29.08.2024. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

ხუთშაბათი. ხსნილი  

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების შემდგომი დღესასწაული.

წამოყვანება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა (წმიდისა მანდილისა) ედესით კონსტანტინეპოლს (944); მოწამისა ქრისტეფორე გურულისა (XVI); მოწამისა დიომიდე მკურნალისა (298); 33-თა პალესტინელთა მოწამეთა; ღირსისა ქერიმონ მეგვიპტელისა (IV).

დღის ლოცვები 

წამოყვანება იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატისა ედესით კონსტანტინოპოლს

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ, ქველისმოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსლვაი ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა მომართ განგებულებასა, გარეშემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთივგამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

დღის საკითხავები

მწუხრ: 1) 2 შჯ. 4: 1, 6-7, 9-15. 2) 2 შჯ. 5: 1-7, 9-10, 23-26, 28; 6: 1-5, 13, 18. 3) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30.
ცისკ.: ლკ. 9: 51-56; 10: 22-24 (დას. 48, შუა).
ლიტ.: ხატისა: კოლ. 1: 12-18 (დას. 250). ლკ. 9: 51-56; 10: 22-24 (დას. 48 შუა).
რიგ.: 2 კორ. 1: 1-7 (დას. 167). მთ. 21: 43-46 (დას. 88). 

მწუხრ: 1) 2 შჯ. 4: 1, 6-7, 9-15 

1. ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ. 

6. დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი. 7. რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას? 

9. ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს 10. ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო. 11. თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი. 12. გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა. 13. გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულებაც გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე. 14. მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 15. ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,

მწუხრ: 2) 2 შჯ. 5: 1-7, 9-10, 23-26, 28; 6: 1-5, 13, 18 

1. უხმო მოსემ მთელს ისრაელს და უაიხრა: ისმინე ისრაელო, წესი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და შეასრულეთ. 2. უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორებში. 3. ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო, ჩვენ კი, აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს. 4. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან. 5. მე კი უფალსა და თქვენს შორის ვიდექი მაშინ, რომ გამომეცხადებინა თქვენთვის უფლის სიტყვა, რადგან თქვენ ცეცხლის გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ. მან თქვა: 6. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. 7. ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. 

9. ნუ სცემ თაყვანს მათ და ნუ ემსახურები, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შურისმაძიებელი ღმერთი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისაგან მესამე და მეოთხე თაობამდე, ჩემი მტრებისგან, 10. წყალობისმყოფელი ათასი თაობის იქით ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი ანდერძის შემსრულებელთათვის. 

23. რადგან რომელი ხორციელი ყოფილა, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს? 24. ახლოს მიდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის. მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გამოგიცხადებს. ჩვენც მოვისმენთ და შევასრულებთ. 25. მოესმა უფალს თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: მომესმა ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს. 26. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ. 

28. შენ კი აქ იდექი ჩემთან და გამოგიცხადებ ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რომ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ. 

6: 1. აი, მცნება, წესი და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, და გასწავლათ მათი შესრულება იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ; 2. რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში, რომ დღეგრძელი იყო. 3. ისმინე, ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამა-პაპის ღმერთმა. 4. ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი. 5. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. 

13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე. 

18. სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო, რომ მიაღწიოთ და დაიმკვიდრო მადლიანი ქვეყანა, რომელიც აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას.

მწუხრ: 3) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30 

22. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები. 23. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 

27. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? 28. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი. 29. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი. 30. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.

ცისკ.: ლკ. 9: 51-56; 10: 22-24 

51. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად. 52. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. 53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. 54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა – იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. 55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. 56. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.

10: 22. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. 23. მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24. რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.

ლიტ.: ხატისა: კოლ. 1: 12-18 

12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში; 13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, 14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები; 15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი, 16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. 17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. 18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,

ლიტ.: ხატისა: ლკ. 9: 51-56; 10: 22-24 

51. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად. 52. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. 53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. 54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა – იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. 55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. 56. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.

10: 22. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. 23. მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24. რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.

რიგ.: 2 კორ. 1: 1-7 

1. პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე – ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა, 4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. 5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც. 6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ. 7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.

რიგ.: მთ. 21: 43-46 

43. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. 44. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს. 45. როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. 46. და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან; თან, იუდეველთაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა, ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა.
მთავრის სათხოვარი რომ წაიკითხა, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ოთხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. მასზე სასწაულებრივ გამოისახა მაცხოვრის სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: „ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენე… შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისთვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ-ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და სხვებსაც შენთან ერთად“.
გახარებული ანანია ედესისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნესთან გაათია ღამე, ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენა. შუაღამისას ზეციდან გადმოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის თავის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და ეს დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოაბრძანა; როცა წმიდანი იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან გამოიყოლა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან კეცზე გადასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარტყოფში ინახებოდა. მასთან მიახლებით სასწაულებრივ განკურნებულა საქართველოს დასნეულებული მეფე დავით VII ულუ (1246-1270); საქართველოს მეფის, გიორგი VII-ს (1393-1407) მეფობაში, თემურ-ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსჯულოთა შიშით ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრულა და თან წაიღო ამ დიდი სიწმინდის ადგილსამ-ყოფელის საიდუმლო.
რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი ანანიამ ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილებისაგან განთავისუფლებაც იგრძნო, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისგან აღთქმული მოწაფის, სამოცდაათთაგანი მოციქულის, თადეოზის (ხს. 21 აგვისტოს) ჩასვლამდე, რომელმაც სახარება უქადაგა და ნათელსცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: „ქრისტე ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს“, შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოთ გამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ, სადაც უწინ კერპი იდგა.
მრავალი წლის მანძილზე ედესაში არსებობდა წმიდა ჩვეულება, რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ დიდი სიწმიდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ-ერთმა კერპთმსახურებაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად კვლავ ცრუღმერთის ქანდაკი აღემართა. ამ უსჯულო განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტითა და აგურებით ამოაშენა. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთასწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად.
გავიდა მრავალი წელი. ქალაქის მცხოვრებლებმა სრულებით დაკარგეს ღვთის შიში, ისიც გადაავიწყდათ, თუ რა სიწმიდის მფლობელები იყვნენ. 539, სხვა ცნობით – 545 წელს სპარსთა მეფე ხოსრო თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მოადგა ედესას. ქალაქის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. სწორედ ამ დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ეპისკოპოს ევლავიოსს და უბრძანა, ამოქოლილი ნიშიდან გამოესვენებინა ხატი, რომელიც მათ გადაარჩენდა. მღვდელმთავარმა ხილვაში მინიშნებულ ადგილას კედელი გამოარღვია და სიწმიდე გამოასვენა. მის წინ კვლავ ენთო კანდელი, თიხის ფირფიტაზე კი სხვა, ხელთუქმნელი ხატის მსგავსი გამოსახულება გაჩენილიყო. ლოცვისა და ლიტანიობის შემდეგ მტრის ბანაკში არეულობა გაჩნდა და ხოსრო იძულებული გახდა, მეომრებისათვის უკან დახევა ებრძანებინა.
630 წელს ედესა უკვე არაბებმა დაიპყრეს. ისინი ხელს არ უშლიდნენ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემას, რომლის დიდებაც უკვე მთელს აღმოსავლეთს მოედო. 944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VII პორფიროგენეტმა (912-959) გადაწყვიტა, სიწმიდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში – კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ორასი სარკინოზი ტყვის განთავისუფლების, 12 ათასი ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16 აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი – ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.
მაცხოვრის ხატი კონსტანტინოპოლში XIII საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისათვის ტილო _ ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული.
XIII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა _ მაჰმადიანური სამყაროს გარდა მას კათოლიკური ევროპაც უტევდა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გააგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმინდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი IX-მ კონსტანტინოპოლში შეიძინა და პარიზში წაიღო.
რაც შეეხება ფიცარს, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული და რომელზეც გამოსახულება სასწაულებრივ გადავიდა: იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმინდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ, მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს. ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებდნენ. ანჩელმა მთავრეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმინდეს საგალობელი მიუძღვნა. ანჩში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად საქართველოს ყოველი კუთხიდან მიდიოდნენ ქართველი ერის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები.

1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა მოიწევდა წინ. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი – თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათოლიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც VII საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღესაც ოქროს საცავშია დაბრძანებული. 

 
წმიდა მოწამე დიომიდე კილიკიის ტარსოსში დაიბადა. იგი ექიმობაში ღრმად განსწავლული ქრისტიანი იყო და უანგაროდ კურნავდა როგორც ხორციელ, ისე სულიერ სნეულებებს. ეკლესია თაყვანს სცემს მას, როგორც მკურნალს და მეოხებას შესთხოვს ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას.
წმიდანი ბევრს მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როცა დიომიდე ქალაქ ნიკეაში ჩავიდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მხედრები გაგზავნა მის შესაპყრობად. ღვთის განგებით, ნიკომიდიისკენ მიმავალი წმიდა დიომიდე გზაში გარდაიცვალა ლოცვის დროს. მეომრებმა, იმის დასამტკიცებლად, რომ დავალება ნამდვილად შეასრულეს, ნეტარს თავი მოჰკვეთეს, მაგრამ მკრეხელობისათვის თვალისჩინი დაკარგეს. შეშინებული და დაბრმავებული მეომრების დანახვისას დიოკლეტიანემ ბრძანა, მოწამის თავი ისევ უკან წაეღოთ. მხედრები ბრძანებას დაემორჩილნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ, რის შემდეგაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. 
 

წმიდა 33 პალესტინელი მოწამე 

 

წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან შემოდის.
როგორც წესი წმიდა ეკლესია ყოველთვის სათუთად ინახავს მათ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრებით ან მოწამეობრივი სიკვდილით დაამტკიცეს ღვთის სიყვარული და ღმერთმაც ადიდა ისინი ზეციური ნიშნებითა და სხვადასხვა სასწაულებით. იწერება და ზეპირადაც გადმოიცემა მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ, პირველ საუკუნეებში მათ საფლავებზე აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მათ სახელზე იგება ტაძრები ან ახლად აშენებულ ტაძრებში გადააქვთ მათ წმიდა ნაწილები, იწერება ხარები და შესაბამისი ლოცვები, მოსახსენიებლად დგინდება რომელიმე განსაკუთრებული, უმეტეს შემთხვევაში, მათი ამქვეყნიდან განსვლის, ანუ უფალთან წარდგომის დღე.
სამწუხაროდ, არიან ისეთი წმიდანებიც, რომელთა მხოლოდ სახელებია ცნობილი და დარჩენილია ხსენების დღე. ჟამთა სიავემ და ჩვენმა უდებებამ დავიწყების სიღრმეს მისცა მათი ცხოვრება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.