ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
სამშაბათი. ხსნილი
დიდმოწამისა შუშანიკ დედოფლისა (475, დაკრძალულია მეტეხის ტაძარში); ღირსისა მოსე შავისა (400); მართლისა ანა წინასწარმეტყველისა ღმრთისმიმგებებლისა, ფანოელის ასულისა (I).
დღის ლოცვები
ტროპარი: წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუვალი და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ-გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.
კონდაკი: დღეს მოხარულ არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და ღუაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი ვითხოვთ ქრისტესგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩუენთათვის დიდსა წყალობასა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 15: 21-28 (დას. 62).
ლიტ.: 2 კორ. 5: 15-21 (დას. 180). მკ. 1: 16-22 (დას. 3) – სამშ.
2 კორ. 6: 11-16 (დას. 182). მკ. 1: 23-28 (დას. 4) – ოთხშ.
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ცისკ.: მთ. 15: 21-28
21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს. 22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. 23. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. 24. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. 25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! 26. ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. 27. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. 28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
ლიტ.: 2 კორ. 5: 15-21
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. 16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ. 17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი. 18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა. 19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. 20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს, 21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
ლიტ.: მკ. 1: 16-22
16. ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 18. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას. 19. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში. 20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას. 21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. 22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
ლიტ.: 2 კორ. 6: 11-16
11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული. 12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში. 13. თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით. 14. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? 15. რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
ლიტ.: მკ. 1: 23-28
23. იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა: 24. რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო. 25. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. 26. შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან. 27. განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას? 28. და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
დიდმოწ.: ლკ. 7: 36-50
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475)
იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.
ქართლსმოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.
სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.
მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.
საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.
სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.
ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.
ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.
გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.
დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.
შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“.
იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“.
ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს… ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვასა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი.
ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.
ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ… შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა – „ტირილითა დიდითა… თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა.
სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.
მე-6 საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა (I)
ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400)
ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა – სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.
ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.
ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ შორს გავარდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და სენაკი დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის სენაკი იკითხეს. „არ ღირს მისვლა ამ ცრუ და უღირს ბერთან“, – უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს; ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს ბერი თავად მოსე იყო.
უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმიდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს – შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.
მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ – როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.
როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ“ (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსაუფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|