8.08.2024. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 
                                                                                                                                                                             1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ხსნილი. 8.08.2024 

მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზისა, ერმიპოსი და ერმოკრატე ნიკომიდიელ ხუცესთა (305); ღირსმოწამისა პარასკევასი (138-161). 

დღის ლოცვები 

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დედაკაცისა ღმრთივ-განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ, ანდრიანე, მოწამეო ქრისტესო, და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ, და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა.

სხვა კონდაკი: მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა, და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა, და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ: შენ ხარ, ქრისტე, გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული. 

მღვდელმოწამეთა: ერმოლაოსის, ერმიპესი და ერმოკრატესი, ნიკომიდიელ ხუცესთა კონდაკი:

ვითარცა რა მღვდელმთავარი, ღმრთისმსახურებით სცხორებდი და გვირგვინი მღდელმოწამეობისა მიითვალენ, მსხვერპლი კერპთა დაშრიტე და იქმენ მწყემს კეთილ ქრისტეს სამწყსოსა, ბრძენო და მოძღუარ ჭეშმარიტ პანტელეიმონისა; ამისთვის პატივს გცემთ შენ შესხმით მგალობელნი: გვიხსნენ ჩუენ ჭირთაგან მარადის მეოხებითა შენითა, ერმოლაოს, მამაო ჩუენო. 

დღის საკითხავები

1 კორ. 7: 24-35 (დას. 138). მთ. 15: 12-21 (დას. 61). 

1 კორ. 7: 24-35 

24. ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე. 25. უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ. 26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის. 27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. 28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ. 29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი, 30. თვალცრემლიანნი – როგორც უცრემლონი; მოხარულნი – როგორც გაუხარელნი და მქონენი – როგორც არას მქონენი; 31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი – როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი. 32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. 33. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. 34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს. 35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.

მთ. 15: 12-21 

12. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ? 13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. 15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი. 16. ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? 17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. 18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. 19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი; 20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს. 21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

ღირსმოწამე პარასკევა კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა. როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინუს პიუსს (138-161) მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. ვერც პატივისა და დიდების აღთქმამ, ვერც წამებისა და სიკვდილის მუქარამ ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. წმიდანს გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული მარტვილი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა ქრისტეს ტარიგსვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.
მიმოდიოდა რა სახარების ქადაგებით, ნეტარი დედა ჩავიდა ქალაქში, რომელსაც ასკლიპიოსი მართავდა. აქ იგი ისევ დაატუსაღეს, სამსჯავროზე წარადგინეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიკვდილმისჯილი ერთ გამოქვაბულში დაბუდებულ საზარელ გველეშაპთან მიიყვანეს შესაჭმელად, მაგრამ მან ჯვრის გადასახვით მოაშთო ქვეწარმავალი. ამ სასწაულით შეძრულმა ასკლიპიოსმა და ქალაქის მცხოვრებლებმა ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხევალი გაათავისუფლეს. პარასკევამ ისევ განაგრძო მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+138-161). 
მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა (ხს. 28 დეკემბერს). ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის. იმ სახლის წინ, სადაც ერმოლაოზი იმალებოდა, ხშირად მიმოდიოდა ხოლმე წარმართი ჭაბუკი პანტელეონი (წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი; ხს. 27 ივლისს). პატიოსანმა მღვდელმა „ცნა სულითა, ვითარმედ ჭური რჩეული ყოფად არს იგი, ვითარცა პავლე მოციქული“, ერთ დღეს გამოეგება მას, „დაისუა იგი გუერდითა მისა“ და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. „ნეტარმან პანტელეონ, ვითარცა ქუეყანამან რაჲ კეთილმან“, შეიწყნარა „თესლი დათესული მას შინა“ და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა შინ. ამიერიდან იგი ყოველდღე მიდიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და „დაიმტკიცებდა მისგან სწავლასა სარწმუნოებისასა“. როცა დიდმოწამე პანტელეიმონი სამსჯავროზე წარადგინეს, მასთან ერთად შეიპყრეს მისი მოძღვარიც. წინა ღამეს ერმოლაოზს თავად უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და აუწყა, რომ ტანჯვისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა მისი სახელისათვის. შემდეგ ერმიპე და ერმოკრატეც დაატუსაღეს. მტარვალებმა სამივე აღმსარებელს ქრისტეს უარყოფა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა და პანტელეიმონის გადაბირება მოსთხოვეს, მათ კი მტკიცედ მიუგეს: „ჩუენ ვევედრებით ღმერთსა, რაჲთა ჩუენ და იგი აღვესრულნეთ სახელისა მისისათუის, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი“. წარმართები წამებითა და მოკვდინებით ემუქრებოდნენ უფლის რჩეულებს. უეცრად მიწა საშინლად შეიძრა, საკერპოში ცრუღმერთების ქანდაკები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. როცა ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, იგი საშინლად განრისხდა. მისი ბრძანებით პანტელეიმონი საპყრობილეში ჩააგდეს, ხუცესებს – ერმოლაოზს, ერმიპეს და ერმოკრატეს კი თავები მოჰკვეთეს (+305).