9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან…
1 კორ. 5: 9 -11
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.
ხუთშაბათი. 22.08.2024. მარხვა
მოციქულისა მატათიასი (მატთიასი), რომელი დაიდგინა იუდას წილ განმცემელისა (იქადაგა საქართველოში, 63); წმიდისა დიაკონისა სევერიანესი, აჭარელ აღმსარებელისა (XX). მოწამისა ანტონინე (ანტონი) ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე მეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: ივლიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
დღის ლოცვები
წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)
ტროპარი: მოციქულო წმიდაო, მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი: სახედ ნათლისა, ვითარცა მზე, ყოველსა ქუეყანასა განხდა სიტყვა შენი, და განანათლებს წარმართთა ეკლესიასა მადლითა, ღმერთ შემოსილო მატათა მოციქულო.
დღის საკითხავები
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: 1 კორ. 14: 6-19 (დას. 155). მთ. 20: 17-28 (დას. 81).
მოც. საქმ. 1: 12-17, 21-26 (დას. 2). ლკ. 9: 1-6 (დას. 40).
ცისკ.: ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ლიტ.: 1 კორ. 14: 6-19
6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით? 7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი? 8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად? 9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს. 10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო. 11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის. 12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით. 13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს. 14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. 15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ. 16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ? 17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ. 18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. 19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.
ლიტ.: მთ. 20: 17-28
17. და როცა ადიოდა იერუსალიმს, იესომ ცალკე გაიხმო გზაში თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: 18. აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს; 19. და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს. 20. მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა. 21. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს. 22. იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია. 23. ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ. 24. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ. 25. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ. 26. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. 27. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს. 28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
მოც. საქმ. 1: 12-17, 21-26
12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა. 13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა, 14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად. 15. იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა: 16. კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ. 17. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.
21. ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, 22. იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, – შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე. 23. და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია. 24. ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე. 25. რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას. 26. და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.
მოც. ლკ. 9: 1-6
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა. 2. წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. 3. და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს. 4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე. 5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 6. ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)
და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.
სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელ-ქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.
უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია, და რაკი ხედავდა მის მგზნებარე გულმოდგინებასა და სულის სიწმიდეს, სამოციქულო მსახურებისათვის განამზადა. თავიდან წმიდა მატათა უფლის 70 წმიდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, 12 მოციქულისაგან განსხვავებით, მცირე მოციქულთ უწოდებენ. მათ შესახებ სახარებაში ნათქვამია: „და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხვანი სამოცდაათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად“ (ლუკა 10, 1). ხოლო უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის – იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. 12 მოციქულთაგან ამ უკანასკნელის განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა დაკარგა თავისი სისრულე, რადგან იუდას ნაცვლად არავინ ყოფილა არჩეული და მოციქულნიც ათერთმეტნი დარჩნენ. ამიტომ მოციქულთა თავმა – წმიდა პეტრემ შემდეგი სიტყვით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის განმცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო; ხოლო ჩვენს – 12 მოციქულთა დასში – უსათუოდ უნდა იყოს არჩეული იუდას ნაცვლად ერთი ღისრეული კაცი, ვინც ყოველთვის მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როდესაც უფალი ჩვენს შორის იმყოფებოდაო. „და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ (საქმე მოციქ. 1, 23-26), როგორც მეთორმეტე მოციქული. ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე, 50-ე დღეს აღდგომიდან, რამეთუ ღმერთის სული ცეცხლოვანი ენების სახით, სხვა მოციქულებთან ერთად, წმიდა მატათასაც დაადგრა და მასაც ანიჭებდა საღმრთო მადლს.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც ის იღვწოდა კიდევ შემდგომში ღვთის სიტყვის ქადაგებით: მოვლიდა ქალაქებსა და დაბა-სოფლებს და ყველგან ახარებდა იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნას. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანახმად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად – აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, – მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა – ეს კაცი „ღმერთების“ (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპრყობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ გულგანძვინებულ წარმართს, რაკი არ სჯეროდათ მისი ქადაგებისა და საშინლად ურისხდებოდნენ წმიდა მოციქულს კერპების მხილებისათვის, მისი ადგილზევე მოკვლა მოუნდა, მაგრამ ანაზდად მიწა განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი.
შემდგომში ქრისტეს ეს მოციქული კვლავ თავის წილხვედრ იუდეას დაუბრუნდა და ისრაელის ძეთაგან მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე; დღემუდამ უქადაგებდა მათ ღვთის სიტყვას და ნიშებითა და სასწაულებით განაძლიერებდა თავის ხარებას: ქრისტეს სახელის მოწოდებით უბრუნებდა უსინათლოებს – თვალისჩინს, ყრუთ – სმენას, მომაკვდავთ – სიცოცხლეს; აღადგენდა დავრდომილთ, განკურნავდა კოჭლებს, განწმენდდა კეთროვნებს და განასხამდა ბოროტ სულებს. წმიდა კაცად ხმობდა რა მოსეს და მოუწოდებდა რა ისრაელიანთ ღმერთის მიერ მოცემული სჯულის აღასრულებას, წმიდა მატათა, იმავდროულად, ყველას იესო ქრისტეს რწმენაში დამოძღვრავდა, რომლისთვისაც თვით მოსე აუწყებდა მათ ნიშებისა და წინა-სახეთა ჩვენებით და რომელსაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარ მიუთხრობდნენ, რამეთუ იესო ქრისტე მამა ღმერთის მიერ ამქვეყნად კაცთა ხსნისათვის მოვლინებული ძე ღმერთია, ხორციელქმნილი და განკაცებული ყოვლადწმიდა მარადის ქალწულ მარიამისაგანო. ამასთან, ყველა ამ წინასწარმეტყველებას მომავალ მესიაზე წმიდა მატათა უკვე აღსრულებულად განუმარტავდა იუდეველებს, რამეთუ ეს აღთქმული მესია – ცხებული მხსნელი – უფალი ჩვენი იესო ქრისტე არისო.
იმ დროს იუდეველთა პირველმღვდელმთავარი ანანია იყო – ქრისტეს მოძულე მისი სახელის მგმობი; იგი სასტიკად სდევნიდა პირველ ქრისტიანებს იერუსალიმში; სწორედ მან უბრძანა იუდეველებს იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოეგდოთ წმიდა მოციქული იაკობი – ხორციელად უფლის ძმა, რომელიც ქრისტიანთა პირველი ეპისკოპოსი იყო იერუსალიმში. და აი, როცა წმიდა მატათა გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა ქრისტეს – ღვთის ძეს, ურწმუნოებითა და გაბოროტებით დაბრმავებულმა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და იერუსალიმს ჩაიყვანეს ზემოხსენებულ პირველმღვდელმთავართან. ამ უკანასკნელმა სინედრიონი მოიწვია და მის სამსჯავროს წარუდგინა წმიდა მოციქული, თან კი შემდეგი მზაკვრული სიტყვებით მიმართა ამ ბოროტ საკრებულოს:
– მთელმა სამყარომაც და ამ პატიოსანმა საკრებულომაც უწყის, თუ რა კიცხევა დაიტეხა ჩვენმა ერმა, და ეს ჩვენი მიზეზით კი არ მოხდა, არამედ ზოგიერთთა – ჩვენგანვე გამოსულთა გარდაქცეულებით, და ასევე რომაელ განმგებელთა გაუმაძღარნი ანგარებით, რომელთა გამო ჩვენი ერი დიდად იტანჯებოდა; ხსენებაც კი არ მინდა ახალ მწვალებლობათა ამ შემომღებთა, რომელთაც ესოდენ მრავალი ადამიანი შეაცდინეს; თქვენ იცით, მათგან რამდენი დახოცეს რომაელთა მეომრებმა; ასე დაიღუპნენ მაცთურნიც და ცთუნებულნიც, რომელთაც შეარცხვინეს ჩვენი ტომი: მწვალებლობათა ამგვარივე შემომღებნი იყვნენ იუდა გალილეველიც და თევდა მოგვიც. მათი დაღუპვით სრულიად აღმოიფხვრა მათი ხსენებაც. მაგრამ ამ მწვალებელთა შორის ყველაზე ძლიერ ერესიარქად იესო ნაზარეველი წარმოსდგა: იგი საკუთარ თავს ღმერთის ძედ და ღმერთად ხმობდა, მრავალთ განაკვირვებდა თავისი ჯადოქრული ნიშებითა და სასწაულებით, თავისკენ იზიდავდა იუდეველთა გულებს და ქადაგებდა საღმრთო სჯულის გაუქმებას. ამისთვის სამართლიანად იქნა განსჯილი ჩვენი სჯულის თანახმად, რაომელსაც ჰგმობდა. რა უნდა ვთქვათ ამის გამო? განა ჩვენ არ ვუწყით, რომ სჯული თვით ღმერთმა მისცა მოსეს? რომ ამ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ პატრიარქები და წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იქნა ზე-აღტაცებული სამოთხედ? ვის არ სმენია, რომ ელისე წინასწარმეტყველის ძვლებზე დასვენებული მკვდარი უმალ განცოცხლდა? და ახლაც, ჩვენს დროში რამდენი სასწაული აღუსრულებიათ ღვთის სათნომყოფელებს – მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაკადნიერებულა იმ საქმედ, რაზეც იესო გაკადნიერდა, – საკუთარი თავისთვის ღმერთის პატივის მინიჭებად და ახალი სჯულის შემოღებად! ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველები თავმდაბლობით აღვსილნი ლაპრაკობდნენ, ის კი (იესო) ამპარტავნებით ამბობდა თავის საკუთარ გამონაგონს და ისეთ უგუნურებამდე მივიდა, რომ პირველმღვდელმთავართ და მმართველთ ყვედრებით კიცხავდა, ხოლო მწიგნობრებსა და ფარისევლებს პირმოთნეებს უწოდებდა! განა ამის მსგავსი რამ ჩაუდენია რომელიმე ჩვენს წინასწარმეტყველს?! და თავისი ამპარტავნების გამო იგიც შესაფერის აღსასრულს ეწია, როცა საკადრისი საზღაური მიიღო თავის საქმეთათვის. ოჰ, ნეტავ მისი ხსოვნაც მასთან ერთად დაღუპულიყო და განქარვებულიყო! და ნეტავ მისი სწავლაც მასთან ერთად მომკვდარიყო და აღარავის განეცოცხლებინა! განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ღვთის ტაძარი, წმიდა ქალაქი და ჩვენი მამების სჯული კვლავაც რომაელთა მონობაშია, და არავინ ჩანს არც თანამლმობი, და არც მხსნელი ამ მონობიდან. ჩვენ უსამართლოდ დაგვათრევენ რომაელთა სამსჯავროებზე, ჩვენ კი ვითმენთ! ჩვენ გვაცთუნებენ, ჩვენ კი მდუმარე თანხმობას ვაძლევთ! გვძარცვავენ და ყოველივეს გვართმევენ, ჩვენ კი ხმასაც არ ვიღებთ! და რაც ყველაზე მეტადაა სავალალო, – გალილეველნი რომაელთა ხელთ მიგვცემენ ჩვენ, როცა უსირცხვილოდ გვადანაშაულებენ ჩვენცა და ჩვენს ერს იესოს მოკვლაში, რომელიც თითქოს უდანაშაულო იყო!… ჯობს ეს მცირერიცხოვანი გალილეველნი წარწყმდენ, ვიდრე ის, რომ ეს წმიდა ადგილი და მთელი ერი წარიხოცოს რომაელთა ხელით. ორი ბოროტებისაგან ჯერ არს ავირჩიოთ ნაკლები ბოროტება – უფრო მოსათმენი და ასატანი. აი, ესეც, დღეს ჩვენს წინაშე რომ დგას, იესოს ერთ-ერთი მოწაფეა და სავსებით იმსახურებს სიკვდილს! მაგრამ, დაე, მანამდე თვითონვე განსაჯოს, – ჩვენ არ წავართმევთ მას დროს დაფიქრებისათვის, რამეთუ მისი დაღუპვა კი არა, გამოსწორება გვწადია, – და ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიოს: ან სჯულს მისდიოს და დაემრჩილოს, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მოგვცა, და ამგვარად შეინარჩუნოს სიცოცხლე, ანდა ქრისტიანად იწოდებოდეს კვლავაც და მოკვდეს ამისთვის!..
მღვდელმთავრის ამ სიტყვების პასუხად მატათამ ხელები ზეაღაპყრო და თქვა:
– ძმანო და კაცნო ისრაიტელნო! მე არ მსურს ბევრი ვილაპარაკო იმ ბრალდებაზე, რომელიც მე წამომიყენეთ, – ჩემთვის ქრისტიანად წოდება დანაშაული კი არა, დიდებაა! რამეთუ თვით უფალი გვეუბნება თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ უკანაკნელთა მათ დღეთა შინა „აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქვენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათვის გულისა თქვენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ, რამეთუ დაუტევეთ სახლი თქვენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქვენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, რომელი იკურთხოს ქვეყანასა ზედა“ (ესაია 65, 14-16).
ამაზე პირველმღვდელმთავარი ასე შეეპასუხა წმიდა მატათას:
– განა დანაშაული არ არის არაფრად აგდებდე წმიდა სჯულს, პატივს არ მიაგებდე შემოქმედ ღმერთს და ცარიელ, უსაგნო მონათხრობს ისმენდე ჯადოქრობაზე?!
– თუკი მომისმენთ, – მიუგო მატათამ. – მე აგიხსნით, რომ ჩვენს მიერ ქადაგებული მოძღვრება უსაგნო გამონაგონი და ჯადოქრობა კი არ არის, არამედ – თვით ჭეშმარიტებაა, ძველთაგანვე დამოწმებული-დადასტურებული საღმრთო სჯულით!
და როცა პირველმღვდელმთავარმა ამის ნება დართო, წმიდა მატათამ ბაგენი განახვნა და იესო ქრისტეს შესახებ ძველი აღთქმის წინა-სახეთა და წინასწარმეტყველებათა ახსნა-განმარტება დაიწყო: თუ როგორ მისცა ღმერთმა ჩვენს წინაპრებსა და მამამთავრებს – აბრაჰამს, ისააკსა და იაკობს აღთქმა მათი თესლისაგან აღედგინა ისეთი კაცი, რომლის მიერაც იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყნიერებისა, რის შესახებაც წმიდა დავითიც ლაპარაკობს თავის ფსალმუნში, მეფე და წინასწარმეტყველი: „იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა – საყდარი მისი! მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და ყოველნი თესლები ჰნატრიდეს მას“ (ფსალმ. 71, 17); თუ როგორ წარმოადგენდა ქრისტეს ხორციელ-ქმნას ყოვლადწმიდა ქალწულისაგან მაყვალი შეუწველი, რომელიც მოსეს ეჩვენა (გამოსვლ. 3, 2); თუ როგორ წინასწარმეტყველებდა იესოს შობას ქალწულისაგან ესაია: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვას და უწოდონ სახელი მიერი ემანუილ, ანუ ჩვენთან არს ღმერთი“ (ესაია 7, 14). იმაზედაც ეუბნებოდა წმიდა მატათა იუდეველებს, რომ მოსემაც სავსებით ცხადად წინასწარ მიუთხრა ისრაიტელთ ქრისტეს შესახებ, როცა ამბობდა: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ“ (II სჯული 18, 15); რომ მანვე წინასწარ მიანიშნა მაცხოვრის ნებაყოფლობით ვნებაზე, როცა სპილენძის გველი გამოაკიდებინა ძელზე, რის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „…ვითარცა ცხოვარი კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი წინაშე მრისსველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა“, და „…განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა“ (ესაია 53, 7, 12); რომ იონა წინასწარმეტყველიც, რომელიც სამი დღე იყო დანთქმული ვეშაპის სტომაქში და შემდეგ უვნებელი გამოვიდა მისგან, წინა-სახე იყო უფალ იესო ქრისტეს საფლავად სამდღიანი დებისა და შემდგომ მკვდრეთით აღდგომისა.
ძველი აღთქმის წიგნებიდან ამ ვრცელმა ახსნა-განმარტებამ, რითაც საცნაური ხდებოდა, რომ მათში საუბარი იყო სწორედ იესო ქრისტეზე, დიდად განარისხა პირველმღვდელმთავარი ანანია, ისე, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა და რისხვით შესძახა წმიდა მატათას:
– როგორ ბედავ სჯულის ხელყოფას?! განა არ უწყი საღმრთო წერილის სიტყვები, რომ „უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყველი, ანუ ჩვენების მხილველი, და აჩვენოს რაიმე სასწაული საცთურებისა თქვენ შორის და თქვს: მოვედით და მივიდეთ ჩვენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქვენ არა იცოდეთ, და თქვას: ვმსახურებდეთ მას, – ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყველისათა…, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქვენ უფალი ღმერთი თქვენი… და წინასწარმეტყველი იგი, გინა ჩვენების მხილველი იგი სიკვდილით მოკუედინ!“-ო?!
წმიდა მატათამ მიუგო:
ის, ვის შესახებაც მე ვლაპარაკობ, მხოლოდ წინასწამეტყველი კი არ არის, არამედ ყოველთა წინასწარმეტყველთა უფალიცაა, რამეთუ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა, რაზეც ცხადად მეტყველებენ და მოწმობენ მის მიერ აღსრულებული დიდ-დიდი სასწაულები. ამიტომაც მწამს იგი და იმედი მაქვს შეურყეველი დავრჩები მისი ყოვლადწმიდა სახელის აღიარებაში!
– დრო რომ მოგცენ დაფიქრებისათვის და გონს მოსასვლელად, – ჰკითხა მღვდელმთავარმა ანანიამ. – თუ მოინანიებ შენს შეცოდებას?
– ნუ იყოფინ, რომ მე ჭეშმარიტებას განვუდგე! – მტკიცედ მიუგო წმიდა მოციქულმა. – რამეთუ ღვთის მადლით უკვე შემიძენია ჭეშმარიტება და არაფრისთვის არ დავთმობ მას! მე მთელი გულით მწამს და განცხადებულად ვაღიარებ, რომ თქვენს მიერ უარყოფილი და სიკდილად მიცემული იესო ნაზარეველი არის ძე ღმრთისა, ერთარსი და თანად საუკუნო მამისა, მე კი მონა ვარ მისი!..
მაშინ პირველმღვდელმთავარმა ყურნი დაიცო თითებით და კბილთაღრჭენით იწყო ყვირილი:
– ჰგმობს ესე! გმობს ღმერთს! დაე, მოისმინოს სჯული!
უმალვე გადაშალეს სჯულის წიგნი და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წაიკითხეს ის ადგილი, სადაც ნათქვამია:
„კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაი მოიღო მან; რომელმან სახელ-სდვას (დაგმოს) სახელსა უფლისასა, აგრეთცე სიკვდილით მოკუედინ, ქვითა განტვინენ იგი ყოველმან კრებულმან“ (ლევიტ. 24, 15-17)! დაე, ნუ დაინდობს მას თვალი თქვენი, და ამით წარხოცავთ ბოროტებას ისრაელის საქმეთაგან!
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მღვდელმთავარმა ანანიამ წმიდა მოციქულ მატათას მიმართა და უთხრა:
– შენი სიტყვები შენს წინააღმდეგ მოწმოებენ! სისხლმა შენმა გიზღვიოს თავი შენი!
და ქვით განტვინვა – ჩაქოლვა მიუსაჯა წმიდა მატათას, რომელიც დაუყოვნებლივ წაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. როცა ბელთლასკილად წოდებულ ადგილას მივიდნენ, რაც ებრაულად „ჩაქოლილთა სახლს“ ნიშნავს, წმიდა მატათამ ასე უთხრა იქ მყოფ იუდეველებს:
– ორგულნო და პირმოთნენო! სამართლიანად უთქვამს თქვენი მსგავსი ადამიანების შესახებ წმიდა დავით წინასწარმეტყველს: მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენო.
ქრისტეს მოციქულის ამ სიტყვების შემდეგ, ორმა მოწმემ იუდეველთაგან, – როგორც ამას სჯული მოითხოვდა, – ხელები დასდვეს მას თავზე და მოწმობდნენ, რომ მატთამ დაგმო ღმერთი, სჯული და მოსე; მათვე ესროლეს წმიდა მოციქულს პირველი ქვები, ამასთან, მატათამ სთხოვა თავის მკვლელთ, ეს ორი პირველი ქვა ჩემს სხეულთან ერთად დაკრძალეთო, როგორც მოწმენი და დამადასტურებელნი ჩემი ვნებისა ქრისტესთვისო. შემდეგ სხვებმაც იწყეს მისი ჩაქოლვა და სეტყვასავით წამოსული ქვების ქვეშ წმიდა მოციქულმა ხელნი ზე-აღაპყრო და ასე მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. უსჯულო იუდეველებმა კი ამ სატანჯველს აბუჩად აგდებაც მიუმატეს: მოწამის უკვე აღსრულების შემდეგ, რომაელთა საამებლად, მათ მახვილით მოჰკვეთეს თავი მატათას, რაც რომაულ ჩვეულებას შეესაბამებოდა – თითქოსდა ქრისტეს ეს წმიდა მოციქული კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყოს!…
აი, ასე მოწამეობრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება და კეთილი მოღვაწეობა უფლის ამ წმიდა მოციქულმა – მატათამ (ეს მოხდა დაახ. 63 წელს). ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი, წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა. თუმცა ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე, და მატათაც, შესაძლოა, ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.
წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.
ღირსი ფსოე მეგვიპტელი (IV)
წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვანი (+730)
წმიდა მოწამე ანტონი ალექსანდრიელი
ფერისცვალება
წინარე ამბავი:
ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ამბავში მოწაფეები რამოდენიმე უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, რომელთაგან მათთვის ყველაზე ძნელად მისაღები და დაუჯერებელი ის იყო, რაც მათ თვით მაცხოვარმა აუწყა: იესო „უნდა წასულიყო იერუსალემს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს“ (მათ. 16:21), მით უმეტეს, რომ ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო რაც პეტრემ მამა ღმერთის ნებით, შეიცნო და აღიარა იესო: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“ (მათ. 16:16). ეს არის უდიდესი აღიარება – პეტრემ ადამიანში ღმერთი შეიცნო! ანუ მოხდა ის, რისთვისაც უფალმა ხორცნი შეისხნა.
ამ მოვლენის შემდეგ უფლის პირველ აღმსარებელ პეტრეს ესო ქრისტემ კონკრეტული ფუნქცია მიანიჭა და აკურთხა: „შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ (მათ. 16:18–19). ამ მომენტიდან, როგორც პეტრე, ისე სხვა მოციქულები მოახლოვებულ ცათა სასუფეველთან უშუალოდ არიან დაკავშირებულნი და სწორედ აქედან იღებს დასაბამს მოციქულთა დამოუკიდებელი ქრისტიანული მოღვაწეობა.
მოციქულთა შორის ღვთის შემეცნების საქმეში, თითქოს პეტრე დაწინაურდა, მაგრამ როგორც ახალფეხადგმულმა ჩვილმა, პირველმა მანვე წაიბორძიკა: „შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!“ (მათ. 16:22) – ასე სთხოვდა პეტრე იესოს ჯვარცმას განრიდებოდა. პეტრე თავიდან ვერ მიხვდა, რომ მას შემდეგ რაც იესოში უფლი დაინახა, მხოლოდ გულითადი სიყვარულით მოქმედება აღარ იყო საკმარისი (1 მეფ. 13:14), აღარც უფლის მხოლოდ გონებით (3 მეფ. 3:9), ანდა მხოლოდ სულით შეყვარება აღარ კმაროდა (3 მეფ. 19:13). პეტრესთვის განკაცებული უფლის შემეცნების ეტაპი დასრულდა. მისთვის დაიწყო ახალი, ქრისტიანული ცხოვრება, რომლის დროსაც მორწმუნე უფლით უნდა აღივსოს და ღვთის ნება საკუთართან გააიგივეოს.
მეორე მხრივ, დადგა დრო, როდესაც უფალი აღმსარებლისგან არა მხოლოდ რჯულს, არამედ ღმერთის საქმეზე ფიქრს, იესო ქრისტესთან შეგნებულ თანაქმედებას, მისი ნების უყოყმანოდ მიღებას და აღსრულებას ელის. ვინც სხვაგვარად იღწვის, უფალი მის მიმართ ბრძანებს: „გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმრთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას“ (მათ. 16:23). ასეთი იყო პეტრეს პირველი მწარე გაკვეთილი, რომელიც მან თავის ახალ მისიასთან ერთად იმის გამო მიიღო, რომ ჯვარცმაში და ქრისტეს სიკვდილში მხოლოდ იუდეველთა მიერ განხორციელებული უსამართლობა დაინახა და კაცთათვის გაღებული ღვთაებრივი მსხვერპლი ვერ განჭვრიტა. დასაწყისში პეტრე ვერ შეწვდა მაცხოვრის ჯვარცმის ჭეშმარიტ შინაარსს, ანდა ვის შეეძლო შეეცნო ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა – სიკვდილის სიკვდილით დამთრგუნველ ერთადერთ საშუალებად.
მაცხოვრის მიერ პეტრეს მიმართ ნათქვამმა არ უნდა აღძრას ანალოგია ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ სატანისადმი წარმოთქმულ ქრისტეს სიტყვებთან: „გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათ. 4:10): ერთ შემთხვევაში ლაპარაკია სატანის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართული ცთუნებების მცდელობაზე, ხოლო მეორეში, ადამიანურ შეცდომაზე. პეტრეს შეცდომა ხალხში დამკვიდრებული ტრადიციებით და უფლის მიმართ დიდი სიყვარულით იყო ნაკარნახევი. წმინდა პეტრე თავისი მარცხით მუდამ ჩვენს შეცდომებზე მიგვითითებს და გვასწავლის, რომ ჩვენი რწმენა დაშვებული შეცდომების გამო არ უნდა ფერხდებოდას. და დაცემას, ყოველთვის უნდა მოჰყვეს წამოდგომა.
სუფევა, პატივი, ძალი და დიდება იესოსი
ფერისცვალება განხორციელდა მაცხოვრის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს პერიოდში. აქტიური ქადაგებისა და მრავალთა განკურნების შემდეგ, ცხარდებოდა კამათი იესოს ბუნების, პიროვნებისა და მისიის შესახებ. რელიგიური ჯგუფების მმართველთ შორის, იზრდებოდა არაკეთილმოსურნეთა რიცხვი, ამავე დროს, უფალი სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენდა. ხალხის დიდი ნაწილი თითქოს მზად იყო რათა მაცხოვარი იერუსალიმში ეხილათ.
ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, მწიგნობრები საერთო ძალებით ცდილობდნენ მოსახლეობის უფლისაგან ჩამოშორებას და გარკვეული თვალსაზრისით ამას კიდეც აღწევდნენ: ებრაელი ხალხი მესიას ძლიერი მეფის სახით ელოდა, უფალი კი თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებდა; იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესიის მოსვლის შემდეგ წარმართი ხალხები მათ დაემორჩილებოდნენ, იესოს ქადაგებიდან კი გამოდიოდა, რომ სასუფეველში წარმართებსა და იუდეველებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ; ებრაელები იმედოვნებდნენ, რომ მათი კანონები მთელს ქვეყანაზე გავრცელდებოდა და ყველა ხალხებისათვის აუცილებელი გახდებოდა, ამავე დროს მღვდელმთავრებმა ჩათვალეს, რომ მაცხოვარი ამ კანონებს აუქმებდა; და ბოლოს, ხალხი ემზადებოდა დიდი ცვლილებებისა და სახელმწიფო გადატრიალებებისათვის, ზეციური ნიშნებისა და სასწაულებისათვის, მაცხოვარი კი ქადაგებდა: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა სააშკრაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იყო; ვინაიდან აჰა, ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“ (ლუკ. 17:20–21).
ამრიგად, მეტად არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა სასუფევლის მოლოდინი, და ეს პროცესი დღეისათვისაც აქტუალურია. როგორც დავინახავთ მასში გარკვევას წინ უნდა უსწრებდეს პიროვნებაში ფერისცვალების განხორციელების არსში გარკვევა.
პეტრეს აღსარებიდან ფერისცვალებამდე, მათე და მარკოზი ექვს დღეს ითვლიან, ხოლო ლუკა რვა დღეს მიითვლის. რა ხდებოდა ამ შუალედში? ამაზე სახარება პირდაპირ არაფერს გვეუბნება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დღეების დაწყების წინ მაცხოვარმა პირველად განაცხადა თავისი წამებისა და ჯვარცმის შესახებ, ხოლო ამ განცხადებიდან დაახლოვებით ერთი კვირის შემდეგ, ფერისცვალება განხორციელდა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დრო, რომელიც თაბორისა და გოლგოთას მთაზე მოსალოდნელი მოვლენების გააზრებას დაეთმო. სწორედ ამ დღეებში მიმდინარე დაძაბული სწავლების დამაგვირგვინებლად გვესახება მაცხოვრის სიტყვები: „ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას“ (მათ. 16:24–25).
და კიდევ, უფალი ბრძანებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით“ (მარკ. 9:1).
ჯვარცმამდე ფერისცვალების აღსრულებით მოციქულები მიგვანიშნებენ: მათესაგან ვგებულობთ, რომ ფერისცვალება არის ძე კაცისას დიდებით სუფევა (მათ. 16:28), ამასვე ვკითხულობთ პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში: „ვინაიდან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება“ (2 პეტრ. 1:17); მარკოზის ვერსიაში ვკითხულობთ, მომავალს ძალმოსილებით (მარკ. 9:1), იგივეს ვკითხულობთ წმიდა პეტრესთან: და გაუწყეთ „უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა“ (2 პეტრ. 1:16).
ერთი სიტყვით, მოციქულები ფერისცვალებას გაგვიმარტავენ, როგორც უფლის მობრძანებას ცათა სასუფეველში და მის სუფევას ძალით, დიდებითა და პატივით, ანუ ფერისცვალებაში ჩვენ მაცხოვრის მეორედ მოსვლის პირველსახეს ვხედავთ.
თაბორის მთაზე ამაღლება პეტრესი, იაკობისა და იოანესი
„აქ მყოფთაგან“– ში უფალმა იგულისხმა სამი მოწაფე: „წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით“ (მათ. 17:1).
ვინც აიყვანა თაბორის მთაზე, – ბრძანებს წმიდა ეფრემ ასური – მათ უნდა ენახათ თუ როგორი იქნება იესო ქრისტე ადამიანურ სხეულში და თავის საუფლო დიდებაში მეორეთ მოსვლის ჟამს. აიყვანა მთაზე კიდევ იმიტომ, რომ უწინარეს როდესაც ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე, ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ–ერთი წინასწარმტყველი“ (მათ. 16:13–14), მთაზე კი მოწაფეებს უნდა ენახათ რომ იესო ელია კი არ არის, იესო ელიას უფალია; რომ იესო იერემია კი არ არის, იესო არის ის, ვინც იერემია დედის საშოში აკურთხა; და იესო რომელიმე წინასწარმეტყველი კი არ არის, იესო ღმერთია, რომელმაც წინასწარმეტყველები ხალხთან გამოაგზავნა.
მოწაფეებს უნდა გაეგოთ, რომ იესო ქრისტემ შექმნა ცა და ქვეყანა, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მიცვალებულთა; და რომ მან, ამ შეხვედრისათვის ზეციდან გამოიხმო ელია და მკვდრეთით აღადგინა მოსე.
აიყვანა მოწაფეები იესომ მთაზე და უჩვენა თავისი სასუფეველი, რადგან მას ჯვარცმა ელოდა და მოწაფეებს უნდა სცოდნოდათ, რომ იესო ჯვარს ეცვა არა უძლურების გამო, არამედ საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად. (შეადარე. Четвероевангелия, М. Барсова. М. Изд., Лепта, 2002, стр. 57-58).
„მაღალ მთაზე აიყვანა – გვასწავლის თეოფილაქტე ბულგარელი – რადგან გვიჩვენა, ვინც ყოფაზე არ ამაღლდება არ არის ღირსი ასეთი საუფლო სახილველისა“. (Благовестник, Матф. 17:1–2).
ამრიგად, ღირსი თეოფილაქტე გვამცნობს, რომ ფერისცვალების ხილვა სასუფევლის ხილვაა, რასაც მხილველის ამაღლება ესაჭიროება.
ძე კაცისა. ლოცვა, დიდება და ფერისცვალება
იესო თავის სამ მოწაფესთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე (წმინდა წერილში მთა არა ერთხელ წარმოგვიდგება, როგორც უფალთან შეხვედრის ადგილი, მაგ.: იეზ. 40:2; გამოცხ. 21:10 და სხვა მრავალი).
როგორც წმიდა ლუკა ბრძანებს: იესო „სალოცავად ავიდა მთაზე“ (ლუკ. 9:28). ეს იმდენად ძლიერი ლოცვა იყო, რომ შექმნილი განცდის გამო „პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებული იყვნენ ძილით“ (ლუკ. 9:32). ამ გეთსამანიის ბაღის მსგავს ლოცვით აღსავსე გარემოში (მათ. 26:43; მარკ. 14:40), მოწაფეებმა აიძულეს საკუთარი თავი, დაძლიეს ძილი და შეძლეს ეხილათ სახილველი, რამეთუ ნათქვამია „იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას“ (მათ. 11:12). ეს ფრაგმენტი გასაგებს ხდის თუ რატომ არ ახლდნენ იესოს სხვა მიწაფეებიც და რატომ იხილა მხოლოდ ამ სამმა მოწაფემ იესოს დიდება „და მასთან მდგომარე ორი კაცი“ (ლუკ. 9:32).
მოწაფეების თვალწინ იესომ ლოცვის დროს ფერი იცვალა და დიდებით შეიმოსა. ერთი მხრივ, მოწაფეები ხედავდნენ, თუ რა ძალა აქვს სრულ ლოცვას, ხოლო მეორე მხრივ, მათ დაინახეს – ლოცულობს ძე კაცისა და ამ ფერისცვალებაში, მათ თვალწინ, ადამიანის შესაძლებლობები და დიდება აისახა. ადამიანმა „იცვალა მათ წინაშე ფერი, და მზესავით განბრწყინდა მისი სახე, და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი“ (მათ. 17:2).
ადამიანის სახის გაბრწყინება გამოსვლის წიგნშიც არის აღწერილი, მაგრამ მაშინ, ეს მოსეზე ღვთის დიდების გადმოსვლის გამო მოხდა (გამ. 34:29). იესოს შემთხვევაში კი, ფერისცვალება შიგნიდან მომდინარეობდა. ლოცვის დროს ძე კაცისაში სულიწმიდა შებრძანდა და განათდა არა მხოლოდ იესოს სახე და სხეული, არამედ განათდა და ფერი იცვალა მისმა სამოსმაც. ეს შეძლო მხოლოდ ადამიანმა, რადგან იესომ „დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და მსგავს კაცთა იქმნა “ (ფილ. 2:7).
ფერისცვალება და ის დიდება რაც მას თან ახლდა იყო ჭეშმარიტი, გულმხურვალე ლოცვის გამოძახილი და პასუხი იესოს უცოდველობისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო სრული ადამიანია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ თაბოროს მთაზე მამა ღმერთმა უცვალა ფერი ძე ღმერთს, სცდება უცილოდ. ფერისცვალება მოხდა თვით იესოში – ადამიანში.
სრული ადამიანისა და სრული ღმერთის ძალა და დიდება
ამავე დროს თაბორის მთაზე, იესო – სრული ადამიანი – სრულად გაცხადდა თავისი ჰიპოსტასში, როგორც სრული ღმერთი, ურთიერთშეურევნელად და ურთიერთგანუყოფელად მეორე პირი სამებისა, რომელიც ინარჩუნებს თავის ღვთაებრივ ბუნებას, რაც ამავე დროს, უდაოდ გულისხმობს, რომ: „ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად,თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსადვე იქმს“ (იოან. 5:19).
შესაბამისად, ქრისტიანს უნდა შესწევდეს უნარი იხილოს რასა იქმს ქრისტე – სრული ღმერთი და სული წმიდის მადლით თვითონაც იმას იქმოდეს და რადგან მამა და ძე ქმედებაში ერთნი არიან, ამით ქრისტიანი იმასა იქმს, რასაცა მამა. ამ შესაძლებლობის ამსახველი ფერისცვალების სახილველად მოამზადა უფალმა თავისი მოწაფეები, რადგან ასეთი ფერისცვალების გარეშე ადამიანის უფალთან მიახლოვება შეუძლებელია. შემდგომ ეს ჭეშმარეტება იქადაგეს მოციქულებმა, როგორც იუდეველთათვის, ისე წარმართთათვის, ამ ჭეშმარიტებასვე ქადაგებს დღეს ეკლესია.
გარდა იმისა, რომ მოწაფეებმა შეძლეს ეხილათ როგორ იცვალა ფერი იესომ, მათ დაინახეს იესოსთან მოსაუბრე დიდებით მოსილი ორი მამაკაცი (ლუკ. 9:31). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოწაფეები შესაბამის სულიერ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, შეძლეს ეხილათ „სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 9:1; ლუკ. 9:27) და ძე კაცისა, მომავალი თავის სუფეველში (მათ. 16:28).
სასუფეველში მოწაფეებმა ამოიცნეს მოსე – სახე ძველი აღთქმის სჯულისა, და ელია წინასწარმეტყველი, რომელიც არის სახე აღსრულებულ და ჯერ კიდევ აღუსრულებელ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. მოსე და ელია იმისათვის გახდნენ ხილულები – თავის კომენტარში გვასწავლის ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი – რათა მიწაფეებს ეხილათ იესო, როგორც უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, მიცვალებულებისა და ცოცხალებისა.
იესო, მოსე და ელია – საუბარი იესოს განსვლაზე და სამყაროს გასრულებაზე
მოსესა და ელიას წინაშე იდგა თვითონ იესო ქრისტე და ეს ნიშნავს სჯულს, გზასა და სასუფეველს ანუ საქმის სისრულეს. დარჩენილი იყო ერთი უმძიმესი ნაბიჯი „და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია, დიდებით მოვლენილნი და მისი გასვლისათვის ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალემს“ (ლუკ. 9:31), და რომელიც ძეს ჯვარცმით უნდა დაესრულებინა. დასაწყისში, განსვლის საპირისპიროდ, წინასწარ ქადაგებდა „იოანე ნათლისღებას სინანულისას მთელი ხალხის მიმართ “ (საქ. 13:24). ამ ორი მუხლის შეჯერება გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ განსვლაში ნაგულისხმებია არა მხოლოდ იესოს ჯვარცმა, ანუ მისი მიწიერი ცხოვრების დასრულება, რის შესახებაც უფალმა, აუწყა პეტრეს: (2 პეტ. 1:15), არამედ აღდგომაც და ცათა სასუფეველში, მამა ღმერთთან ამაღლებაც: (იოან. 16:28), კვლავდაბრუნებაც და ცოცხალთა და მკვდართა დიდებით განსჯაც. თვითონ ის ფაქტი რომ საუბრში მოსე, ელია და უფალი იესო ქრისტე მონაწილეობს, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე ეხებოდა სრულ შესაქმეს. რადგან იესო არის აღსრულება რჯულისა და წინასწარმეტყველებისა და ფსალმუნისა (ლუკ. 24:44).
ახლა კი, ამ სინამდვილეში – როგორც კვლავაც წმიდა ეფრემ ასური გვიბრძანებს – ეს მთაზე ასვლა უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო. ხარობდნენ იესოს ადამიანური ბუნების შემხედვარე მოსე და ელია, რადგან აქამდე ისინი იესოს მხოლოდ როგორც უფალს სცნობდნენ, ხარობდნენ მოციქულები, რადგან პირველად იხილეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. და დიდი იყო ძველი და ახალი აღთქმის წინამძღოლთა და მასწავლებელთა სიხარული და ბედნიერება. (Четвероевангелия, М. Барсова. М. Изд., Лепта, 2002, стр. 57-58).
და პეტრე, კვლავაც გვასწავლის
უცნაური, მიუწვდომელი ბედნიერების შეგრძნების მიუხედავათ, სახილველს მოციქულები სრული დუმილითა და სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს. ბოლოს მაინც პეტრემ, შეუცნობელი აღფრთოვანება შემდეგნაირად გამოხატა: „უფალო! რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებეთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს, და ერთსაც ელიას“ (მათ. 17:4). უმჯობესია აღარ დავბრუნდეთ იმ მუქარით, ბოროტებითა და სიმუხთლით აღსავსე ქვეყანაში – ფიქრობდა პეტრე. (შეადარე Арх. Аверкий, „Четвероевангелие“. М., 2002. стр. 172). ლუკა პეტრეს ამ ნათქვამს ასეთ კომენტარს უკეთებს: „რადგან არ იცოდა რას ამბობდა“ (ლუკ. 9:33).
ღირსი თეოფილაქტე ხაზს უსვავს, რომ ამ ურთულეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში პეტრემ ქრისტიანული სიყვარული და მორჩილება გამოავლინა. მან ასე მიმართა იესოს: „უფალო… თუ გნებავს“. ის, რომ ასეთი მიმართვა ქრისტიანისათვის სიმდაბლის, სიმშვიდისა და სასოების მაგალითია, ზეთის ხილის მთაზე, თვით იესოს მიერ მამა ღმერთის მიმართ წარმოთქმული სიტყვებითაც დასტურდება: „მამაო, თუ გნებავს ამაცილე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკ. 22:42). ამავე დროს, როგორცა სჩანს, ეს პეტრეს მიერ ჩვენი სწავლებისათვის დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა იყო, რადგან:
- ფერისცვალება ქრისტიანისათვის ზეიმია, მაგრამ ამავე დროს ზღვარია ძველ და ახალ ტრადიციებს შორის, პეტრე, ჯერ კიდევ ებრაული, ტრადიციების და ამჯერად კარვობის დღესასწაულის (ლევ. 23:34–36, 39–43; რიცხ. 29:12–34; რჯლ. 16:13–17) გავლენას განიცდიდა. ეს დღესასწაული იუდეველთა როგორც წარსულის, ისე მომავლის სიმშვიდისა და მყუდროების სიმბოლოს წარმოადგენს;
- როგორცა ჩანს, პეტრემ მიიჩნია, რომ ეს არის იესო ქრისტეს დიდების დრო. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მან კვლავ ვერ შეაფასა მაცხოვრის ჯვარცმის მნიშვნელობა (შეად. მათ. 16:22). სახარება გვასწავლის – არ არის დიდება ახალი აღთქმისა ჯვარის გარეშე;
- და ბოლოს, პეტრემ იესო ქრისტე მოსეს და ელიას გაუთანაბრა, რადგან სამივესათვის კარავი მიიჩნია საჭიროთ. ნათქვამია: „აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!“ (მარკ. 12:29).
ჩვენება წმიდისა სამებისა და ხმა ღრუბლით გამო
როდესაც პეტრე უფალს კარვების აგებას სთავაზობდა, „სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი“ (მათ. 17:5), როგორც ტექსტიდან ჩანს ეს არაჩვეულებრივი, საიდუმლო ნათლით აღსავსე ღრუბელი, უცბათ გაჩნდა და უცბათვე გაიფანტა.
უფლის გამოცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღრუბელს (გამ. 13:22; 16:10; 24:16; 40:34–38). საინტერესოა ისიც, რომ სინას მთაზეც, უფლის გამოცხადებას ღრუბელში ვხედავთ (გამ.19:16–19; 24:15–18). უფრო სწორად, უფალი ღრუბლით არის დაფარული – მოცული. მაგრამ თუ ძველ აღთქმაში, ხალხი მხოლოდ შორიდან უცქერდა ღრუბელს, აქ, ამ ეპიზოდში „ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი“ (მათ. 17:5).
ამის შემდეგ, ღრუბელი თითქოს შეეხო მოწაფეებს: „და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას და გაისმა ხმა ღრუბლით,რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას“ (ლუკ. 9:34–35). სიტყვებით, „ეს არის ძე ჩემი…“ მამა ღმერთი თითქოს ეხმაურება პეტრეს შეცდომას.
ეს ღრუბელი არის ნათელი და არა დაბურული, როგორც ძველ აღთქმაში; რადგან იგი მსწავლელია და არა შიშის მომგვრელი. ხმა ისმის ღრუბლიდან და ეს ხმა არის ღმერთის და არა მოსესი ან ელიასი – განგვიმარტავს ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი.
გამოსვლის 24–ე თავიდან მოყოლებული, ზეციდან შესმენილი უფლის სიტყვის საფუძველზე, ჯერ რჯულის წიგნები იწერებოდა, შემდეგ კი ქრისტეს შესახებ გაისმოდა: „ძე ხარ ჩემი“ (ფსალ. 2:7). იგივეს ბრძანებს უფალი ნათლისღების დროს „ეს არს ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“ (მათ. 3:17), „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი“ (მარკ. 1:11, ლუკ. 3:22). ფერისცვალების დროს კი პირველად გაისმა მოსეს, ელიას, მოციქულებისა და ყველას გასაგონად უფლის მიერ წარმოთქმული მოწოდება „უსმინეთ მას“: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი უსმინეთ მას“ (ლუკ. 9:35, მარკ. 9:7); „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე. მას უსმინეთ“ (მათ. 17:5).
ამით ნათქვამია, რომ ყველა ეტაპი დასრულდა, კაცობრიობამ ყველა საფეხური გაიარა, დადგა ბოლო ჟამი და მხოლოდ იესო ქრისტეს მოსმენას შეუძლია ადამიანი აიყვანოს ცათა სასუფევულში.
იესო ქრისტემ პირველად მისცა საშუალება თავის მოწაფეებს ეხილათ უფლის დიდება. ეს იყო შეხვედრა სამებასთან: მამა ღმერთი – ხმა ღრუბელიდან, ძე ღმერთი – ძე კაცისას სახით და სული წმიდას ნათელით განათებული სასუფეველი. ძველ აღთქმაში მოსემ ვერ გაუძლო სახილველს „იმ წამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა“ (გამ. 34:8), ვერ გაუძლეს მოწაფეებმაც: „ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ თავზარდაცემულნი“ (მათ. 17:6). მაგრამ განსხვებით ძველი აღთქმისაგან მოწაფეებს მიუახლოვდა იესო „ხელი შეახო და უთხრა მათ: ადექით, ნუ გეშინიათ“ (მათ. 17:7). ისინი წამოდგნენ, ღრუბელი გაფანტული იყო, მოსე და ელია აღარსად სჩანდნენ, მათ წინ მხოლოდ იესო ქრისტე იდგა.
იესო ქრისტე წინასწარმეტყველებათა ერთადერთი შემსრულებელია, სრული სჯულის მატარებელია, ერთადერთი შუამავალია. ამრიგად, დღეს ცნობილია გზაც, მეგზურიც და სასუფეველიც.
იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობს და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს, სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი და ჩაესმას:
„ადექით და ნუ გეშინიათ“! ეს არის ფერისცვალება.
თბილისი 20.07.2008 როლანდ-რომილე ჩხეიძე