5.08.2024. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 
                                                                                                                                                                                 1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ხსნილი. 5.08.2024 

მოწამეთა: ტროფიმესი, თეოფილესი და მათ თანა 13-თა მოწამეთა (284-305); მღვდელმოწამისა აპოლინარისა, რავენელი ეპისკოპოსისა (75). 

დღის საკითხავები 

1 კორ. 5: 9 – 6: 11 (დას. 134). მთ. 13: 54-58 (დას. 56). 

1 კორ. 5: 9 – 6: 11 

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, 10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი. 11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან. 12. ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? 13. გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური. 

1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე? 2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? 3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? 4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ. 5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა? 6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე. 7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე? 8. მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. 9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, 10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

მთ. 13: 54-58 

54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? 55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს? 57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. 58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს.
თავის ეპარქიაში ნეტარი უბრალო მწირის სახით ჩავიდა და ადგილობრივ მკვიდრს, მხედარ ირინეოსს თავშესაფარი სთხოვა. მასპინძელთან საუბარში წმინდანმა გააცხადა მისი უმაღლესი სასულიერო წოდება და შემდეგ უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა ირინეოსის ბრმა ვაჟს. გახარებულმა ირინეოსმა და მისმა სახლეულებმა, პირველებმა რავენელებს შორის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება. მღვდელმთავარი მათ სახლში დარჩა საცხოვრებლად. წმიდანის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან. როცა მისი ლოცვით ტრიბუნის დავრდომილი მეუღლე, თეკლა განიკურნა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა ტრიბუნის მთელი ოჯახი. მათ სასახლეში აპოლინარმა მოაწყო მცირე ეკლესია. ახალმოქცეულ რავენელთათვის წმიდა ეპისკოპოსმა ორი ხუცესი – ადერეტი და კალორიკე – და ორი დიაკონი დაადგინა. ქალაქში აპოლინარის მოღვაწეობის თორმეტი წლის მანძილზე მართლმორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა. შეშფოთებულმა წარმართმა ქურუმებმა მმართველ სატურნინესთან დაასმინეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს მწყემსმთავარი და სასტიკად აწამეს. როცა ჩათვალეს, რომ წმიდანს სული აღმოხდა, მტარვალებმა ქალაქგარეთ გაიტანეს მისი ცხედარი და ზღვის ნაპირას დააგდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეტარი ცოცხალი იყო. იგი ერთმა კეთილმსახურმა ქვრივმა შეიფარა, მოასულიერა და უწამლა. მის სახლში წმიდა მღვდელმთავარი ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. აპოლინარის ადგილსამყოფელი მაშინ გაცხადდა, როცა მან ქალაქის დიდგვაროვანს ბონიფანტეს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, წმიდანი კი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს და წამება დაუწყეს – აიძულებდნენ, ფეხშიშველა მდგარიყო გავარვარებულ ნაღვერდალში. მღვდელმთავარს ქადაგება არ შეუწყვეტია მანამ, სანამ უღმრთოებმა იგი ქალაქიდან არ განდევნეს. გარკვეული ხნის განმავლობაში წმიდანი იტალიაში იმყოფებოდა და კვლავინდებურად განაგრძობდა სახარების სწავლებას. ამ დროს რავენის ეკლესიას ხუცესი კალორიკე განაგებდა. სამწყსოსთან დაბრუნებული აპოლინარი კვლავ დაატუსაღეს, ქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს და მძიმე ბორკილებით შებოჭილი აიყვანეს გემზე, რომელიც დუნაის გზით ილირიისკენ მიემართებოდა.
გადასახლების ადგილამდე მისი ჩაყვანა ორ მეომარს მიანდეს. დევნილ ეპისკოპოსს სამი ღვთისმსახური ნებით გაჰყვა ქალაქიდან. გზაში ხომალდი დაიღუპა და ყველა მგზავრი დაიხრჩო, გადარჩა მხოლოდ აპოლინარი, მისი თანმხლები ღვთისმსახურები და ორი მცველი. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგების გავლენით მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. მგზავრები მიზიაში ჩავიდნენ. აქ აპოლინარმა კეთრისგან განკურნა ერთი დიდებული მოქალაქე, რომელმაც, მადლიერებით აღვსილმა, შეიფარა თავისი მხსნელიც და მისი თანმხლებნიც. წმიდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა მაცხოვრის სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც უსჯულოებმა დევნა დაუწყეს. მათ უმოწყალოდ გვემეს ნეტარი, შემდეგ კი იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე აიყვანეს და უკანვე გაგზავნეს. სამი წლის იძულებითი განშორების შემდეგ მართლმადიდებლობის ერთგული მსახური ისევ დაუბრუნდა თავის სამწყსოს, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი, მაგრამ წარმართები კვლავ შფოთავდნენ: ისინი თავს დაესხნენ ტაძარს, მლოცველები დაფანტეს, თავად აპოლინარი კი ქურუმებთან, აპოლონის საკერპოში წაიყვანეს. როგორც კი ნეტარმა ბომონში ფეხი შედგა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გაავებულმა წარმართებმა აპოლინარი ოლქის ახალ მმართველ ტაბრუსთან მიიყვანეს. აქ მან კიდევ ერთი სასწაული აღასრულა – მმართველის ბრმადშობილი ვაჟი განკურნა. ტაბრუსი შეეცადა, გამხეცებული ბრბოსგან დაეფარა უფლის რჩეული და იგი ქალაქგარეთ გაგზავნა, თავის მამულში. აქ მმართველის ცოლ-შვილი მოინათლა. თავად ტაბრუსმა იმპერატორის შიშით ვერ გაბედა ნათლისღება, მაგრამ კეთილისმყოფელს კი სიყვარულითა და მადლიერებით ეპყრობოდა. ოთხი წელი ცხოვრობდა აპოლინარი მმართველის მამულში. წარმართმა ქურუმებმა იმპერატორ ვესპასიანეს მიმართეს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა ქრისტიანთა „ქურუმი“. მაგრამ ვესპასიანემ არ მიიღო საჩივარი და მომჩივრებს შეუთვალა რომ: „ღმერთებს საკმაო ძალა გააჩნიათ იმისთვის, რომ შური იძიონ, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ!“
კერპთმსახურების მრისხანება მაინც დაატყდა თავს წმიდა მამას: ისინი თავს დაესხნენ ქალაქიდან მახლობელი დაბისკენ მიმავალს, და სასტიკად გვემეს. ქრისტიანებმა ნეტარი მამა უკვე სულთმობრძავი იპოვეს და ჩაიყვანეს დაბაში, სადაც შვიდი დღე იწვა სასიკვდილო სარეცელზე. ბოლოს მოწამემ მღვდელმთავრული კურთხევით დალოცა ირგვლივ მყოფნი და სული უფალს შეჰვედრა. წმიდა აპოლინარი ოცდარვა წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და მიიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს. 
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სამსჯავროზე წარმდგარმა მორწმუნეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს. შემდეგ კი, წვივებგადამსხვრეულები, ცეცხლში ჩაყარეს. სულიწმიდის მადლით განკურნებული და განმტკიცებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ კოცონიდან და კიდევ უფრო ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. უსჯულოებს წმიდათა მოდრეკის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ და მათ თავები მოჰკვეთეს.