9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან…
1 კორ. 5: 9 -11
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
მარხვა. 7.08.2024
მიძინება მართლისა ანასი, დედისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა; წმიდათა დედათა: ოლიმპია დედათდიაკონისა (409) და ღირსისა ევპრაქსია ქალწულისა ტავენელისა (413); V-ე მსოფლიო კრების წმიდათა 165-თა მამათა (553).
დღის ლოცვები
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი (VI)
კონდაკი: იხილვედ დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულითა საკვრველთათ ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლის მოციქულო.
წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი – კრეტელი ეპისკოპოსი (I)
კონდაკი: პავლეს თანა მზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყელო, ტიტე ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.
მიძინება მართალი ანასი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედისა
ტროპარი: ცხორებაი შევ, რომლისაგან იშუა ცხორებაი, მშობელი ქალწულისა ღმრთისა დედისა, რომელი ღმრთივგონიერისა ანას მიერ მუცელსა შინა დატევნილ იყო, და აღვალს ზეცას სიხარულსა წმიდათასა და მათ თანა დაემკვიდრების დიდებითა, ხოლო ვიხარებთ ყოველნი აწ მიცვალებასა შენსა და რომელნიცა სურვილით პატივს გცემთ შენ, ცოდვათა შენდობასა მოვიღებთ ვედრებითა შენითა.
კონდაკი: პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ხსენებაი ვიდღესასწაულოთ და სარწმუნოებით ვითხოვოთ მათგან შეწევნაი, რაითა ვიხსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, რომელნი ვხმობთ, ვითარმედ ღმერთი ჩუენი ჩუენ თანა არს, რომელმან ადიდნა ესენი, ვითარცა სათნო იყო.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 კორ. 7: 12-24 (დას. 137). მთ. 14: 35-15: 11 (დას. 60).
ანასი: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. · 8: 16-21 (დას. 36).
ლიტ.: 1 კორ. 7: 12-24
12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი – მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. 15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა. 16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს? 17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას. 18. წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს. 19. წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი. 20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით. 22. რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი – ქრისტეს მონაა. 23. სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად. 24. ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე.
ლიტ.: მთ. 14: 35-15: 11
35. და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული. 36. ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა.
1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს: 2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას. 3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? 4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. 5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, – 6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას. 7. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: 8. ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. 9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს. 10. მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ: 11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.
ანასი: გალ. 4: 22-31
22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
ანასი: ლკ. · 8: 16-21
16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, 17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. 18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. 19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. 20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. 21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მიცვალება მართლისა ანასი – დედისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (553)
კრებას ასსამოცდახუთი ეპისკოპოსი ესწრებოდა. კონსტანტინოპოლში მყოფმა პაპმა ვიგილიუსმა (535-555) უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, თუმცა სამჯერ იქნა მოწვეული შეკრებილი მღვდელმთავრებისა და თავად იმპერატორის სახელით გაგზავნილი ოფიციალური დეპუტაციის მიერ.
კრებას თავმჯდომარეობდა წმიდა კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ევტიქი (552-565; 577-582). იმპერატორის ედიქტის თანახმად „სამი თავის“ საკითხი საგულდაგულოდ იქნა განხილული 553 წლის 4 მაისიდან 2 ივნისამდე გამართულ რვა სხდომაზე. საბოლოოდ თეოდორე მოფსუეტელი და მისი სწავლება ანათემას გადაეცა; შეაჩვენეს თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის რამდენიმე თხზულებაც, თავად ეს მამები კი, როგორც სინანულით განწმენდილები, შეწყალებულ იქნენ. პაპი ვიგილიუსი, როგორც ერეტიკოსთა თანამდგომი, ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ კრების შემდგომ იგი შეუერთდა მამათა საერთო აზრს და ხელი მოაწერა კრების დადგენილებას.
კრების მამებმა განიხილეს და შეაჩვენეს III საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ხუცეს ორიგენეს მწვალებლური სწავლება. დაიგმო ის ერეტიკოსებიც, რომლებიც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ.
წმიდა დედანი: ოლიმპიადა დიაკონისა (+408-410)
დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ოლიმპიადამ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რომელსაც იგი უხვად ურიგებდა გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, უშურველად სწირავდა ეკლესია-მონასტრებს, საავადმყოფოებს, დავრდომილთა და მწირთა თავშესაფრებს.
პატრიარქმა ნექტარიუსმა (381-393) წმიდა დედა დიაკონისად დაადგინა და ისიც გულმოდგინედ და უმწიკვლოდ აღასრულებდა თავის მოვალეობას.
ოლიმპიადა კონსტანტინოპოლში სტუმრობისას დიდად შეეწეოდა და სიყვარულით ემსახურებოდა მღვდელმთავრებს: ამფილოქე იკონიელს, ონისიმე პონტიელს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, პეტრე სებასტიელს, ეპიფანე კვიპრელს…
წმიდა იოანე ოქროპირი (+407; ხს. 13 ნოემბერს) მეტად აფასებდა ნეტარ დედას. ოლიმპიადა სხვა დიაკონისებთან ერთად ძლიერ განიცდიდა უდანაშაულო მღვდელმთავრის უმსჯავროდ განდევნას კათედრიდან. როცა ოქროპირი უკანასკნელად გამოდიოდა ტაძრიდან, თავისთან მოიხმო იგი დიაკონისებთან: პენტადიას, პროკლიას და სილვინიასთან ერთად და უთხრა, როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე დასასრულს უახლოვდება და ალბათ, აწი ვერც მიხილავთო, შემდეგ კი სთხოვა, არ დაეტოვებინათ ტაძარი და დამორჩილებოდნენ მღვდელმთავარს, რომელსაც მის ნაცვლად დაადგენდნენ.
იოანე ოქროპირის გაძევების შემდეგ წმიდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაიწვა. ცეცხლი მიმდებარე შენობებსაც მოედო და ქალაქის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. დევნილი მღვდელმთავრის ყველა მომხრეს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. დაკითხეს წმიდა ოლიმპიადაც. მართალია, მას ვერანაირი სამხილი ვერ უპოვეს, მაგრამ მაინც დიდძალი ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს, თითქოსდა ხანძრის გამჩენთა დაქირავებისათვის. ამის შემდეგ ნეტარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და ქალაქ კვიზიკში (მარმარილოს ზღვაზე) გაემგზავრა; მაგრამ მტრებს მისი დევნა არ შეუწყვეტიათ: წმიდა დედა შეიპყრეს და 405 წელს ნიკომიდიაში გადაასახლეს, სადაც მრავალი ჭირი და მწუხარება დაითმინა. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი გადასახლებიდან ეხმიანებოდა ნეტარს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა. „მხოლოდ ერთი რამ არის საშინელი, – წერდა ის, – ესაა ცოდვა. სხვა ყველაფერი ზღაპარია: მზაკვრობა თუ პირფერობა, სიცრუე თუ მლიქვნელობა, ბოროტსიტყვაობა, ცილისწამება, მამულის დაკარგვა, დევნილობა, ყველაზე პირბასრი მახვილები, ზღვა და თუნდაც შენს წინააღმდეგ აღმდგარი მთელი სამყარო! როგორიც არ უნდა იყოს ეს განსაცდელები და უსიამოვნებანი, ისინი მაინც დროებითი და სწრაფწარმავალია, მხოლოდ ხრწნადი სხეულისათვის არსებობს, ახოვან სულს კი ვერაფერს ვნებს!“ – „ნურაფერი შემთხვევითი ნუ აღგაშფოთებს, ნუ უხმობ მავანსა და მავანს, ნუ სდევ აჩრდილებს, რამეთუ ადამიანური შემწეობა აჩრდილია. იესოს, რომელსაც ჰმსახურებ, იესოს ჰხადოდე მოუკლებლად!“
წმიდა ოლიმპიადა 409 წელს გარდაიცვალა, გადასახლებაში. ნეტარი ნიკომიდიის ეპისკოპოსს გამოეცხადა და უბრძანა, მისი სხეული კიდობანში ჩაესვენებინათ და ზღვისთვის მიეცათ: „სადაც ტალღები გარიყავენ კიდობანს, დაე, იქ დაიკრძალოს ჩემი ცხედარიც“, – უთხრა მან ეპისკოპოსს. წმიდა ნეშტი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ბიოქტად წოდებულ ადგილთან მიცურდა. აქაურმა მცხოვრებლებმა, რომლებსაც ზეგარდმო ეუწყათ ამის შესახებ, ზღვიდან კრძალვით გამოაბრძანეს წმიდანის ცხედარი და თომა მოციქულის სახელობის საყდარში დაფლეს. შემდგომ, ბარბაროსთა შემოსევის დროს, ეს საყდარი დაიწვა, მაგრამ ღირსი დედის ნაწილები უვნებელი დარჩა. პატრიარქ სერგის (610-638) დროს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და თავად წმიდა ოლიმპიადას მიერ დაარსებულ დედათა მონასტერში დააბრძანეს.
ევპრაქსია ქალწული (+413)
მდიდარი და გავლენიანი ანტიგონე და მისი მეუღლე ევპრაქსია ღვთისმოშიშებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდნენ. თავიანთ ერთადერთ ასულსაც მათ ევპრაქსია დაარქვეს. ანტიგონე მალე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედა განერიდა სასახლის კარს და თავისი სამფლობელოების მოხილვის საბაბით ასულთან ერთად ეგვიპტეს მიაშურა. აქ, თებაიდის მახლობლად, მდებარეობდა ტაბენისის დედათა მონასტერი მკაცრი ტიპიკონით. მოწესეთა ცხოვრებამ მიიზიდა კეთილმსახური ქვრივი. მან ისურვა, დახმარებოდა ამ სავანეს, მაგრამ იღუმენია თეოდულამ იუარა – განაცხადა, რომ მონაზვნები მთლიანად უფალს იყვნენ მინდობილნი და არანაირი მიწიერი საუნჯის მოხვეჭა არ სურდათ. წინამძღვარმა მხოლოდ სანთელი, საკმეველი და ზეთი შეიწირა.
ამ დროს პატარა ევპრაქსია შვიდი წლისა იყო. მას მოეწონა მონაზვნური ცხოვრება და ისურვა, სავანეში დარჩენილიყო. დედამ შვილს სთხოვა, თავმდაბლი ყოფილიყო, არასოდეს ეფიქრა თავის კეთილშობილურ წარმოშობაზე და გულმოდგინედ შედგომოდა უფლისა და დების მსახურებას. მალე ევპრაქსია-უფროსი (ხს. 12 იანვარს) გარდაიცვალა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მეფე თეოდოსიმ მის ასულს ეპისტოლე გაუგზავნა და შეახსენა, რომ ხუთი წლის ასაკში მშობლებმა იგი ერთი სენატორის ძეზე დანიშნეს, და ახლა მას სურს, რომ ევპრაქსიამ დედ-მამის დადებული პირობა შეასრულოს. საპასუხო ეპისტოლეში წმიდანმა მეფეს აუწყა, რომ იგი უკვე ქრისტეს სასძლოთა რიცხვს შეერთო და სთხოვდა, მემკვიდრეობით მისთვის გადმოცემული მამულები ეკლესიისა და გლახაკებისთვის დაენაწილებინა.
ევპრაქსია სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. თავდაპირველად იგი დღეში ერთხელ ღებულობდა საზრდელს, შემდეგ – ორ-სამ დღეში ერთხელ, ბოლოს კი – კვირაში ერთხელ. ნეტარი გულმოდგინედ მუშაობდა საცხობში, ჭურჭელს რეცხავდა, სათავსოებს გვიდა, სიყვარულით ემსახურებოდა დებს.
ადამიანთა მოდგმის მტერი მრავალ ბოროტებას შეამთხვევდა ნეტარ დედას: ერთხელ, როცა ჭიდან წყალს იღებდა, შიგ ჩავარდა და დებმა გადაარჩინეს; საცხობისთვის შეშის ჩეხვის დროს ფეხზე ნაჯახი დაირტყა და მძიმედ დაშავდა; კიბიდან გადმოვარდა და თვალი დაიზიანა… ყველა ამ განსაცდელს ევპრაქსია მოთმინებით იტანდა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მისი ლოცვით ყრუ-მუნჯი და დავრდომილი ბავშვი განიკურნა, ეშმაკეული ქალი ბოროტის ტყვეობიდან გათავისუფლდა… მონასტერში სნეულთა მოყვანა დაიწყეს შემწეობის მიღების იმედით… ევპრაქსია კი სულ უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა და თავს ცოდვილთა შორის უკანასკნელად თვლიდა. წმიდა დედის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე იღუმენიამ იხილა ჩვენება: გაბრწყინებულ დარბაზში ევპრაქსიამ თაყვანი სცა საყდარზე მჯდომ, ანგელოზებით გარშემორტყმულ მეუფეს, ყოვლადწმიდა ქალწულმა კი ქრისტეს სასძლოს მისთვის განმზადებული ნათელი სამყოფელი მოახილვინა და უთხრა, რომ ათი დღის შემდეგ აქ დაივანებდა. იღუმენია და დები მწარედ ტიროდნენ – არ სურდათ ევპრაქსიასთან განშორება. თავად წმიდანიც, როცა ხილვის შესახებ შეიტყო, ატირდა, რადგან მარადისობაში გადასასვლელად თავი მოუმზადებლად მიაჩნდა. ევპრაქსიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, ლოგინად ჩავარდა და ათი დღის შემდეგ – ოცდაათი წლის ასაკში – მშვიდობით მიიცვალა (+413).