23.08.2024. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 

                                                                                                                                     1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული. 

პარასკევი. 23.08.2024. მარხვა 

მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონისა, ქსვისტე პაპისა, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, და რომანოზისა, რომაელთა (258); მოწამისა ელიანოსისა.

დღის ლოცვა 

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე
და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი – რომაელნი (+258)

კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი, და ვნებათა შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვერულსა ქრისტესსა. 

დღის საკითხავები 

1 კორ. 14: 26-40 (დას. 157). მთ. 21: 12 – 14.17-20 (დას. 83). 

1 კორ. 14: 26-40 

26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, – ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს. 27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს. 28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს. 29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ. 30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს. 31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს. 32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ. 33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში. 34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. 35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი. 36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? 37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა. 38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. 39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ. 40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.

მთ. 21: 12 – 14, 17-20 

12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. 13. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი. 

17. მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე. 18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; 19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. 20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. სიქსტე პაპი რომის ეკლესიის მესაჭედ წმიდა პაპის, სტეფანეს (+253-257 ხს. 2 აგვისტოს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იქნა დადგენილი. მალე სიქსტეც შეიპყრეს და თავის ორ დიაკონთან – ფელიკისიმესა და აღაპიტესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როცა მთავარდიაკონი ლავრენტი შეხვდა პაპს, რომელიც დილეგში მიჰყავდათ, შეჰღაღადა: „სად მიდიხარ, მეუფეო? მტოვებ შენს მთავარდიაკონს, ვისთან ერთადაც წირავდი უსისხლო მსხვერპლს?! წამიყვანე, რომ ქრისტესთვის სისხლის დათხევაშიც შენი თანაზიარი ვიყო!“ ნეტარმა სიქსტემ მიუგო: „კი არ გტოვებ, შვილო ჩემო, მოხუცი ვარ და იოლ სიკვდილზე მივდივარ. შენ უფრო ძლიერ დაიტანჯები. უწყოდე, ჩვენი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ თან გამომყვები. ახლა კი წადი, გაყიდე ეკლესიის განძეულობა და დევნილ და გლახაკ ქრისტიანებს დაუნაწილე“. წმიდანმა აღასრულა მღვდელმთავრის კურთხევა.
როცა ლავრენტიმ გაიგო, წმიდა პაპი დიაკვნებთან ერთად სამსჯავროზე წარადგინესო, მათკენ გაეშურა და სიქსტეს მიმართა: „მეუფეო, უკვე შევასრულე დავალება – შენი გადმოცემული განძი დავარიგე; არ დამტოვო!“ რაღაც განძის შესახებ რომ ესმათ, მეომრებმა დააკავეს ნეტარი, მარტვილებს კი თავები მოკვეთეს (+6 აგვისტო, 258 წ.). იმპერატორმა ლავრენტი საპყრობილეში გამოამწყვდია და მასზე თვალყურის დევნება ციხისთავ იპოლიტეს დაავალა. წმიდა მთავარდიაკონი ლოცვით კურნავდა მასთან შეკრებილ სნეულებს.
აღსრულებული სასწაულებით განცვიფრებულმა იპოლიტემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მთელ სახლეულთან ერთად ნათელიღო. მალე წმიდა ლავრენტი კვლავ წარადგინეს იმპერატორთან, რომელმაც გადამალული საუნჯის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა მისგან. ნეტარმა მიუგო: „თუ სამი დღის ვადას მომცემ, გაჩვენებ განძს“. ამ ხნის მანძილზე ლავრენტიმ თავი მოუყარა მხოლოდ ეკლესიის კმაყოფაზე მყოფ მრავალ დავრდომილსა და გლახაკს, მეფეს წარუდგინა ისინი და უთხრა: „აი ჭურჭლეულობა, რომელშიც განძია დაფლული. ყველა, ვინც ამ კეცისჭურებში დამარხავს თავის საუნჯეს, აღნადგინებითურთ მიიღებს მას ცათა სასუფეველში“.
ამის შემდეგ მტარვალებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს ქრისტეს ტარიგს, და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, საშინელი სატანჯველები დაატეხეს მას თავს: გვემდნენ ნემსებიანი წვრილი რკინის ჯაჭვებით – „ღრიანკალებით“, ჭრილობებს ცეცხლზე უწვავდნენ, კალის წკეპლებს ურტყამდნენ… მარტვილის წამების დროს უეცრად მხედარმა რომანოზმა წამოიძახა: „წმიდაო ლავრენტი, მე ვხედავ ჭაბუკს, რომელიც შენს სიახლოვეს დგას და წყლულებს გიწმენდს! შენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის, არ დამტოვო!“ ლავრენტი საწამებელი ძელიდან ჩამოხსნეს და საპყრობილეში ჩააბრუნეს, იპოლიტესთან. რომანოზმა საკანში სარწყულით წყალი მიუტანა ნეტარს და სთხოვა, მოენათლა. წმიდა საიდუმლოს აღსრულებისთანავე ქრისტეს ახალშევედრებულ ცხოვარს თავი მოჰკვეთეს (9 აგვისტო). როცა ლავრენტი უკანასკნელად გაჰყავდათ საწამებლად, იპოლიტეს სურდა, გაეცხადებინა თავისი სარწმუნოება და მასთან ერთად მომკვდარიყო, მაგრამ წმიდა აღმსარებელმა დაუშალა: „შენი აღმსარებლობა ჯერ გულში დაიმარხე. სულ მალე მე მოგიხმობ, შენც ყურად-იღებ და მოხვალ ჩემთან. ჩემს გამო კი ნუ ტირი – გიჯობს, ხარობდე: ბრწყინვალე მოწამეობრივი გვირგვინით შესამკობად მივდივარ“. მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: „ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!“ შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა, ხმა-ჰყო: „გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ შენს ბჭეთა შორის განსვლისა“, და აღესრულა.
ღამით წმიდა იპოლიტემ წაასვენა წმიდა ცხედარი, სურნელოვანი ნელსაცხებლებით გაპოხილ ტილოებში შეგრაგნა და ამის შესახებ ხუცეს იუსტინეს აუწყა. ქვრივი კვირიკიას სახლში უფლის სათნომყოფლის ნაწილებზე ღამისთევის ლოცვები და საღვთო ლიტურგია აღასრულეს. იქ მყოფი ყველა ქრისტიანი ეზიარა წმიდა საიდუმლოს, შემდეგ კი, 258 წლის 10 აგვისტოს, წმიდანის პატიოსანი ცხედარი მღვიმეში დაფლეს. წმიდა იპოლიტე და სხვა აღმსარებლები წმიდა ლავრენტის მიცვალებიდან სამი დღის შემდეგ (13 აგვისტოს) ეწამნენ, რაც ადრევე უწინასწარმეტყველა მათ ნეტარმა მთავარდიაკონმა. 

ფერისცვალება

 წინარე ამბავი:

ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ამბავში მოწაფეები რამოდენიმე უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, რომელთაგან მათთვის ყველაზე ძნელად მისაღები და დაუჯერებელი ის იყო, რაც მათ თვით მაცხოვარმა აუწყა: იესო „უნდა წასულიყო იერუსალემს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და  მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს“ (მათ. 16:21), მით უმეტეს, რომ ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო რაც პეტრემ მამა ღმერთის ნებით, შეიცნო და აღიარა იესო: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“ (მათ. 16:16). ეს არის უდიდესი აღიარება – პეტრემ ადამიანში ღმერთი შეიცნო! ანუ მოხდა ის, რისთვისაც უფალმა ხორცნი შეისხნა.

ამ მოვლენის შემდეგ უფლის პირველ აღმსარებელ პეტრეს ესო ქრისტემ  კონკრეტული  ფუნქცია მიანიჭა და აკურთხა: „შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და  ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ (მათ. 16:18–19). ამ მომენტიდან, როგორც პეტრე, ისე სხვა მოციქულები მოახლოვებულ ცათა სასუფეველთან უშუალოდ არიან დაკავშირებულნი და სწორედ აქედან იღებს დასაბამს მოციქულთა დამოუკიდებელი ქრისტიანული მოღვაწეობა.

მოციქულთა შორის ღვთის შემეცნების საქმეში,  თითქოს პეტრე დაწინაურდა, მაგრამ როგორც ახალფეხადგმულმა ჩვილმა, პირველმა მანვე წაიბორძიკა: „შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!“ (მათ. 16:22) – ასე სთხოვდა პეტრე იესოს ჯვარცმას განრიდებოდა. პეტრე თავიდან ვერ მიხვდა, რომ მას შემდეგ რაც იესოში უფლი დაინახა, მხოლოდ გულითადი სიყვარულით მოქმედება აღარ იყო საკმარისი (1 მეფ. 13:14), აღარც უფლის მხოლოდ გონებით (3 მეფ. 3:9), ანდა  მხოლოდ სულით შეყვარება აღარ კმაროდა (3 მეფ. 19:13). პეტრესთვის განკაცებული უფლის შემეცნების ეტაპი დასრულდა. მისთვის დაიწყო ახალი, ქრისტიანული ცხოვრება, რომლის დროსაც მორწმუნე უფლით უნდა აღივსოს და ღვთის ნება საკუთართან გააიგივეოს.

მეორე მხრივ, დადგა დრო, როდესაც უფალი აღმსარებლისგან არა მხოლოდ რჯულს, არამედ ღმერთის საქმეზე ფიქრს, იესო ქრისტესთან შეგნებულ თანაქმედებას, მისი ნების უყოყმანოდ მიღებას და აღსრულებას ელის. ვინც სხვაგვარად იღწვის, უფალი მის მიმართ ბრძანებს: „გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ!  რადგან ღმრთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას“ (მათ. 16:23). ასეთი იყო პეტრეს პირველი მწარე გაკვეთილი, რომელიც მან თავის ახალ მისიასთან ერთად იმის გამო მიიღო, რომ ჯვარცმაში და ქრისტეს სიკვდილში მხოლოდ იუდეველთა მიერ განხორციელებული უსამართლობა დაინახა და კაცთათვის გაღებული ღვთაებრივი მსხვერპლი ვერ განჭვრიტა. დასაწყისში პეტრე ვერ შეწვდა მაცხოვრის ჯვარცმის ჭეშმარიტ შინაარსს, ანდა ვის შეეძლო შეეცნო ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა – სიკვდილის სიკვდილით დამთრგუნველ ერთადერთ საშუალებად.

მაცხოვრის მიერ პეტრეს მიმართ ნათქვამმა არ უნდა აღძრას ანალოგია ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ სატანისადმი წარმოთქმულ ქრისტეს სიტყვებთან: „გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათ. 4:10): ერთ შემთხვევაში ლაპარაკია სატანის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართული ცთუნებების მცდელობაზე, ხოლო მეორეში, ადამიანურ შეცდომაზე. პეტრეს შეცდომა ხალხში დამკვიდრებული ტრადიციებით და უფლის მიმართ დიდი სიყვარულით იყო  ნაკარნახევი. წმინდა პეტრე თავისი მარცხით მუდამ ჩვენს შეცდომებზე მიგვითითებს და გვასწავლის, რომ ჩვენი რწმენა დაშვებული შეცდომების გამო არ უნდა ფერხდებოდას. და დაცემას, ყოველთვის უნდა მოჰყვეს წამოდგომა.

სუფევა, პატივი, ძალი და დიდება იესოსი

ფერისცვალება განხორციელდა მაცხოვრის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს პერიოდში. აქტიური ქადაგებისა და მრავალთა განკურნების შემდეგ, ცხარდებოდა კამათი იესოს ბუნების, პიროვნებისა და მისიის შესახებ. რელიგიური ჯგუფების მმართველთ შორის, იზრდებოდა არაკეთილმოსურნეთა რიცხვი, ამავე დროს,  უფალი სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენდა.  ხალხის დიდი ნაწილი თითქოს მზად იყო რათა მაცხოვარი იერუსალიმში ეხილათ.

ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, მწიგნობრები საერთო ძალებით ცდილობდნენ მოსახლეობის უფლისაგან ჩამოშორებას და გარკვეული თვალსაზრისით ამას კიდეც აღწევდნენ: ებრაელი ხალხი მესიას ძლიერი მეფის სახით ელოდა, უფალი კი თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებდა; იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესიის მოსვლის შემდეგ წარმართი ხალხები მათ დაემორჩილებოდნენ, იესოს ქადაგებიდან კი გამოდიოდა, რომ სასუფეველში  წარმართებსა და იუდეველებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ; ებრაელები იმედოვნებდნენ, რომ მათი კანონები მთელს ქვეყანაზე გავრცელდებოდა და ყველა ხალხებისათვის აუცილებელი გახდებოდა, ამავე დროს მღვდელმთავრებმა ჩათვალეს, რომ მაცხოვარი ამ კანონებს აუქმებდა;  და ბოლოს, ხალხი ემზადებოდა დიდი ცვლილებებისა და სახელმწიფო გადატრიალებებისათვის, ზეციური ნიშნებისა და სასწაულებისათვის, მაცხოვარი კი ქადაგებდა: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა სააშკრაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იყო; ვინაიდან აჰა, ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“ (ლუკ. 17:20–21).

ამრიგად, მეტად არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა სასუფევლის მოლოდინი, და ეს პროცესი დღეისათვისაც აქტუალურია.  როგორც დავინახავთ მასში   გარკვევას წინ უნდა უსწრებდეს პიროვნებაში ფერისცვალების განხორციელების არსში გარკვევა.

პეტრეს აღსარებიდან ფერისცვალებამდე, მათე და მარკოზი ექვს დღეს ითვლიან, ხოლო ლუკა რვა დღეს მიითვლის. რა ხდებოდა ამ შუალედში? ამაზე სახარება პირდაპირ არაფერს გვეუბნება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დღეების დაწყების წინ მაცხოვარმა  პირველად განაცხადა თავისი წამებისა და ჯვარცმის შესახებ, ხოლო ამ განცხადებიდან დაახლოვებით ერთი კვირის შემდეგ, ფერისცვალება განხორციელდა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დრო, რომელიც თაბორისა და გოლგოთას მთაზე მოსალოდნელი მოვლენების გააზრებას დაეთმო. სწორედ ამ დღეებში მიმდინარე დაძაბული სწავლების დამაგვირგვინებლად  გვესახება მაცხოვრის სიტყვები: „ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას“ (მათ. 16:24–25).

და კიდევ, უფალი ბრძანებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით“ (მარკ. 9:1).

ჯვარცმამდე ფერისცვალების აღსრულებით მოციქულები მიგვანიშნებენ: მათესაგან ვგებულობთ, რომ ფერისცვალება არის ძე კაცისას დიდებით სუფევა (მათ. 16:28), ამასვე ვკითხულობთ პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში: „ვინაიდან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება“ (2 პეტრ. 1:17); მარკოზის ვერსიაში ვკითხულობთ, მომავალს ძალმოსილებით (მარკ. 9:1), იგივეს ვკითხულობთ წმიდა პეტრესთან: და გაუწყეთ „უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა“ (2 პეტრ. 1:16).

ერთი სიტყვით, მოციქულები ფერისცვალებას გაგვიმარტავენ, როგორც  უფლის მობრძანებას ცათა სასუფეველში და მის სუფევას ძალით, დიდებითა და პატივით, ანუ ფერისცვალებაში   ჩვენ მაცხოვრის მეორედ მოსვლის პირველსახეს ვხედავთ.

თაბორის მთაზე ამაღლება პეტრესი, იაკობისა და იოანესი

„აქ მყოფთაგან“– ში უფალმა იგულისხმა სამი მოწაფე: „წაიყვანა იესომ პეტრე,  იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით“ (მათ. 17:1).

ვინც აიყვანა თაბორის მთაზე, – ბრძანებს წმიდა ეფრემ ასური – მათ უნდა ენახათ თუ როგორი იქნება იესო ქრისტე ადამიანურ სხეულში და თავის საუფლო დიდებაში მეორეთ მოსვლის ჟამს. აიყვანა მთაზე კიდევ იმიტომ, რომ უწინარეს როდესაც ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე, ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ–ერთი წინასწარმტყველი“ (მათ. 16:13–14), მთაზე კი მოწაფეებს უნდა ენახათ რომ იესო ელია კი არ არის, იესო ელიას უფალია; რომ იესო იერემია კი არ არის, იესო არის ის, ვინც იერემია დედის საშოში აკურთხა; და იესო რომელიმე წინასწარმეტყველი კი არ არის, იესო ღმერთია, რომელმაც  წინასწარმეტყველები ხალხთან გამოაგზავნა.

მოწაფეებს უნდა გაეგოთ, რომ იესო ქრისტემ შექმნა ცა და ქვეყანა, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მიცვალებულთა; და რომ მან, ამ შეხვედრისათვის ზეციდან გამოიხმო ელია და მკვდრეთით აღადგინა მოსე.

აიყვანა მოწაფეები იესომ მთაზე და უჩვენა თავისი სასუფეველი, რადგან მას ჯვარცმა ელოდა და მოწაფეებს უნდა სცოდნოდათ, რომ იესო ჯვარს ეცვა არა უძლურების გამო, არამედ საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად. (შეადარე. Четвероевангелия, М. Барсова. М. Изд., Лепта, 2002, стр. 57-58).

„მაღალ მთაზე აიყვანა – გვასწავლის თეოფილაქტე ბულგარელი – რადგან გვიჩვენა, ვინც ყოფაზე არ ამაღლდება არ არის ღირსი ასეთი საუფლო სახილველისა“. (Благовестник, Матф. 17:1–2).

ამრიგად, ღირსი თეოფილაქტე გვამცნობს, რომ ფერისცვალების ხილვა სასუფევლის ხილვაა, რასაც მხილველის ამაღლება ესაჭიროება.

ძე კაცისა. ლოცვა, დიდება და ფერისცვალება

იესო თავის სამ მოწაფესთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე (წმინდა წერილში მთა არა ერთხელ წარმოგვიდგება, როგორც უფალთან შეხვედრის ადგილი, მაგ.: იეზ. 40:2; გამოცხ. 21:10 და სხვა მრავალი).

როგორც წმიდა ლუკა ბრძანებს: იესო „სალოცავად ავიდა მთაზე“ (ლუკ. 9:28).  ეს  იმდენად ძლიერი ლოცვა იყო, რომ შექმნილი განცდის გამო „პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებული იყვნენ ძილით“ (ლუკ. 9:32). ამ გეთსამანიის ბაღის მსგავს ლოცვით აღსავსე გარემოში (მათ. 26:43; მარკ. 14:40), მოწაფეებმა აიძულეს საკუთარი თავი, დაძლიეს ძილი და შეძლეს ეხილათ სახილველი, რამეთუ ნათქვამია „იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე,  ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას“ (მათ. 11:12). ეს ფრაგმენტი გასაგებს ხდის თუ რატომ არ ახლდნენ იესოს სხვა მიწაფეებიც და რატომ იხილა  მხოლოდ ამ სამმა მოწაფემ იესოს დიდება „და მასთან მდგომარე ორი კაცი“ (ლუკ. 9:32).

მოწაფეების თვალწინ იესომ ლოცვის დროს ფერი იცვალა და დიდებით შეიმოსა. ერთი მხრივ, მოწაფეები ხედავდნენ, თუ რა ძალა აქვს სრულ ლოცვას, ხოლო მეორე მხრივ,  მათ დაინახეს – ლოცულობს ძე კაცისა და ამ ფერისცვალებაში, მათ თვალწინ, ადამიანის შესაძლებლობები და დიდება აისახა. ადამიანმა „იცვალა მათ წინაშე ფერი, და მზესავით განბრწყინდა მისი სახე, და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი“ (მათ. 17:2).

ადამიანის სახის გაბრწყინება გამოსვლის წიგნშიც არის აღწერილი, მაგრამ მაშინ, ეს  მოსეზე ღვთის დიდების გადმოსვლის გამო მოხდა (გამ. 34:29). იესოს შემთხვევაში კი, ფერისცვალება შიგნიდან მომდინარეობდა. ლოცვის დროს ძე კაცისაში სულიწმიდა შებრძანდა და განათდა არა მხოლოდ იესოს სახე და სხეული, არამედ განათდა და ფერი იცვალა მისმა სამოსმაც. ეს შეძლო მხოლოდ ადამიანმა, რადგან იესომ „დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა  და მსგავს კაცთა იქმნა “ (ფილ. 2:7).

ფერისცვალება და ის დიდება რაც მას თან ახლდა იყო ჭეშმარიტი, გულმხურვალე ლოცვის გამოძახილი და პასუხი იესოს უცოდველობისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო სრული ადამიანია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ თაბოროს მთაზე მამა ღმერთმა უცვალა ფერი ძე ღმერთს, სცდება უცილოდ. ფერისცვალება მოხდა თვით იესოში –  ადამიანში.

სრული ადამიანისა და სრული ღმერთის ძალა და დიდება

ამავე დროს თაბორის მთაზე, იესო – სრული ადამიანი – სრულად გაცხადდა თავისი ჰიპოსტასში, როგორც სრული ღმერთი, ურთიერთშეურევნელად და ურთიერთგანუყოფელად მეორე პირი სამებისა, რომელიც ინარჩუნებს თავის ღვთაებრივ ბუნებას, რაც ამავე დროს, უდაოდ გულისხმობს, რომ: „ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად,თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსადვე იქმს“ (იოან. 5:19).

შესაბამისად, ქრისტიანს უნდა შესწევდეს უნარი იხილოს რასა იქმს ქრისტე – სრული ღმერთი და სული წმიდის მადლით თვითონაც იმას იქმოდეს და რადგან მამა და ძე  ქმედებაში ერთნი არიან, ამით ქრისტიანი იმასა იქმს, რასაცა მამა. ამ შესაძლებლობის ამსახველი  ფერისცვალების სახილველად მოამზადა უფალმა თავისი მოწაფეები, რადგან ასეთი ფერისცვალების გარეშე ადამიანის უფალთან მიახლოვება შეუძლებელია. შემდგომ ეს ჭეშმარეტება იქადაგეს მოციქულებმა, როგორც იუდეველთათვის, ისე წარმართთათვის, ამ ჭეშმარიტებასვე ქადაგებს დღეს ეკლესია.

გარდა იმისა, რომ მოწაფეებმა შეძლეს ეხილათ როგორ იცვალა ფერი იესომ, მათ დაინახეს იესოსთან მოსაუბრე დიდებით მოსილი ორი მამაკაცი (ლუკ. 9:31). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოწაფეები შესაბამის სულიერ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, შეძლეს ეხილათ „სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 9:1; ლუკ. 9:27) და ძე კაცისა, მომავალი თავის სუფეველში (მათ. 16:28).

სასუფეველში მოწაფეებმა ამოიცნეს მოსე – სახე ძველი აღთქმის სჯულისა, და ელია წინასწარმეტყველი,  რომელიც არის სახე აღსრულებულ და ჯერ კიდევ აღუსრულებელ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. მოსე და ელია იმისათვის გახდნენ ხილულები – თავის კომენტარში გვასწავლის ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი – რათა მიწაფეებს ეხილათ იესო, როგორც უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, მიცვალებულებისა და ცოცხალებისა.

იესო, მოსე და ელია – საუბარი იესოს განსვლაზე და სამყაროს გასრულებაზე

მოსესა და ელიას წინაშე იდგა თვითონ იესო ქრისტე და ეს ნიშნავს სჯულს, გზასა და სასუფეველს ანუ საქმის სისრულეს. დარჩენილი იყო ერთი უმძიმესი ნაბიჯი „და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია, დიდებით მოვლენილნი და მისი გასვლისათვის ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალემს“ (ლუკ. 9:31), და რომელიც  ძეს ჯვარცმით უნდა დაესრულებინა. დასაწყისში, განსვლის საპირისპიროდ, წინასწარ ქადაგებდა „იოანე ნათლისღებას სინანულისას მთელი ხალხის მიმართ “ (საქ. 13:24). ამ ორი მუხლის შეჯერება გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ განსვლაში ნაგულისხმებია არა მხოლოდ იესოს ჯვარცმა, ანუ მისი მიწიერი ცხოვრების დასრულება, რის შესახებაც უფალმა, აუწყა პეტრეს: (2 პეტ. 1:15), არამედ აღდგომაც და ცათა სასუფეველში, მამა ღმერთთან ამაღლებაც: (იოან. 16:28), კვლავდაბრუნებაც და ცოცხალთა და მკვდართა დიდებით განსჯაც. თვითონ ის ფაქტი რომ საუბრში მოსე, ელია და უფალი იესო ქრისტე მონაწილეობს, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე ეხებოდა სრულ შესაქმეს. რადგან იესო არის აღსრულება რჯულისა და წინასწარმეტყველებისა და ფსალმუნისა (ლუკ. 24:44).

ახლა კი, ამ სინამდვილეში – როგორც კვლავაც წმიდა ეფრემ ასური გვიბრძანებს – ეს მთაზე ასვლა უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო. ხარობდნენ იესოს ადამიანური ბუნების შემხედვარე მოსე და ელია, რადგან აქამდე ისინი იესოს მხოლოდ როგორც უფალს სცნობდნენ, ხარობდნენ მოციქულები, რადგან პირველად იხილეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. და დიდი იყო ძველი და ახალი აღთქმის წინამძღოლთა და მასწავლებელთა სიხარული და ბედნიერება. (Четвероевангелия, М. Барсова. М. Изд., Лепта, 2002, стр. 57-58).

და პეტრე, კვლავაც გვასწავლის

უცნაური, მიუწვდომელი ბედნიერების შეგრძნების მიუხედავათ, სახილველს მოციქულები სრული დუმილითა და სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს.  ბოლოს მაინც პეტრემ, შეუცნობელი აღფრთოვანება შემდეგნაირად გამოხატა: „უფალო! რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებეთ  სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს, და ერთსაც ელიას“ (მათ. 17:4). უმჯობესია აღარ დავბრუნდეთ იმ მუქარით, ბოროტებითა და სიმუხთლით აღსავსე ქვეყანაში – ფიქრობდა პეტრე. (შეადარე Арх. Аверкий, „Четвероевангелие“. М., 2002. стр. 172). ლუკა პეტრეს ამ ნათქვამს ასეთ კომენტარს უკეთებს: „რადგან არ იცოდა რას ამბობდა“ (ლუკ. 9:33).

ღირსი თეოფილაქტე ხაზს უსვავს, რომ ამ ურთულეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში პეტრემ ქრისტიანული  სიყვარული და მორჩილება გამოავლინა. მან ასე მიმართა იესოს: „უფალო… თუ გნებავს“. ის, რომ ასეთი მიმართვა ქრისტიანისათვის სიმდაბლის, სიმშვიდისა და სასოების მაგალითია, ზეთის ხილის მთაზე, თვით იესოს მიერ მამა ღმერთის მიმართ წარმოთქმული სიტყვებითაც დასტურდება: „მამაო, თუ გნებავს ამაცილე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკ. 22:42). ამავე დროს, როგორცა სჩანს, ეს პეტრეს მიერ ჩვენი სწავლებისათვის დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა იყო, რადგან:

  • ფერისცვალება ქრისტიანისათვის ზეიმია, მაგრამ ამავე დროს ზღვარია ძველ და ახალ ტრადიციებს შორის, პეტრე, ჯერ კიდევ ებრაული, ტრადიციების და ამჯერად კარვობის დღესასწაულის (ლევ. 23:34–36, 39–43; რიცხ. 29:12–34; რჯლ. 16:13–17) გავლენას განიცდიდა. ეს დღესასწაული იუდეველთა როგორც წარსულის, ისე მომავლის სიმშვიდისა და მყუდროების სიმბოლოს წარმოადგენს;
  • როგორცა ჩანს, პეტრემ მიიჩნია, რომ ეს არის იესო ქრისტეს დიდების დრო. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მან კვლავ ვერ შეაფასა მაცხოვრის ჯვარცმის მნიშვნელობა (შეად. მათ. 16:22). სახარება გვასწავლის – არ არის დიდება ახალი აღთქმისა ჯვარის გარეშე;
  • და ბოლოს, პეტრემ იესო ქრისტე მოსეს და ელიას გაუთანაბრა, რადგან სამივესათვის კარავი მიიჩნია საჭიროთ. ნათქვამია: „აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!“ (მარკ. 12:29).

ჩვენება წმიდისა სამებისა და ხმა ღრუბლით გამო

როდესაც პეტრე უფალს კარვების აგებას სთავაზობდა, „სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი“ (მათ. 17:5), როგორც ტექსტიდან ჩანს ეს არაჩვეულებრივი, საიდუმლო ნათლით აღსავსე ღრუბელი, უცბათ გაჩნდა და უცბათვე გაიფანტა.

უფლის გამოცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღრუბელს (გამ. 13:22; 16:10; 24:16; 40:34–38). საინტერესოა ისიც, რომ სინას მთაზეც, უფლის გამოცხადებას ღრუბელში ვხედავთ (გამ.19:16–19; 24:15–18). უფრო სწორად, უფალი ღრუბლით არის დაფარული – მოცული. მაგრამ თუ ძველ აღთქმაში, ხალხი მხოლოდ შორიდან უცქერდა  ღრუბელს, აქ, ამ ეპიზოდში „ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი“ (მათ. 17:5).

ამის შემდეგ, ღრუბელი თითქოს შეეხო მოწაფეებს: „და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას და გაისმა ხმა ღრუბლით,რომელმაც თქვა:  ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას“ (ლუკ. 9:34–35). სიტყვებით, „ეს არის ძე ჩემი…“ მამა ღმერთი თითქოს ეხმაურება  პეტრეს შეცდომას.

ეს ღრუბელი არის ნათელი და არა დაბურული, როგორც ძველ აღთქმაში; რადგან იგი მსწავლელია და არა შიშის მომგვრელი. ხმა ისმის ღრუბლიდან და ეს ხმა არის  ღმერთის და არა მოსესი ან ელიასი – განგვიმარტავს ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი.

გამოსვლის 24–ე თავიდან მოყოლებული, ზეციდან შესმენილი უფლის სიტყვის საფუძველზე, ჯერ რჯულის წიგნები იწერებოდა, შემდეგ კი ქრისტეს შესახებ გაისმოდა: „ძე ხარ ჩემი“ (ფსალ. 2:7). იგივეს ბრძანებს  უფალი ნათლისღების დროს „ეს არს ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“ (მათ. 3:17), „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი“ (მარკ. 1:11, ლუკ. 3:22). ფერისცვალების დროს კი პირველად გაისმა მოსეს, ელიას, მოციქულებისა და ყველას გასაგონად უფლის მიერ წარმოთქმული მოწოდება „უსმინეთ მას“: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი უსმინეთ მას“ (ლუკ. 9:35, მარკ. 9:7); „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე. მას უსმინეთ“ (მათ. 17:5).

ამით ნათქვამია, რომ ყველა ეტაპი დასრულდა, კაცობრიობამ ყველა საფეხური გაიარა, დადგა ბოლო ჟამი და მხოლოდ იესო ქრისტეს მოსმენას შეუძლია ადამიანი აიყვანოს ცათა სასუფევულში.

იესო ქრისტემ პირველად მისცა საშუალება თავის მოწაფეებს ეხილათ უფლის დიდება. ეს იყო შეხვედრა სამებასთან: მამა ღმერთი – ხმა ღრუბელიდან, ძე ღმერთი – ძე კაცისას სახით და სული წმიდას ნათელით განათებული სასუფეველი. ძველ აღთქმაში მოსემ ვერ გაუძლო სახილველს „იმ წამსვე მიწად დაიხარა მოსე და  თაყვანი სცა“ (გამ. 34:8), ვერ გაუძლეს მოწაფეებმაც: „ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ თავზარდაცემულნი“ (მათ. 17:6). მაგრამ განსხვებით ძველი აღთქმისაგან მოწაფეებს მიუახლოვდა იესო „ხელი შეახო და უთხრა მათ: ადექით, ნუ გეშინიათ“ (მათ. 17:7). ისინი წამოდგნენ, ღრუბელი გაფანტული იყო, მოსე და ელია აღარსად სჩანდნენ, მათ წინ მხოლოდ იესო ქრისტე იდგა.

იესო ქრისტე წინასწარმეტყველებათა ერთადერთი შემსრულებელია, სრული სჯულის მატარებელია, ერთადერთი შუამავალია. ამრიგად, დღეს ცნობილია გზაც, მეგზურიც და სასუფეველიც.

იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობს და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს, სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი და ჩაესმას:

„ადექით და ნუ გეშინიათ“! ეს არის ფერისცვალება.

 

                 თბილისი  20.07.2008                                                                                               როლანდ-რომილე ჩხეიძე