9.08.2024. მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან… 

                                                                                                                                                                       1 კორ. 5: 9 -11


                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ხსნილი თევზით. 9.08.2024

დიდმოწამისა და მკურნალისა პანტელეიმონისა (305); ღირსისა ანთისა აღმსარებელისა, იღუმენიასი, და 90-თა დათა მისთა (VIII); მოციქულთა სწორთა: კლიმენტისა, ოხრიდელი ეპისკოპოსისა (916), გორაზდისა მორავიის მთავარეპისკოპოსისა და ხუცესთა – ნაუმისა (910), საბასი, და ანგელარისა (886) (ბულგ.).

დღის ლოცვები

ღირსი პიმენი დიდი (+დაახ. 450)

ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულ თქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო პიმენ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა-თვის.

კონდაკი: ბრწყინვალეთა შენთა ღვაწლთა, ღირსო მამაო, წარმოსდგა დღეს წმიდა სახსენებელი, ღმრთის-მსახურთა სულთა განმამხიარულებელი, პიმენ ღმრთივ-განბრძნიბილო, ღირსო მამაო ჩუენო.

დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის

ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: მიმსგავსებულ იქმენ ყოვლადმოწყალისა და მოიღე მადლი კურნებათა, ღუაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩუენთა სენნი განკურნენ და განსდევნენ ეშმაკისა საცთურნი ჩუენგან, რომელნი ვღაღადებთ: გუაცხოვნენ ჩუენ, უფალო.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 7: 35 – 8: 7 (დას. 139). მთ. 15: 29-31 (დას. 63).
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2 (დასი 52).

ლიტ.: 1 კორ. 7: 35 – 8: 7 

35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს. 36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. 37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, – დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა. 38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა. 39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. 40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.

1. ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს. 2. ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს. 3. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ. 4. რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა. 5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), 6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც. 7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.

ლიტ.: მთ. 15: 29-31 

29. წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა. 30. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი; 31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

დიდმოწ.: ინ. 15: 17-16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის“, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი – „ყოვლად ლომი“ დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, „განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა“, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს – მკურნალთა მთავარს, რომელიც „ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა“.
გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, პატიოსანმა მამამ უთხრა: „შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფ ჱ თქუენი, არარანი არიან“, შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.
ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, „განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე“, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: „ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაჲთა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაჲ ესე სახელითა შენითა!“ ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. „მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ“, მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.
ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.
მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. „შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეჲ იგი მისი“ და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული „ჰკურნებს… მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაჲსა“, და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაჰკიდეს, რკინის სამთითებით „ხუეტეს“ და „დაბძარეს“ ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი – ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: „აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაჲ“, უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ „წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტჱსსა“.
გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ „ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა“, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს „ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაჲ წმიდისაჲ მის“ და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი „არარაჲ ევნო“. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, „ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ“.
ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: „უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი“. მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს, „და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი“. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოჲ და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ.
დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.
ღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში. იგი ადრევე განერიდა ამსოფლიურ ამაოებას და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმიდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ვაჟისა და ქალის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს. ნეტარმა დედამ ღვთივსათნოდ განვლო მიწიერი ცხოვრება და წმინდანთა დასს შეერთო.