ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-12 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.
ხსნილი
მოწამისა მამაჲსი (275), მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი (III); ღირსისა იოანე მმარხველისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (595); მოწამეთა 3628-თა (3608-თა) ნიკომიდიელთა (III-IV).
დღის ლოცვები
კონდაკი: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხორება-შემოსილთა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხთა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომელნი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: 1 კორ. 15: 1-11 (დას. 158). მთ. 19: 16-26 (დას. 79).
მოწ.: რომ. 8: 28- 39 (დას. 99). ინ. 15: 1-7 (დას. 50).
ცისკ.: მთ. 28: 16-20
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ. 17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა. 18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. 19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
ლიტ.: 1 კორ. 15: 1-11
1. თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ. 2. მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ. 3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, 4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა, 5. და გამოეცხადა კეფას, მერე კი – თორმეტს; 6. ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა; 7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი – ყველა მოციქულს; 8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს. 9. რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას. 10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან. 11. ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც.
ლიტ.: მთ. 19: 16-26
16. და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? 17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი. 18. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო; 19. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ? 21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში. 24. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. 25. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება. 26. შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.
მოწ.: რომ. 8: 28- 39
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
მოწ.: ინ. 15: 1-7
1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. 2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. 3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. 6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა – რუფინე (III)
იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. „ადვილ წარსატყუენველ ჰგონებდა მათ ვერაგი იგი სიჩოჲსათჳს ჰასაკთა მათთაჲსა“. ბავშვები, „ვითარცა ჭეშმარიტად ყრმანი“, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამაი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღვთისთვის შეეწირათ „მსხუერპლი, სიტყჳერი და სულიერი“. როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამაის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ: წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და უშიშრად ამხილა უსულო კერპების თაყვანისმცემელთა უგუნურება. გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს; მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.
ორმოცი დღე მამაიმ უჭმელ-უსმელად გაატარა, შემდეგ ღვთისგან სასწაულებრივ კვერთხი ებოძა რომელიც ზეგარდმო ბრძანების თანახმად მიწას დაჰკრა და მისი წიაღიდან წმიდა სახარება ამოვიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და აქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით.
მალე წმიდა აღმსარებელს ბუნების ძალებზე საკვირველი ხელმწიფება მიენიჭა: უდაბნოში მკვიდრი მხეცები მის სამკვიდრებელთან იკრიბებოდნენ და სახარების კითხვას უსმენდნენ. ნეტარი ქურციკებისა და ირმების რძით იკვებებოდა, მოყვასთა გასაჭირსაც არ ივიწყებდა და ამ რძისგან დამზადებულ ყველს გლახაკებს ურიგებდა.
მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ უვნებელი დარჩა, მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ მათ კრძალვით თაყვანისსცეს და ამბორს-უყვეს… ეს სასწაულები „ქვისაცა მოლბობად კმა-იყვნეს“, მაგრამ მმართველი კიდევ უფრო გაფიცხდა და ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით. წმიდანის აღსასრულის წინ „ჴმაჲ ზეგარდამო მოიწია, რომელი მოუწოდდა მოღუაწესა საყოფელთა მიმართ მკჳდრ წარუვალთა“.
მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი მისი მიცვალების ადგილზევე დაკრძალეს.
წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულნი (III-IV)
ღირსი იოანე მმარხველი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+595)
წმიდა მამა საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითით ასწავლიდა მორწმუნეებს ვნებების მოთოკვასა და თავის ფლობას. როცა კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სულთმოფენობის დღესასწაულის მიმწუხრზე დოღის ცქერით დამტკბარიყვნენ და ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებდა დღესასწაულის აღქმას, ნეტარი მღვდელმთავარი მუხლებზე დაეცა და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს მისი სამწყსოს ეს უსჯულო განზრახვა განექარვებინა. და, აი, როგორც კი კონსტანტინოპოლელებმა ასპარეზზე თავი მოიყარეს, უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ატყდა ჭექა-ქუხილი, ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა და სანახაობაც ჩაიშალა. წმიდა იოანეს ისე უყვარდა გლახაკები, რომ უშურველად ურიგებდა მათ ყველაფერს, რაც გააჩნდა და, როცა მიიცვალა, ძველი სამოსლის გარდა არაფერი დარჩენია. ნეტარმა მამამ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.