ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
ორშაბათი. ხსნილი
მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელ ეპისკოპოსისა, და მის თანა წამებულთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისა, მიგდონისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი (302); ღირსისა თეოქტისტესი, ეფთვიმე დიდის თანამმარხველისა (467); წმიდისა ფიბი დედათდიაკონისა (I); მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309); მღვდელმოწამისა არისტიონ ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა; იოანიკე II სერბელი პატრიარქისა (1354); აჰრონისა, ელიაზარისა და ფინეეზისა – მღვდელთა (XVI ს. ქრ. შობამდე).
დღის ლოცვები
მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებითა ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 8: 7-15 (დას. 186). მკ. 3: 6-12 (დას. 11).
მღ.მოწ.: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: 2 კორ. 8: 7-15
7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც. 8. ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს. 9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან. 11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ. 12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. 13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ – ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს. 14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. 15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.
ლიტ.: მკ. 3: 6-12
6. და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას. 7. და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას? 8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 9. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 10. ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო? 11. მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს. 12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?
მღ.მოწ.: ებრ. 13: 7-16
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
მღ.მოწ.: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა თებე დიაკონისა (I)
მღვდელმოწამე ანთიმოზი – ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან წმიდა მოწამენი: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი, გორგონიოსი, ზენონი, დომნა ქალწული და ექვთიმე (+302)
წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი (+309)
ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა (+467)
მღვდელმოწამე არისტიონი – ალექსანდრიელი ეპისკოპოსი
წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი (+1349)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.