასაკში კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკის სურვილი იყო რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს, მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ.

18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკის დედას სურდა შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უხრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ, იოსების დახმარებით, მოხდა ცხედრის გადასვენება კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.

ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)

წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაჲ“ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან: „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს არსენი და იოანე ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა… ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ხელითა აღწერნესო“, – მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი. წმიდა არსები გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მესვეტისასა“. როცა ივერონის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.