9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან…
1 კორ. 5: 9 -11
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ორშაბათი. მარხვა
უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა. ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662. (ღირსი მაქსიმე აღმსარებელის განგება გადაიტანება წინა დღეს); მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258); მღვდელთმთავრისა ტიხონისა, ზადონსკელი სასწაულთმოქმედისა (1783).
დღის ლოცვები
ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.
სხვა კონდაკი: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-ყოფად, და სამება წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 15: 12-19 (დას. 159 ). მთ. 21: 18-22 (დას. 84).
1 კორ. 15: 12-19
12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? 13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. 14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. 15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. 16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. 17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. 18. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. 19. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.
მთ. 21: 18-22
18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; 19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. 20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? 21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია – რომში წამებულნი (+258)
ღამით ხუცესმა იუსტინემ მოწამეები ფარულად დაფლა სიკვდილით დასჯის ადგილას, წმიდა კონკორდიას ცხედარი კი უსჯულოებმა რომში შეურაცხ ადგილას დააგდეს. მალე ქრისტიანებმა, ირინეოსმა და აბუნდიმ ერთი მხედრისაგან გაიგეს ნეტარი მარტვილის ცხედრის ადგილსამყოფელი, კრძალვით წაასვენეს იგი და წმიდა იპოლიტეს გვერდით დაკრძალეს. ამისთვის ისინი, ისევე, როგორც კონკორდია, წყალში დაახრჩვეს 26 აგვისტოს. ქრისტიანებმა უფლის სათნომყოფელთა ცხედრები წმიდა ლავრენტის საფლავის სიახლოვეს მიაბარეს მიწას.
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (+1783)
1767 წელს შერყეული ჯანმრთელობის გამო წმიდანი იძულებული გახდა, ხელი აეღო სამწყსოს განმგებლობაზე და მონასტერში ეცხოვრა ბერის მშვიდი ცხოვრებით. განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.
დაუცხრომელი ღვაწლით ღირსმა ტიხონმა ზეციურის განჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლი მოიგო. მან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა რუსეთის ცხოვრებიდან. სიკვდილის დღისთვის წმიდანს წინასწარ ჰქონდა გამზადებული სამოსელი და კუბო.
ტიხონ ზადონელი – საკვირველთმოქმედი რუსი მამა გარდაიცვალა 1783 წლის 13 აგვისტოს, კვირადღეს, ორმოცდაცხრამეტი წლის ასაკში. მისი კანონიზაცია და უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება აღესრულა 1861 წლის 13 აგვისტოს.