13.09.2024. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

პარასკევი. მარხვა 

დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (395-408 წ.წ.); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი, კართაგენელ ეპისკოპოსისა (258); გენადი კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (471). 

დღის ლოცვები 

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

ტროპარი: ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი. 

კონდაკი: ღმრთისშემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთისმშობელო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველი და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო. 

სხვა კონდაკი: პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 7: 10-16 (დას. 184). მკ. 2: 18-22 (დას. 9) – პარ.
ლიტ.: 1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). მთ. 20: 29-34 (დას. 82) – შაბ.
ღმრთისმშობ.: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).  

ლიტ.: 2 კორ. 7: 10-16 

10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია. 11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში. 12. ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე. 13. ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს. 14. ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ. 15. თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. 16. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.

ლიტ.: მკ. 2: 18-22 

18. იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა? 19. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ. 20. დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ. 21. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა. 22. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.

ლიტ.: 1 კორ. 1: 26-29 

26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. 27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. 28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,  29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.

ლიტ.: მთ. 20: 29-34 

29. როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი. 30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! 31. ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! 32. იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან? 33. მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო. 34. შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.

ღმრთისმშობლ.: ებრ. 9: 1-7 

1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ – ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.

ღმრთისმშობლ.: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადიუსის (395-408) დროს. ეს დიდი სიწმიდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისათვის, შემდგომ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდა კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-912) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეპყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია.
დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყლის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელმთავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმიდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახო და იგი მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი ილოცეს, შემდეგ კი სიწმიდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.
აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული. 
მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება – გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.
ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ეკლესიის კეთილმოწყობასა და ღვთისმსახურებსა და მრევლში არსებულ მანკიერებებთან ბრძოლას. ამ დროს, ღვთისმოყვარე იმპერატორ ფილიპეს ზეობისას, ქრისტიანები საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ აფრიკელ მართლმადიდებლებს შორის დიდი ბოროტებაც შეიპარა: არსებულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში მათ თანდათან გაუცივდათ გული სარწმუნოების მიმართ – უწინდელი საღმრთო შური მიწიერი სიტკბოების, სიმდიდრისა და ფუფუნების ტრფიალმა შეცვალა, ერთმორწმუნეთა შორის არსებული ძმური სიყვარული განქარდა, გლახაკები აღარავის ახსოვდა. კვიპრიანე ცდილობდა, სიტყვითა და პირადი მაგალითით გამოეფხიზლებინა ქრისტიანები და სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი დაენახვებინა მათთვის.
ამასობაში ტახტზე ავიდა ღვთისმოძულე დეკიუსი (249-251), რომლის შესახებაც წმიდანმა წინასწარ შეიტყო სიზმრისეული ჩვენებით. დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა.
ეპისკოპოსი კვიპრიანე მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით გაიხიზნა, რომ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით დახმარებოდა დევნილებს. კართაგენში კი ამაზრზენი ამბები დატრიალდა: ცხადად გამოჩნდა, თუ რა სახიფათოა შემსჭვალვა ამქვეყნიურ კეთილდღეობებზე, როგორ ანელებს ის ღვთის სიყვარულს. გულგრილმა ქრისტიანებმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყეს წარმართული მსხვერპლშეწირვის აღსრულება. ზოგიერთები არ სწირავდნენ კერპებს მსხვერპლს, მაგრამ ყიდულობდნენ მოწმობებს, რომ ეს წესი შესრულებული ჰქონდათ და ამგვარად ინარჩუნებდნენ სიცოცხლესა და ქონებას. განდგომილები ისე მრავლად იყვნენ, რომ მსაჯულები ვერ აუდიოდნენ უარყოფის ბარათების მიღებას და მომდევნო დღისთვის გადაჰქონდათ. თავის წერილებში წმინდა კვიპრიანე მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიემართათ ლოცვისთვის, როგორც ერთადერთი საიმედო იარაღისთვის, სთხოვდა ხუცესებს, ეზრუნათ სუსტებზე და უძლურებზე, ეღვაწათ დაცემულთა აღდგინებისათვის, ბრძანა, მთელი მისი ქონება გლახაკ მართლმორწმუნეთათვის დაერიგებინათ, რომ უპოვარების გამო არ მიმხრობოდნენ წარმართებს. იგი ითხოვდა, ჩაენიშნათ მოწამეთა მიცვალების დღეები, რომ შემდგომ ყოველწლიურად ამ დღეებში მათი ხსენება აღენიშნათ. წმიდა მამა ხარობდა მათ გამო, ვინც არ შეუშინდა მტარვალთა წინაშე ქრისტეს აღიარებას, მაგრამ შიშობდა, რომ ამ ღვაწლს ამპარტავნებაში არ ჩაეგდო აღმსარებლები და მამაშვილურად აფრთხილებდა: „დაე იყვნენ ისინი თავმდაბალნი, მშვიდნი და კეთილი მაგალითი მისცენ სხვებს შემდგომი მოქმედებითაც. ყველაზე მკაცრი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა. უფალმა ბრძანა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მთ. 24.13). დაე ჰბაძვიდნენ იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ თავისი ვნების წინ გვიჩვენა თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი, ფეხები დაჰბანა რა თავის მოწაფეებს… ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ეშინოდეთ მათ მტრის ხაფანგში მოხვედრისა, რომელიც, ნაგემები დამარცხებისთვის შურისძიების სურვილით აღძრული, მონდომებით ესხმის თავს ყველაზე ძლიერებს“.
კვიპრიანეს შიში გამართლდა: კართაგენის ეკლესიას განდგომილთა სულმოკლეობა იმდენად არ ტანჯავდა, რამდენადაც ზოგიერთი აღმსარებლის შეუფერებელი ამპარტავნება და საძრახი საქციელი. მათი ნაწილი, აღსრულებული ღვაწლით გაამაყებული, არღვევდა ეკლესიის წეს-კანონებს და საკუთარი სახელით აძლევდა წერილობით ნებართვებს იმ განდგომილებს, რომელთაც კრებულში დაბრუნება სურდათ; ეკლესიაში კი ოდითგანვე არსებობდა წესი, რომ მძიმე ცოდვილები მხოლოდ სრული მონანიების შემდეგ მიეღოთ უკან. გამოცდის ვადა იყო ერთი წლიდან სამ წლამდე, ცოდვის სიმძიმის მიხედვით, წეს-კანონების დარღვევამ ააღელვა რომისა და კართაგენის ეკლესიები და წარმოშვა განხეთქილება. რომაელმა ხუცესმა ნოვაციანემ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ღვთისგან განდგომილების უფლის ეკლესიაში მიღება ყოვლად დაუშვებელია და ვერანაირ სინანულს ვერ ძალუძს მათი ცოდვის აღხოცა. მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. წმიდა კვიპრიანე თავის ეპისტოლეებში გმობდა ნოვაციანელთა მწვალებლობას და იძლეოდა რჩევას, განდგომილებთან ურთიერთობაში შუალედური გზა აერჩიათ: თავი შეეკავებინათ ქარაფშუტული შემწყნარებლობისაგან, რომელიც შეცოდებულთაგან სინანულს არ ითხოვდა და ზედმეტი სიმკაცრისგანაც, სახარებისეული სწავლების სულს რომ არ ეთანხმებოდა.
ორი წლის შემდეგ, როცა დეკიუსი გარდაიცვალა, კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა. მისი არყოფნისას მორწმუნეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად ნეტარმა მღვდელმთავარმა მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც აღელვებულ ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და ერთობის დამყარება სცადა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ტახტზე ავიდა გალიენე (253-268), რომელმაც განაახლა ქრისტიანთა დევნა. კვიპრიანემ ამჯერად გადაწყვიტა, დარჩენილიყო ეპარქიაში და მრევლი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად მოემზადებინა.
მოლოდინის საპირისპიროდ, აფრიკის ოლქში მკვიდრ ქრისტიანებს ამჯერად დევნა თითქმის არც განუცდიათ, მაგრამ სხვა უბედურება დაატყდათ თავს – შავი ჭირის ეპიდემია. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპებოდა. აქ ცხადად გამოჩნდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ძლიერება. მღვდელმთავარ კვიპრიანეს მადლმოსილი სიტყვებით და პირადი მაგალითით აღფრთოვანებული ქრისტიანები არც სიცოცხლეს და არც ქონებას არ ზოგავდნენ მიცვალებულთათვის საკადრისი პატივის მისაგებად და განწირულთა დასახმარებლად, ზოგი მათგანი საკუთარ სახლში იფარებდა ავადმყოფებს. ამ დროს დაწერა წმიდა მამამ წიგნი „სიკვდილიანობის შესახებ“, სადაც წუთისოფლის ამაოებასა და სწრაფწარმავლობაზე საუბრობს და ცდილობს, ქრისტიანთა გონება მომავალი, მარადიული ცხოვრებისაკენ მიმართოს.
ის-ის იყო, ჟამიანობა შეწყდა, რომ ბარბაროსები შეიჭრნენ კართაგენის მოსაზღვრე, ნუმიდიის ოლქში და მრავალი ქრისტიანი ტყვედ წაასხეს. წმიდა კვიპრიანემ მრევლს მიმართა: „არა მარტო გრძნობა, სჯულიც გვავალებს, გამოვისყიდოთ დატყვევებული თანამოძმეები: ქრისტე მკვიდრობს მათში“. კართაგენელმა მართლმადიდებლებმა, მართლაც, გულთან მეტად ახლოს მიიტანეს ნუმიდიელთა გასაჭირი და უხვი შესაწირი გაიღეს მათ გამოსასყიდად.
253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე (253-260). მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარელი კარისკაცის, ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით სიძულვილით შეეცვალა – სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება. კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმიდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დიაკონი პონტიუსი ნებით გაჰყვა მას თან. იმ დღეს, როცა წმიდა ეპისკოპოსი გადასახლების ადგილზე ჩავიდა, უფალმა სიზმრისეული ჩვენებით აუწყა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულებოდა. დევნილობისას წმიდანმა მრავალი ეპისტოლე და წიგნი დაწერა.
დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. პროკონსულის ავადმყოფობის გამო სხდომა ერთი დღით გადაიდო. ის ღამე წმიდანმა ერთ-ერთი წარმართი მოხელის სახლში გაატარა. ქალაქში ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი და ამ სახლის სიახლოვეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დილით, როცა მღვდელმთავარი სამსჯავროს შენობისკენ წაიყვანეს, შეკრებილი ქრისტიანები თან გაჰყვნენ მას. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რომ მოისმინა, ქრისტეს ტარიგმა ღაღადჰყო: „დიდება უფალს!“ ხალხმა კი იხუვლა: „ჩვენც მასთან ერთად გვსურს სიკვდილი!“ სიკვდილით დასჯის ადგილს რომ მიაღწიეს, კვიპრიანემ აკურთხა ყველა და განკარგულება გასცა, მისი სახელით ოცდახუთი ოქროს მონეტა ებოძებინათ ჯალათისთვის. შემდეგ საკუთარი ხელით აიკრა თვალები, ხელები იქვე მდგარ ხუცესსა და იპოდიაკონს შეაბორკვინა და ქედი მოუდრიკა მახვილს. ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.
მოგვიანებით, კარლოს დიდის (771-814) დროს მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს საფრანგეთში.
წმიდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: ღვთივსულიერი თხზულებები და ოთხმოცი ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა. 
წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, ლეონ დიდის (457-474) მეფობაში. ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ ვხვდებით წიგნში „ლიმონარი“, სადაც ჩართულია სალამის (ალექსანდრიის მახლობლად) სავანის ბერების, ღირსი მამების, სოფრონისა და იოანეს მონათხრობები. ის ბერები პატრიარქ გენადის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები იყვნენ. მღვდელმთავარი გენადი გამოირჩეოდა სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით.
ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმიდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელთდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედული წმიდა წერილში.
კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი. ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე (ხს. 10 იანვარს). მღვდელმთავარმა აკურთხა ხუცესად ღირსი დანიელ მესვეტე (ხს. 11 დეკემბერს). ნეტარი მამა ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.