24.08.2024. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 

                                                                                                                                     1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული. 

შაბათი. 24.08.2024. მარხვა 

მოწამისა ევპლო დიაკონისა (304); მოწამისა სოსანა ქალწულისა და მის-თანათა: გაიუს რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296). 

დღის ლოცვები 

წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი (+304)

კონდაკი: სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ, მღაღადებელი ესრეთ, ვითარცა ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცენ მახვილსა წარკვეთად აღმსარებელმან სრბისა შენისამან. 

დღის საკითხავები 

რომ. 14: 6-9 (დას. 113). მთ. 15: 32-39 (დას. 64). 

რომ. 14: 6-9 

6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს. 7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება. 8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. 9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.

მთ. 15: 32-39 

32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. 33. უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? 34. ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი. 35. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. 36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა – ხალხს. 37. ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. 38. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. 39. და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამე სოსანა ქალწული, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განსწავლეს. როცა მრავალი სათნოებით შემკული, ბრძენი და მშვენიერი ქალწულის ქებამ იმპერატორის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, მაქსიმიანე გალერიუსისთვის (სხვა ცნობით – თავისი თანამმართველის, მაქსიმიანე ჰერკულესისთვის) მიეთხოვებინა წმიდანი, რაზეც ქალწულმა უარი განაცხადა, რადგან სიყმაწვილიდანვე უფლისთვის ჰქონდა თავი განკუთვნილი. დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ურჩია, ძალა ეხმარა ქალწულზე. ბილწი ვნებებით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად დამდგარს და შეეცადა, მიახლოებოდა, მაგრამ წმინდა სოსანას თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის ხილვამ ისე დააფრთხო, რომ მყისვე გამოვარდა ოთახიდან, სასახლეში მიირბინა და დიოკლეტიანეს ამცნო ნანახი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გააფთრებულმა ხელისუფალმა სასტიკი ჯალათი, მაკედონიუსი გაგზავნა უფლის მხევალთან. უღმრთომ კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ჯერ არგნებით დაუნდობლად გვემა, შემდეგ კი, მახვილით განგმირა იგი. სოსანას მოწამეობრივი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296).
წმიდა კლავდიოსი და მისი ძმა, მაქსიმე დიოკლეტიანეს ახლო ნათესავები იყვნენ. ძმებმა გაბიანეს კეთილმსახურ ოჯახთან ურთიერთობით შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კლავდიოსის მეუღლესთან, პრეპედიგნასთან და ძეებთან, ალექსანდრესა და კუფესთან ერთად ნათელიღეს. ღვთისმოძულე თვითმპყრობელმა შეიპყრო ისინი და რომის მახლობლად, ოსტიაში გადაასახლა. აქ მტარვალებმა ცეცხლში დაწვეს წმინდანები და ფერფლი ზღვას გაატანეს.
ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარშია დაცული; წმიდა პაპის, გაიოზის ნაწილებიც რომში, მისივე სახელობის საყდარში განისვენებს. 
წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ თან დაჰქონდა სახარება და კერპთმსახურთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას. ერთხელ, როცა წმიდანი ღარიბულ ქოხში შემოკრებილ ხალხს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს. ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი, სხეულდასერილი, საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა თავის რჩეულს საკანში გრილი წყარო აღმოუცენა. მსაჯულის წინაშე ხელმეორედ წარმდგარმა, განმტკიცებულმა მთავარდიაკონმა კვლავ გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მტარვალი უდანაშაულო ქრისტიანების სისხლის ღვრაში ამხილა. მსაჯულმა ბრძანა, ჯერ ყურები დაეჭრათ ქრისტეს ტარიგისათვის, შემდეგ კი – თავიც მოეკვეთათ. სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!“ სულით განმხიარულებულმა მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. 

ფერისცვალება

 წინარე ამბავი:

ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ამბავში მოწაფეები რამოდენიმე უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, რომელთაგან მათთვის ყველაზე ძნელად მისაღები და დაუჯერებელი ის იყო, რაც მათ თვით მაცხოვარმა აუწყა: იესო „უნდა წასულიყო იერუსალემს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და  მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს“ (მათ. 16:21), მით უმეტეს, რომ ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო რაც პეტრემ მამა ღმერთის ნებით, შეიცნო და აღიარა იესო: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“ (მათ. 16:16). ეს არის უდიდესი აღიარება – პეტრემ ადამიანში ღმერთი შეიცნო! ანუ მოხდა ის, რისთვისაც უფალმა ხორცნი შეისხნა.

ამ მოვლენის შემდეგ უფლის პირველ აღმსარებელ პეტრეს ესო ქრისტემ  კონკრეტული  ფუნქცია მიანიჭა და აკურთხა: „შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და  ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ (მათ. 16:18–19). ამ მომენტიდან, როგორც პეტრე, ისე სხვა მოციქულები მოახლოვებულ ცათა სასუფეველთან უშუალოდ არიან დაკავშირებულნი და სწორედ აქედან იღებს დასაბამს მოციქულთა დამოუკიდებელი ქრისტიანული მოღვაწეობა.

მოციქულთა შორის ღვთის შემეცნების საქმეში,  თითქოს პეტრე დაწინაურდა, მაგრამ როგორც ახალფეხადგმულმა ჩვილმა, პირველმა მანვე წაიბორძიკა: „შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!“ (მათ. 16:22) – ასე სთხოვდა პეტრე იესოს ჯვარცმას განრიდებოდა. პეტრე თავიდან ვერ მიხვდა, რომ მას შემდეგ რაც იესოში უფლი დაინახა, მხოლოდ გულითადი სიყვარულით მოქმედება აღარ იყო საკმარისი (1 მეფ. 13:14), აღარც უფლის მხოლოდ გონებით (3 მეფ. 3:9), ანდა  მხოლოდ სულით შეყვარება აღარ კმაროდა (3 მეფ. 19:13). პეტრესთვის განკაცებული უფლის შემეცნების ეტაპი დასრულდა. მისთვის დაიწყო ახალი, ქრისტიანული ცხოვრება, რომლის დროსაც მორწმუნე უფლით უნდა აღივსოს და ღვთის ნება საკუთართან გააიგივეოს.

მეორე მხრივ, დადგა დრო, როდესაც უფალი აღმსარებლისგან არა მხოლოდ რჯულს, არამედ ღმერთის საქმეზე ფიქრს, იესო ქრისტესთან შეგნებულ თანაქმედებას, მისი ნების უყოყმანოდ მიღებას და აღსრულებას ელის. ვინც სხვაგვარად იღწვის, უფალი მის მიმართ ბრძანებს: „გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ!  რადგან ღმრთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას“ (მათ. 16:23). ასეთი იყო პეტრეს პირველი მწარე გაკვეთილი, რომელიც მან თავის ახალ მისიასთან ერთად იმის გამო მიიღო, რომ ჯვარცმაში და ქრისტეს სიკვდილში მხოლოდ იუდეველთა მიერ განხორციელებული უსამართლობა დაინახა და კაცთათვის გაღებული ღვთაებრივი მსხვერპლი ვერ განჭვრიტა. დასაწყისში პეტრე ვერ შეწვდა მაცხოვრის ჯვარცმის ჭეშმარიტ შინაარსს, ანდა ვის შეეძლო შეეცნო ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა – სიკვდილის სიკვდილით დამთრგუნველ ერთადერთ საშუალებად.

მაცხოვრის მიერ პეტრეს მიმართ ნათქვამმა არ უნდა აღძრას ანალოგია ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ სატანისადმი წარმოთქმულ ქრისტეს სიტყვებთან: „გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათ. 4:10): ერთ შემთხვევაში ლაპარაკია სატანის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართული ცთუნებების მცდელობაზე, ხოლო მეორეში, ადამიანურ შეცდომაზე. პეტრეს შეცდომა ხალხში დამკვიდრებული ტრადიციებით და უფლის მიმართ დიდი სიყვარულით იყო  ნაკარნახევი. წმინდა პეტრე თავისი მარცხით მუდამ ჩვენს შეცდომებზე მიგვითითებს და გვასწავლის, რომ ჩვენი რწმენა დაშვებული შეცდომების გამო არ უნდა ფერხდებოდას. და დაცემას, ყოველთვის უნდა მოჰყვეს წამოდგომა.

სუფევა, პატივი, ძალი და დიდება იესოსი

ფერისცვალება განხორციელდა მაცხოვრის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს პერიოდში. აქტიური ქადაგებისა და მრავალთა განკურნების შემდეგ, ცხარდებოდა კამათი იესოს ბუნების, პიროვნებისა და მისიის შესახებ. რელიგიური ჯგუფების მმართველთ შორის, იზრდებოდა არაკეთილმოსურნეთა რიცხვი, ამავე დროს,  უფალი სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენდა.  ხალხის დიდი ნაწილი თითქოს მზად იყო რათა მაცხოვარი იერუსალიმში ეხილათ.

ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, მწიგნობრები საერთო ძალებით ცდილობდნენ მოსახლეობის უფლისაგან ჩამოშორებას და გარკვეული თვალსაზრისით ამას კიდეც აღწევდნენ: ებრაელი ხალხი მესიას ძლიერი მეფის სახით ელოდა, უფალი კი თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებდა; იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესიის მოსვლის შემდეგ წარმართი ხალხები მათ დაემორჩილებოდნენ, იესოს ქადაგებიდან კი გამოდიოდა, რომ სასუფეველში  წარმართებსა და იუდეველებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ; ებრაელები იმედოვნებდნენ, რომ მათი კანონები მთელს ქვეყანაზე გავრცელდებოდა და ყველა ხალხებისათვის აუცილებელი გახდებოდა, ამავე დროს მღვდელმთავრებმა ჩათვალეს, რომ მაცხოვარი ამ კანონებს აუქმებდა;  და ბოლოს, ხალხი ემზადებოდა დიდი ცვლილებებისა და სახელმწიფო გადატრიალებებისათვის, ზეციური ნიშნებისა და სასწაულებისათვის, მაცხოვარი კი ქადაგებდა: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა სააშკრაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იყო; ვინაიდან აჰა, ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“ (ლუკ. 17:20–21).

ამრიგად, მეტად არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა სასუფევლის მოლოდინი, და ეს პროცესი დღეისათვისაც აქტუალურია.  როგორც დავინახავთ მასში   გარკვევას წინ უნდა უსწრებდეს პიროვნებაში ფერისცვალების განხორციელების არსში გარკვევა.

პეტრეს აღსარებიდან ფერისცვალებამდე, მათე და მარკოზი ექვს დღეს ითვლიან, ხოლო ლუკა რვა დღეს მიითვლის. რა ხდებოდა ამ შუალედში? ამაზე სახარება პირდაპირ არაფერს გვეუბნება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დღეების დაწყების წინ მაცხოვარმა  პირველად განაცხადა თავისი წამებისა და ჯვარცმის შესახებ, ხოლო ამ განცხადებიდან დაახლოვებით ერთი კვირის შემდეგ, ფერისცვალება განხორციელდა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დრო, რომელიც თაბორისა და გოლგოთას მთაზე მოსალოდნელი მოვლენების გააზრებას დაეთმო. სწორედ ამ დღეებში მიმდინარე დაძაბული სწავლების დამაგვირგვინებლად  გვესახება მაცხოვრის სიტყვები: „ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას“ (მათ. 16:24–25).

და კიდევ, უფალი ბრძანებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით“ (მარკ. 9:1).

ჯვარცმამდე ფერისცვალების აღსრულებით მოციქულები მიგვანიშნებენ: მათესაგან ვგებულობთ, რომ ფერისცვალება არის ძე კაცისას დიდებით სუფევა (მათ. 16:28), ამასვე ვკითხულობთ პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში: „ვინაიდან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება“ (2 პეტრ. 1:17); მარკოზის ვერსიაში ვკითხულობთ, მომავალს ძალმოსილებით (მარკ. 9:1), იგივეს ვკითხულობთ წმიდა პეტრესთან: და გაუწყეთ „უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა“ (2 პეტრ. 1:16).

ერთი სიტყვით, მოციქულები ფერისცვალებას გაგვიმარტავენ, როგორც  უფლის მობრძანებას ცათა სასუფეველში და მის სუფევას ძალით, დიდებითა და პატივით, ანუ ფერისცვალებაში   ჩვენ მაცხოვრის მეორედ მოსვლის პირველსახეს ვხედავთ.

თაბორის მთაზე ამაღლება პეტრესი, იაკობისა და იოანესი

„აქ მყოფთაგან“– ში უფალმა იგულისხმა სამი მოწაფე: „წაიყვანა იესომ პეტრე,  იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით“ (მათ. 17:1).

ვინც აიყვანა თაბორის მთაზე, – ბრძანებს წმიდა ეფრემ ასური – მათ უნდა ენახათ თუ როგორი იქნება იესო ქრისტე ადამიანურ სხეულში და თავის საუფლო დიდებაში მეორეთ მოსვლის ჟამს. აიყვანა მთაზე კიდევ იმიტომ, რომ უწინარეს როდესაც ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე, ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ–ერთი წინასწარმტყველი“ (მათ. 16:13–14), მთაზე კი მოწაფეებს უნდა ენახათ რომ იესო ელია კი არ არის, იესო ელიას უფალია; რომ იესო იერემია კი არ არის, იესო არის ის, ვინც იერემია დედის საშოში აკურთხა; და იესო რომელიმე წინასწარმეტყველი კი არ არის, იესო ღმერთია, რომელმაც  წინასწარმეტყველები ხალხთან გამოაგზავნა.

მოწაფეებს უნდა გაეგოთ, რომ იესო ქრისტემ შექმნა ცა და ქვეყანა, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მიცვალებულთა; და რომ მან, ამ შეხვედრისათვის ზეციდან გამოიხმო ელია და მკვდრეთით აღადგინა მოსე.

აიყვანა მოწაფეები იესომ მთაზე და უჩვენა თავისი სასუფეველი, რადგან მას ჯვარცმა ელოდა და მოწაფეებს უნდა სცოდნოდათ, რომ იესო ჯვარს ეცვა არა უძლურების გამო, არამედ საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად. (შეადარე. Четвероевангелия, М. Барсова. М. Изд., Лепта, 2002, стр. 57-58).

„მაღალ მთაზე აიყვანა – გვასწავლის თეოფილაქტე ბულგარელი – რადგან გვიჩვენა, ვინც ყოფაზე არ ამაღლდება არ არის ღირსი ასეთი საუფლო სახილველისა“. (Благовестник, Матф. 17:1–2).

ამრიგად, ღირსი თეოფილაქტე გვამცნობს, რომ ფერისცვალების ხილვა სასუფევლის ხილვაა, რასაც მხილველის ამაღლება ესაჭიროება.

ძე კაცისა. ლოცვა, დიდება და ფერისცვალება

იესო თავის სამ მოწაფესთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე (წმინდა წერილში მთა არა ერთხელ წარმოგვიდგება, როგორც უფალთან შეხვედრის ადგილი, მაგ.: იეზ. 40:2; გამოცხ. 21:10 და სხვა მრავალი).

როგორც წმიდა ლუკა ბრძანებს: იესო „სალოცავად ავიდა მთაზე“ (ლუკ. 9:28).  ეს  იმდენად ძლიერი ლოცვა იყო, რომ შექმნილი განცდის გამო „პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებული იყვნენ ძილით“ (ლუკ. 9:32). ამ გეთსამანიის ბაღის მსგავს ლოცვით აღსავსე გარემოში (მათ. 26:43; მარკ. 14:40), მოწაფეებმა აიძულეს საკუთარი თავი, დაძლიეს ძილი და შეძლეს ეხილათ სახილველი, რამეთუ ნათქვამია „იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე,  ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას“ (მათ. 11:12). ეს ფრაგმენტი გასაგებს ხდის თუ რატომ არ ახლდნენ იესოს სხვა მიწაფეებიც და რატომ იხილა  მხოლოდ ამ სამმა მოწაფემ იესოს დიდება „და მასთან მდგომარე ორი კაცი“ (ლუკ. 9:32).

მოწაფეების თვალწინ იესომ ლოცვის დროს ფერი იცვალა და დიდებით შეიმოსა. ერთი მხრივ, მოწაფეები ხედავდნენ, თუ რა ძალა აქვს სრულ ლოცვას, ხოლო მეორე მხრივ,  მათ დაინახეს – ლოცულობს ძე კაცისა და ამ ფერისცვალებაში, მათ თვალწინ, ადამიანის შესაძლებლობები და დიდება აისახა. ადამიანმა „იცვალა მათ წინაშე ფერი, და მზესავით განბრწყინდა მისი სახე, და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი“ (მათ. 17:2).

ადამიანის სახის გაბრწყინება გამოსვლის წიგნშიც არის აღწერილი, მაგრამ მაშინ, ეს  მოსეზე ღვთის დიდების გადმოსვლის გამო მოხდა (გამ. 34:29). იესოს შემთხვევაში კი, ფერისცვალება შიგნიდან მომდინარეობდა. ლოცვის დროს ძე კაცისაში სულიწმიდა შებრძანდა და განათდა არა მხოლოდ იესოს სახე და სხეული, არამედ განათდა და ფერი იცვალა მისმა სამოსმაც. ეს შეძლო მხოლოდ ადამიანმა, რადგან იესომ „დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა  და მსგავს კაცთა იქმნა “ (ფილ. 2:7).

ფერისცვალება და ის დიდება რაც მას თან ახლდა იყო ჭეშმარიტი, გულმხურვალე ლოცვის გამოძახილი და პასუხი იესოს უცოდველობისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო სრული ადამიანია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ თაბოროს მთაზე მამა ღმერთმა უცვალა ფერი ძე ღმერთს, სცდება უცილოდ. ფერისცვალება მოხდა თვით იესოში –  ადამიანში.

სრული ადამიანისა და სრული ღმერთის ძალა და დიდება

ამავე დროს თაბორის მთაზე, იესო – სრული ადამიანი – სრულად გაცხადდა თავისი ჰიპოსტასში, როგორც სრული ღმერთი, ურთიერთშეურევნელად და ურთიერთგანუყოფელად მეორე პირი სამებისა, რომელიც ინარჩუნებს თავის ღვთაებრივ ბუნებას, რაც ამავე დროს, უდაოდ გულისხმობს, რომ: „ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად,თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსადვე იქმს“ (იოან. 5:19).

შესაბამისად, ქრისტიანს უნდა შესწევდეს უნარი იხილოს რასა იქმს ქრისტე – სრული ღმერთი და სული წმიდის მადლით თვითონაც იმას იქმოდეს და რადგან მამა და ძე  ქმედებაში ერთნი არიან, ამით ქრისტიანი იმასა იქმს, რასაცა მამა. ამ შესაძლებლობის ამსახველი  ფერისცვალების სახილველად მოამზადა უფალმა თავისი მოწაფეები, რადგან ასეთი ფერისცვალების გარეშე ადამიანის უფალთან მიახლოვება შეუძლებელია. შემდგომ ეს ჭეშმარეტება იქადაგეს მოციქულებმა, როგორც იუდეველთათვის, ისე წარმართთათვის, ამ ჭეშმარიტებასვე ქადაგებს დღეს ეკლესია.

გარდა იმისა, რომ მოწაფეებმა შეძლეს ეხილათ როგორ იცვალა ფერი იესომ, მათ დაინახეს იესოსთან მოსაუბრე დიდებით მოსილი ორი მამაკაცი (ლუკ. 9:31). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოწაფეები შესაბამის სულიერ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, შეძლეს ეხილათ „სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 9:1; ლუკ. 9:27) და ძე კაცისა, მომავალი თავის სუფეველში (მათ. 16:28).

სასუფეველში მოწაფეებმა ამოიცნეს მოსე – სახე ძველი აღთქმის სჯულისა, და ელია წინასწარმეტყველი,  რომელიც არის სახე აღსრულებულ და ჯერ კიდევ აღუსრულებელ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. მოსე და ელია იმისათვის გახდნენ ხილულები – თავის კომენტარში გვასწავლის ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი – რათა მიწაფეებს ეხილათ იესო, როგორც უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, მიცვალებულებისა და ცოცხალებისა.

იესო, მოსე და ელია – საუბარი იესოს განსვლაზე და სამყაროს გასრულებაზე

მოსესა და ელიას წინაშე იდგა თვითონ იესო ქრისტე და ეს ნიშნავს სჯულს, გზასა და სასუფეველს ანუ საქმის სისრულეს. დარჩენილი იყო ერთი უმძიმესი ნაბიჯი „და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია, დიდებით მოვლენილნი და მისი გასვლისათვის ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალემს“ (ლუკ. 9:31), და რომელიც  ძეს ჯვარცმით უნდა დაესრულებინა. დასაწყისში, განსვლის საპირისპიროდ, წინასწარ ქადაგებდა „იოანე ნათლისღებას სინანულისას მთელი ხალხის მიმართ “ (საქ. 13:24). ამ ორი მუხლის შეჯერება გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ განსვლაში ნაგულისხმებია არა მხოლოდ იესოს ჯვარცმა, ანუ მისი მიწიერი ცხოვრების დასრულება, რის შესახებაც უფალმა, აუწყა პეტრეს: (2 პეტ. 1:15), არამედ აღდგომაც და ცათა სასუფეველში, მამა ღმერთთან ამაღლებაც: (იოან. 16:28), კვლავდაბრუნებაც და ცოცხალთა და მკვდართა დიდებით განსჯაც. თვითონ ის ფაქტი რომ საუბრში მოსე, ელია და უფალი იესო ქრისტე მონაწილეობს, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე ეხებოდა სრულ შესაქმეს. რადგან იესო არის აღსრულება რჯულისა და წინასწარმეტყველებისა და ფსალმუნისა (ლუკ. 24:44).

ახლა კი, ამ სინამდვილეში – როგორც კვლავაც წმიდა ეფრემ ასური გვიბრძანებს – ეს მთაზე ასვლა უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო. ხარობდნენ იესოს ადამიანური ბუნების შემხედვარე მოსე და ელია, რადგან აქამდე ისინი იესოს მხოლოდ როგორც უფალს სცნობდნენ, ხარობდნენ მოციქულები, რადგან პირველად იხილეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. და დიდი იყო ძველი და ახალი აღთქმის წინამძღოლთა და მასწავლებელთა სიხარული და ბედნიერება. (Четвероевангелия, М. Барсова. М. Изд., Лепта, 2002, стр. 57-58).

და პეტრე, კვლავაც გვასწავლის

უცნაური, მიუწვდომელი ბედნიერების შეგრძნების მიუხედავათ, სახილველს მოციქულები სრული დუმილითა და სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს.  ბოლოს მაინც პეტრემ, შეუცნობელი აღფრთოვანება შემდეგნაირად გამოხატა: „უფალო! რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებეთ  სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს, და ერთსაც ელიას“ (მათ. 17:4). უმჯობესია აღარ დავბრუნდეთ იმ მუქარით, ბოროტებითა და სიმუხთლით აღსავსე ქვეყანაში – ფიქრობდა პეტრე. (შეადარე Арх. Аверкий, „Четвероевангелие“. М., 2002. стр. 172). ლუკა პეტრეს ამ ნათქვამს ასეთ კომენტარს უკეთებს: „რადგან არ იცოდა რას ამბობდა“ (ლუკ. 9:33).

ღირსი თეოფილაქტე ხაზს უსვავს, რომ ამ ურთულეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში პეტრემ ქრისტიანული  სიყვარული და მორჩილება გამოავლინა. მან ასე მიმართა იესოს: „უფალო… თუ გნებავს“. ის, რომ ასეთი მიმართვა ქრისტიანისათვის სიმდაბლის, სიმშვიდისა და სასოების მაგალითია, ზეთის ხილის მთაზე, თვით იესოს მიერ მამა ღმერთის მიმართ წარმოთქმული სიტყვებითაც დასტურდება: „მამაო, თუ გნებავს ამაცილე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკ. 22:42). ამავე დროს, როგორცა სჩანს, ეს პეტრეს მიერ ჩვენი სწავლებისათვის დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა იყო, რადგან:

  • ფერისცვალება ქრისტიანისათვის ზეიმია, მაგრამ ამავე დროს ზღვარია ძველ და ახალ ტრადიციებს შორის, პეტრე, ჯერ კიდევ ებრაული, ტრადიციების და ამჯერად კარვობის დღესასწაულის (ლევ. 23:34–36, 39–43; რიცხ. 29:12–34; რჯლ. 16:13–17) გავლენას განიცდიდა. ეს დღესასწაული იუდეველთა როგორც წარსულის, ისე მომავლის სიმშვიდისა და მყუდროების სიმბოლოს წარმოადგენს;
  • როგორცა ჩანს, პეტრემ მიიჩნია, რომ ეს არის იესო ქრისტეს დიდების დრო. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მან კვლავ ვერ შეაფასა მაცხოვრის ჯვარცმის მნიშვნელობა (შეად. მათ. 16:22). სახარება გვასწავლის – არ არის დიდება ახალი აღთქმისა ჯვარის გარეშე;
  • და ბოლოს, პეტრემ იესო ქრისტე მოსეს და ელიას გაუთანაბრა, რადგან სამივესათვის კარავი მიიჩნია საჭიროთ. ნათქვამია: „აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!“ (მარკ. 12:29).

ჩვენება წმიდისა სამებისა და ხმა ღრუბლით გამო

როდესაც პეტრე უფალს კარვების აგებას სთავაზობდა, „სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი“ (მათ. 17:5), როგორც ტექსტიდან ჩანს ეს არაჩვეულებრივი, საიდუმლო ნათლით აღსავსე ღრუბელი, უცბათ გაჩნდა და უცბათვე გაიფანტა.

უფლის გამოცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღრუბელს (გამ. 13:22; 16:10; 24:16; 40:34–38). საინტერესოა ისიც, რომ სინას მთაზეც, უფლის გამოცხადებას ღრუბელში ვხედავთ (გამ.19:16–19; 24:15–18). უფრო სწორად, უფალი ღრუბლით არის დაფარული – მოცული. მაგრამ თუ ძველ აღთქმაში, ხალხი მხოლოდ შორიდან უცქერდა  ღრუბელს, აქ, ამ ეპიზოდში „ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი“ (მათ. 17:5).

ამის შემდეგ, ღრუბელი თითქოს შეეხო მოწაფეებს: „და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას და გაისმა ხმა ღრუბლით,რომელმაც თქვა:  ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას“ (ლუკ. 9:34–35). სიტყვებით, „ეს არის ძე ჩემი…“ მამა ღმერთი თითქოს ეხმაურება  პეტრეს შეცდომას.

ეს ღრუბელი არის ნათელი და არა დაბურული, როგორც ძველ აღთქმაში; რადგან იგი მსწავლელია და არა შიშის მომგვრელი. ხმა ისმის ღრუბლიდან და ეს ხმა არის  ღმერთის და არა მოსესი ან ელიასი – განგვიმარტავს ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი.

გამოსვლის 24–ე თავიდან მოყოლებული, ზეციდან შესმენილი უფლის სიტყვის საფუძველზე, ჯერ რჯულის წიგნები იწერებოდა, შემდეგ კი ქრისტეს შესახებ გაისმოდა: „ძე ხარ ჩემი“ (ფსალ. 2:7). იგივეს ბრძანებს  უფალი ნათლისღების დროს „ეს არს ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“ (მათ. 3:17), „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი“ (მარკ. 1:11, ლუკ. 3:22). ფერისცვალების დროს კი პირველად გაისმა მოსეს, ელიას, მოციქულებისა და ყველას გასაგონად უფლის მიერ წარმოთქმული მოწოდება „უსმინეთ მას“: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი უსმინეთ მას“ (ლუკ. 9:35, მარკ. 9:7); „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე. მას უსმინეთ“ (მათ. 17:5).

ამით ნათქვამია, რომ ყველა ეტაპი დასრულდა, კაცობრიობამ ყველა საფეხური გაიარა, დადგა ბოლო ჟამი და მხოლოდ იესო ქრისტეს მოსმენას შეუძლია ადამიანი აიყვანოს ცათა სასუფევულში.

იესო ქრისტემ პირველად მისცა საშუალება თავის მოწაფეებს ეხილათ უფლის დიდება. ეს იყო შეხვედრა სამებასთან: მამა ღმერთი – ხმა ღრუბელიდან, ძე ღმერთი – ძე კაცისას სახით და სული წმიდას ნათელით განათებული სასუფეველი. ძველ აღთქმაში მოსემ ვერ გაუძლო სახილველს „იმ წამსვე მიწად დაიხარა მოსე და  თაყვანი სცა“ (გამ. 34:8), ვერ გაუძლეს მოწაფეებმაც: „ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ თავზარდაცემულნი“ (მათ. 17:6). მაგრამ განსხვებით ძველი აღთქმისაგან მოწაფეებს მიუახლოვდა იესო „ხელი შეახო და უთხრა მათ: ადექით, ნუ გეშინიათ“ (მათ. 17:7). ისინი წამოდგნენ, ღრუბელი გაფანტული იყო, მოსე და ელია აღარსად სჩანდნენ, მათ წინ მხოლოდ იესო ქრისტე იდგა.

იესო ქრისტე წინასწარმეტყველებათა ერთადერთი შემსრულებელია, სრული სჯულის მატარებელია, ერთადერთი შუამავალია. ამრიგად, დღეს ცნობილია გზაც, მეგზურიც და სასუფეველიც.

იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობს და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს, სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი და ჩაესმას:

„ადექით და ნუ გეშინიათ“! ეს არის ფერისცვალება.

 

                 თბილისი  20.07.2008                                                                                               როლანდ-რომილე ჩხეიძე