2.08.2024. მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი.

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

მარხვა. 2.08.2024 

წინასწარმეტყველისა ელია (ილია) თეზბიტელისა (IX ს. ქრ. შ-მდე); მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (1272); ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრუ ლებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325). ანგელოზის დლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია IL-ისა. 

დღის ლოცვა 

აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს (დაახლ.428)
და პოვნა ნაწილთა მართალთა ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა

ტროპარი: ბრწყინვალე და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო საჩინო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო ქრისტეს მხედარო, მეოხგუეყავ ჩუენ ცოდვილთა.

ტროპარი: სამეუფოი გვირგვინი დაიდგ თავსა შენსა ღუაწლთა მათ მიერ, რომელნი თავს ისხენ ქრისტეს ღმრთისათვის, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, რამეთუ შენ ურიათა სიცბილსა ამხილე და იხილე მაცხოვარი მამისა მჯდომარე, მას ევდრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: პირველად დათესულ იქმენ შენ ქუაყანასა ზედა ზეციერისა მოქმედისა მიერ, ყოვლადქებულო, პირველად დასთხიე სისხლი შენი ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის, სანატრელო, პირველადვე მის მიერ ძლევისა გვირგვინითა შეიმკვ, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, პირველ ყოველთასა მოღუაწეო. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: ილია: 1) 3 მეფ. 17: 1-23.
2) 3 მეფ. 18: 1, 17-41, 44, 42, 45-46; 19: 1-16.
3) 3 მეფ. 19: 19-21; 4 მეფ. 2: 1, 6-14.
ცისკ.: ლკ. 4: 22-30 (დას. 14).
ლიტ.: წინასწარმეტყ.: იაკ. 5: 10-20 (დას. 57). ლკ. 4: 22-30 (დას. 14). 

მწუხრ.: ილია: 1) 3 მეფ. 17: 1-23 

1. უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მაცხოვრებმა, აქაბს: ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე. 2. და გამოეცხადა უფლის სიტყვა: 3. წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. 4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ. 5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. 6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა. 7. გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად. 8. მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა: 9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს. 10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა. 11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით. 12. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით. 13. უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ. 14. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად. 15. წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს. 16. ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით. 17. ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის, დიასახლისის ვაჟი; ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. 18. უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ? 19. უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. 20. შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ? 21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში. 22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი. 23. აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი.

2) 3 მეფ. 18: 1, 17-41, 44, 42, 45-46; 19: 1-16 

1. გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე. 

17. როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო? 18. თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი. 19. ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან. 20. დაგზავნა აქაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შერიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე. 21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს. 22. უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია. 23. მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. 24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი! 25. უთხრა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველთ: ამოირჩიეთ რომელიმე კურატი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ. 26. გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს. 27. შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს. 28. დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. 29. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. 30. უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება. 31. აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი. 32. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. 33. დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. 34. თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ. 35. ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. 36. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. 37. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. 38. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. 39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! 40. უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა. 41. უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე. 

44. მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო. 

42. წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა. 

45. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა. 

19: 1-16 

1. უამბო აქაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი. 2. მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს. 3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური. 4. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ. 5. მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე. 6. გაიხედა და, აჰა, ნამცხვარი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა. 7. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს. 8. ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. 9. შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია? 10. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ. 11. უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე – მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. 12. მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე – ოდნავი ჩქამი. 13. როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია? 14. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწეეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ. 15. უთხრა უფალმა: წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. 16. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.

3) 3 მეფ. 19: 19-21; 4 მეფ. 2: 1, 6-14 

19. წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.

20. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის?

21. გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა. 

4 მეფ. 2: 1, 6-14 

1. როცა უფალი ელიას ცადაყვანას აპირებდა ქარბორბალათი, გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელია ელისესთან ერთად. 

6. უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. წავიდნენ ორნი. 7. წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. 8. აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. 9. როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე. 10. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება. 11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. 12. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. 13. აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. 14. დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.

ცისკ.: ლკ. 4: 22-30 

22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? 23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ. 24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში. 26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში. 27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა. 28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში. 29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. 30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.

ლიტ.: წინასწარმეტყ.: იაკ. 5: 10-20 

10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. 11. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი. 12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში. 13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. 14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. 15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. 16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას. 17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას. 18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი. 19. ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, 20. იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას.

ლიტ.: წინასწარმეტყ.: ლკ. 4: 22-30 

22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? 23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ. 24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში. 26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში. 27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა. 28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში. 29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. 30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წინასწარმეტყველი ელია – ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი – ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება – თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი – მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი – უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და კერპებს მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა: ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა… უფალმა ელიას უბრძანა, წასულიყო „ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა“. აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხანგრძლივი გვალვის გამო წყარო ქორათშიც დაშრა, წინასწარმეტყველმა ღვთის ბრძანებით სიდონის მახლობლად მდებარე სოფელ სარეფთას მიაშურა. აქ იგი ერთი ქვრივი დედაკაცის სახლში დაბინავდა, რომელსაც ელიას იქ ყოფნისას სასწაულებრივად არ ელეოდა ფქვილი და ზეთი. ამ დროს სარეფთელი ქვრივის ერთადერთი შვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა ყრმა და დედას დაუბრუნა.
სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, – უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმილის მთაზე რვაასორმოცდაათმა ქურუმმა მოიყარა თავი. ელიამ მათ შესთავაზა, თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოზე ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავიანთი ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის მოვლინებას: „მაღლადრე უხმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუ თუ განცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს“, – ეუბნებოდა მათ ელია. საღამოს თავად წინასწარმეტყველმა აღადგინა კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი მსხვერპლზე და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვებიც დაწვა და თხრილში წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი: „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18: 39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18: 41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ (3 მეფ. 19: 4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ – „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, – უპასუხა ელიამ, – რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ (3 მეფ. 19: 10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი – ასურეთის მეფედ, იუი კი – ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა – ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11: 2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში. 
წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი“.
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში“ აღნიშნავს, რომ „მუნ (ე.ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიესთ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მჴნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი“. როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმიდა ლუკა იერუსალიმელის (+1227, ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ. 
წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.
1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.
„რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?“ – ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა… ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას.
ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა“, რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც… თავისი ისტორია არ ახსოვს“, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?… დრო-ჟამი ამას გვიქადის“ („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“)…
ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ – „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.
დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის… გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა“… ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.
ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.
ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.
ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს…
1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ – დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.
მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.
კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა… მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა – შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში – შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.