ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
პარასკევი. ხსნილი თევზით
მიძინების შემდგომი დღესასწაული. ღირსისა ტბელ აბუსერისძისა, ჰაგიოგრაფისა და ჰიმნოგრაფისა, ერისათვის თავდადებულისა (XIII); მღვდელმოწამისა მირონ ხუცისა (250); მოწამეთა პავლესი, დისა მისისა ივლიანასი, და სხვათა (273); მოწამეთა: თვირსესი, ლევკისა, კორონატისა და მოყვასთა მათთა (III); მოწამისა პატროკლესი (III); მოწამეთა: სტრატონისა, ფილიპესი, ევტიქიანესი და კვიპრიანესი (303).
დღის ლოცვები
სიყრმითგაან შეიყუარე ქრისტე, ყოვლადდიდებულო, და დაიმარხენ საღმრთონი მცნებანი მისნი, და მისსა მიმართ მიივლტოდი, ყოვლადუმანკო მირონ ყოვლადპატიოსანო; ანგელოზთა თანა ევედრე წადიერად და ითხოვე ყოველთა პატივის მცემელთა შენთათვის მოტევებაი ცოდვათა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 1: 12-20 (დას. 169). მთ. 22: 23-33 (დას. 91).
მოწ. – 2 ტიმ. 292 დას. 2: 1-10. ინ. 52 დას. 15: 17 – 16: 2
ლიტ.: 2 კორ. 1: 12-20
12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. 13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? 14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა. 15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. 16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. 17. რადგანაც ქრისტეს ნათლისცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. 18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა. 19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. 20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
ლიტ.: მთ. 22: 23-33
23. იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 24. მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 25. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. 26. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. 27. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 28. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 29. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. 30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. 31. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: 32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. 33. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება.
მოწ. – 2 ტიმ. 2: 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
მოწ. – ინ. 15: 17 – 16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII)
წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.
როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა.
წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ – კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.
წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.
ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.
გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.
წმიდა მოწამენი: პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი (+დაახლ. 273)
ცნობები მათ შესახებ 4 მარტის საკითხავშია მოთავსებული.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი (III)
წმიდა მოწამე პატროკლე (III)
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე (+დაახლ. 303)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.