28.08.2024. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

ოთხშაბათი. ხსნილი თევზით 

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა*.

სიონობა. თაყვანისცემა ღმრთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა, ქვაბთახევისა, დმანისისა, მოზდოკისა, ვლაქერნისა და სხვათა. 

დღის ლოცვები 

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

ტროპარი: შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაი, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაი, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაი ეგე ცხორებისაი, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოი მარადის ქალწულისა. 

 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,
სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები

მწუხრ.: 1) დაბ. 28: 10-17. 2) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4. 3) იგავ. 9: 1-11.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).
ლიტ.: ღმრთისმშ.: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54). 

მწუხრ.: 1) დაბ. 28: 10-17 

10. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს. 11. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას. 12. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. 13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. 14. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. 15. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი. 16. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი! 17. შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!

მწუხრ.: 2) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4 

27. როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი. 

1. დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი. 2. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება. 3. მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა. 4. მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.

მწუხრ.: 3) იგავ. 9: 1-11 

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. 2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას; 8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები. 

ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 

39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი. 

56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში. 

ლიტ.: ღმრთისმშ.: ფლპ. 2: 5-11 

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლიტ.: ღმრთისმშ.: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

ღვთისმშობლის მიძინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად.
როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუ ჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.
მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.
სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.
მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.
მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.
წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (V ს.) თქმით, „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში.
სიონობა. სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. სიონის მთაზე არიან დასაფლავებულნი ებრაელთა მეფე დავითი და ძე მისი სოლომონი; მაცხოვარმა ამ კურთხეულ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ხოლო ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი.
თბილისის სიონის მშენებლობა VI საუკუნეში დაიწყო და VII საუკუნის ოციან წლებში დასრულდა ადარნასეს ერისმთავრობისას. ამ დროისთვის იერუსალიმის სიონის მთაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უკვე აგებული ყოფილა.
სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს მტრებს მრავალგზის დაურბევიათ და დაუნგრევიათ, მაგრამ ყოველ ნგრევას აღდგენა-განახლება მოსდევდა. 1226 წელს ხვარაზმის მბრძანებელმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, სიონის გუმბათი მოახსნევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და აქედან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხოცავდნენ უსჯულოები იმ ქართველებს, რომლებიც მეტეხის ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების შეურაცხყოფაზე უარს აცხადებდნენ. XIV საუკუნის ბოლოს ტაძარი თემურ-ლენგმა შემუსრა, მაგრამ XV საუკუნეში კვლავ განაახლეს. XVIII საუკუნეში თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უცდიათ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უსჯულო განზრახვა ვერ აღასრულეს. ასეთი ავბედითი გზებით მოაღწია ტაძარმა დღემდე.
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დიდი სიწმიდეები ინახება: მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ნინოს ჯვარი, თომა მოციქულის თავის ქალა, წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა… აქ განისვენებენ საქართველოს პატრიარქები, მათ შორის წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. აქვეა დაფლული დიდი მღვდელმთავარი იოანე მანგლელი. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა,
ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.