ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
შაბათი. ხსნილი
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა, ანუ საეკლესიო ახალი წელიწადისა.
ღირსისა სვიმეონ მესვეტისა ჰალაბელისა (ალეპო) (459); კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (წმ. ხატის პოვნისა 864). მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიაკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ევოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა ნავესი (XVI ს. ქრ.შ-მდე).
დღის ლოცვები
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა
ტროპარი: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა, უფალო, დაიცევ სამწყსო შენი, რომელი გევედრება ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.
კონდაკი: რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა, ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი ერი შენი, მრავალმოწყალე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) ეს. 61: 1-9. 2) ლევ. 26: 3-12, 14-17, 19-20, 22, 33, 40-41.3) სიბრძ. 4: 7-15.
ლიტ.: ახალი წლისა: 1 ტიმ. 2: 1-7 (დას. 282). ლკ. 4: 16-22 (დას. 13).
ღირ.: კოლ. 3: 12-16 (დას. 258). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
მწუხრ.: 1) ეს. 61: 1-9
1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. 2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა; 3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები – საუფლო ნერგი, რომ იდიდონ. 4. ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ. 5. დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. 6. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმეგათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე. 7. სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ. 8. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ. 9. განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია.
2) ლევ. 26: 3-12, 14-17, 19-20, 22, 33, 40-41
3. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, 4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. 5. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. 6. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. 7. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე. 8. ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. 9. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. 10. შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. 11. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. 12. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით.
14. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, 15. თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, 16. მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. 17. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.
19. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად – თქვენს მიწას, 20. ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები – თავის ნაყოფებს.
22. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები.
33. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
40. თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, 41. მეც რომ წავედი მათ წინააღმდეგ და მათი მტრების ქვეყანაში გადავასახლე ისინი, თუ მოეთრგუნებათ დაუცვეთავი გულები, მაშინ გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.
3) სიბრძ. 4: 7-15
7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.
ლიტ.: ახალი წლისა: 1 ტიმ. 2: 1-7
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, 2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით, 3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის – ჩვენი მაცხოვრის თვალში, 4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას. 5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო, 6. რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე; 7. რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით.
ლიტ.: ახალი წლისა: ლკ. 4: 16-22
16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა. 17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა: 18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, 19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად. 20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას. 21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. 22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
ღირ.: კოლ. 3: 12-16
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
ღირ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
დაწყება ინდიქტიონისა – ეკლესიურის ახლისა წელიწადისა
312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.
შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.
მართალი ისუ, ძე ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე)
წმიდა მოწამენი: კალისტა და ძმანი მისნი ევოდი და ერმოგენი (IV)
წმიდა მოწამენი: 40 ქალწულნი და ამონა დიაკონი, მოძღვარი მათი (IV)
ღირსი სვიმეონ მესვეტე – არქიმანდრიტი (+459)
ხილვის შემდეგ უფლის რჩეული წამოდგა, მახლობლად მდებარე მონასტერს მიაშურა და შვიდი დღე ჭიშკართან მდგომი, მშიერ-მწყურვალი ცრემლებით ითხოვდა მიღებას. კვირის თავზე იგი საძმოში ჩარიცხეს. თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით ყველა ძმას გადააჭარბა. ის იმდენად მკაცრად ეპყრობოდა საკუთარ თავს, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვები, უფრო სუსტები, მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ და წმიდანს სავანის დატოვება უბრძანა. ახოვანმა მოსაგრემ ბევრი იხეტიალა უდაბნოსა და მთებში, ბოლოს კი ერთი ამომშრალი ჭის ფსკერზე დამკვიდრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა ჩვენებით იხილა ანგელოზები, რომლებმაც მას სვიმეონის სავანეში დაბრუნება უბრძანეს. წინამძღვარმაც ძმებთან ერთად მოძებნა სიკვდილის პირას მისული მამა და მონასტერში მიიყვანა, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. უფლის რჩეულმა დაბა ტალანისის მახლობლად მდებარე ვიწრო გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც სამი წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში. ერთხელ მან გადაწყვიტა, მთელი დიდმარხვის მანძილზე არანაირი საჭმელი და სასმელი არ მიეღო. ღვთის შეწევნით შეასრულა კიდეც განზრახვა და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს წმიდა ორმეოცს ასე ატარებდა. ამასთან, ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი – იჯდა. სამი წლის შემდეგ წმიდა სვიმეონმა მთის წვერზე დაიწყო მოსაგრეობა. აქ მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, თან ყველას კურთხევის მისაღებად წმიდანთან შეხება სურდა. ასეთმა თაყვანისცემამ და შფოთმა მეტად დაამძიმა ნეტარი და სათავე დაუდო მანამდე არნახულ ღვაწლს: ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი – ოცდათექვსმეტ წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.
სვიმეონის ამგვარი ჯერ არ გაგონილი ღვაწლის შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა შეიტყვეს და გამოცდის მიზნით სვიმეონთან მოციქულები გაგზავნეს, „რაჲთა შეჰრისხნენ მას უცხოჲსა მისთჳს მოგონებისა და ასწაონ სლვად გზასა განტკეცილსა, რომელი წარუვლიეს სხუათა წმიდათა პირველ მისსა“; თან წარგზავნილები დაარიგეს, რომ თუ სვიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებინათ, რადგან მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ მისი მოღვაწების ახალი სახე ღვთისგან იყო. როცა მოციქულები მივიდნენ წმიდანთან და მამათა კრებულის გადაწყვეტილება ამცნეს, მან მაშინვე ჩამოსვლა დააპირა. ეს რომ იხილეს, მივლინებულებმა შეაჩერეს იგი, მამათა ნება განუცხადეს და „ჰლოცვიდეს მას სამარადისოდ და შეუცვალებელად დგომად სვეტსა მას ზედა“.
ბოროტი გამუდმებით ცდილობდა, შეერყია წმიდანის სიმტკიცე, მაგრამ ნეტარი უფლის შემწეობით ყოველთვის სძლევდა საცდურებს. ერთხელ ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ცეცხლოვან ცხენებშებმულ ეტლში ეჩვენა სვიმეონს და ამცნო, შენი წმიდა ცხოვრება იმდენად სათნოეყო უფალს, რომ ზეცაში შენს ცოცხლად ასატაცებლად გამომგზავნაო. უფლის რჩეული ცდუნდა და მარჯვენა ფეხი გადადგა ეტლზე დასადგმელად, თან პირჯვარი გადაისახა, მაშინ დემონი გაქრა. სვიმეონი მიხვდა, რომ ყველაფერი მტრის ხრიკები იყო.
ღირსმა სვიმეონმა ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.
ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.
სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს (864)
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.