,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
ხსნილი. 3.08.2024
წინასწარმეტყველისა ეზეკიელისა (VI ს. ქრ. შ-მდე); ღირსთა სვიმეონისა, ქრისტესათვის სალოსისა და იოანესი, თანამმარხველისა მისისა (დაახლ. 590).
დღის ლოცვა
პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)
ტროპარი: ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან, და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
კონდაკი: მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ მაქებელთა შენთა.
ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო (IV-V)
კონდაკი: მარხვითა განბრწყინვებულსა, ვითარცა მნათობსა და მწვალებელთა სარწმუნოებად მომაქცეველსა, ღირსად ვაქებთ ისააკსა, დალმატის თანა და ფავსტოსსა, ვითარცა ქრისტეს სათნოთა, რამეთუ მას ევედრებიან ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
1 კორ. 4: 5-8 (დას. 130, შუა). მთ.13: 44-54 (დას. 55). – პარ.
რომ. 9: 1-5 (დას. 100). მთ. 9: 18-26 (დას. 32). – შაბ.
1 კორ. 4: 5-8
5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ. 6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ. 7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? 8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.
მთ.13: 44-54
44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა. 45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს. 46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას. 47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს; 48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან. 49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ; 50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. 52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. 53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
რომ. 9: 1-5
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ, 2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; 3. ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, 4. რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. 5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
მთ. 9: 18-26
18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება. 19. წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას. 20. და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას. 21. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო. 22. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს. 23. შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო; 24. და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. 25. და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა. 26. და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)
ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდა მათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც – ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა… წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგს მის მიერ დაწერილი, ორმოცდარვა თავისაგან შემდგარი წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს.
წმიდა წინასწარმეტყველ ეზეკიელს სასწაულქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობარი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გავიდნენ; შიმშილობის დროს დამშეულებს საზრდელი გაუმრავლდათ…
ნეტარი ეზეკიელი მოწამეობრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმიდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (+დაახლ. 590)
ღირსი იოანე დიდად აფასებდა სულიერ ძმას: თუ მასთან უდაბნოში ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, მეუდაბნოე მას სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიურად ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.