17.09.2024. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 17.09.2024.

სამშაბათი. ხსნილი 

 

ღირსისა სვიმეონ გარეჯელისა, წინასწარმეტყველისა და სასწაულთმოქმედისა (1773); 

მღვდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მის თანა მოწამეთა სამთა ყრმათა: ურბანისა, პრილიდიასი (251); წინასწარმეტყველისა ღმრთისმზილველისა მოსესი (1531 წ. ქრ. შ-მდე); მოწამისა ერმიონიასი, 70-თაგან მოციქულისა ფილიპე დიაკონის ასულისა (117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მის თანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); იოასაფ ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (წმ. ნაწ. პოვნა 1911); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსა ეწოდების „მაყვალი შეუწველი“ (1680) · 

დღის ლოცვები 

წინასწარმეტყველი მოსეს, ღვთისმხილველის

ტროპარი: მართალო, მშვიდო და გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დამნთქმელო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინაისწარმეტყუელთა დასაბამო მოსე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ტროპარი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინაისწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ ხილვად დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარნი სჯულისა მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინაისწარმეტყუელთა დიდებაი, და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე. 

კონდაკი: გუნდნი წინაისწარმეტყუელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასწაულობენ, რამეთუ აღსასრული წინაისწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ჯუარი, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 8: 16 – 9: 5 (დას. 187). მკ. 3: 13-19 (დას. 12).
ღირ.: გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. მთ. 43 დას. 11: 27-30. 

ლიტ.: 2 კორ. 8: 16 – 9: 5 

16. მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ. 17. რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ. 18. მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. 19. მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად. 20. თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით. 21. რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც. 22. მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი. 23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი. 24. მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით. 

1. რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე. 2. რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი. 3. ძმები კი იმიტომ წარმოვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ, 4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ. 5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად – ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.

ლიტ.: მკ. 3: 13-19 

13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. 14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, 15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. 16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. 17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; 18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. 

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოსე წინასწარმეტყველი, ებრაელთა წინამძღვარი და სჯულისმდებელი, ლევიტელთა ტომის ჩამომავალი იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ტყვედ წასხმული ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ერი არ გამრავლებულიყო. ამ ბრძანების შიშით მოსეს დედა სამი თვე მალავდა შვილს, შემდეგ კი, „ვითარ იგი ვერღარა ეძლო დამალვად“, გაფისულ კიდობანში ჩააწვინა და მდინარის პირას, ლერწმოვანში დატოვა. აქ ყრმა საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ასულმა იპოვა, შეებრალა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.
მეფის სასახლეში მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა, ეგვიპტურ მწიგნობრობაში განისწავლა, მაგრამ თავს მშვიდად ვერ გრძნობდა: იცოდა, რომ ებრაელი იყო და აწუხებდა ის ჭირი და უბედობა, რომელსაც მისი თანატომელები ეგვიპტელთაგან ითმენდნენ. ერთხელ მოსემ დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მოკლა ეგვიპტელი, მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი, ფარაონის რისხვას განრიდებული, მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ უფლის რჩეული იოთორ მღვდელთან დაბინავდა და მისი ასული შეირთო ცოლად.
მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ქორების მთის მახლობლად მიჰყავდა, მან იხილა ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან მოესმა: „მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი… აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მას. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით“. მოსე შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ, მაგრამ უფალმა აღუთქვა: „მე ვიყო შენ თანა“, სასწაულთ-ქმედების ძალა მისცა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი და შემწედ მისი ძმა – აარონი დაუნიშნა. მოსე დაემორჩილა ზეგარდმო მიღებულ ბრძანებას და ეგვიპტეში წავიდა.
წინასწარმეტყველი აარონთან ერთად წარდგა ფარაონის წინაშე და უფლის ნება აუწყა, მაგრამ უღმრთო ხელისუფალმა უარი განაცხადა ებრაელთა გაშვებაზე. ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტეს: მოსეს სიტყვით მდინარეებში, ტბებში და ჯურღმულებში წყალი სისხლად იქცა; სეტყვამ და კალიამ გაანადგურა ნათესები; სამდღიანი წყვდიადი ჩამოწვა ქვეყანაში… მაგრამ გაკერპებული ფარაონი მაინც თავისაზე იდგა. მეორედან დაწყებული, სასჯელად მოვლენილი ყოველი უბედურების ჟამს იგი პირობას დებდა, რომ გაათავისუფლებდა ისრაელებს, მაგრამ, როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებდა, კვლავ უკან მიჰქონდა თავისი სიტყვა. უსჯულომ მხოლოდ მაშინ შეასრულა უფლის ბრძანება, როცა, ღვთის ნებით, ანგელოზმა ეგვიპტელების ყველა პირველშობილი ძე დახოცა.
ეგვიპტიდან ექვსი ათასამდე კაცი გამოვიდა ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი ღვთის მფარველობითა და მოსეს წინამძღვრობით გაუდგნენ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. მეწამულ ზღვას რომ მიუახლოვდნენ, ლტოლვილებმა მდევრები შენიშნეს: მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო ზღვა. ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გადაიარეს, მდევრებიც უკან მიჰყვნენ. მაშინ მოსემ კვლავ დაჰკრა ზღვას კვერთხი, წყალი შეერთდა და ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო.
უფალმა კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა თავისი რჩეულის მეშვეობით: მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახადა, მშრალი კლდიდან წყალი გადმოადინა…
რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა – ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და „განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ“. მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს.
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს ისრაელები სინას მთას მიადგნენ. მთაზე ასულ მოსეს უფალმა ამცნო, თავისი ხალხისთვის ეუწყებინა: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა“. როცა წინასწარმეტყველმა ბრძანება შეასრულა, მთელმა ერმა ერთხმად იქუხა: „ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ“. კვლავ მთაზე ამაღლდა მოსე და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა, რის შემდეგაც უფლისგან მიიღო ქვის ორი ფილა, ზედ დაწერილი ათი მცნებით; ღმერთმა მას მისცა სხვა კანონებიც, რომლებიც ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნშია შესული, და უბრძანა, აეშენებინა სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. უფლისავე ბრძანებით მოსემ თავისი ძმა – აარონი მღვდელმთავრად დაადგინა, მისი შვილები – მღვდლებად, ლევის დანარჩენი შთამომავლობა კი – მოძრავი ტაძრის მსახურებად.
სჯულის მიღების შემდეგ ებრაელები მალე მიუახლოვდნენ ქანაანის ქვეყანას, მაგრამ დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობის-თვის ღმერთმა მათ უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა მიუსაჯა. მეორმოცე წელს მოსემ უფლის რჩეული ერი ქანაანის საზღვართან მიიყვანა, თვითონ კი შორიდან შეხედა აღთქმულ ქვეყანას და მიიცვალა. ამ დროს იგი ასოცი წლისა იყო. მოსე წინასწარმეტყველის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. 
წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს (ხს. 11 ოქტომბერს) ასული იყო.
სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.
ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. მას სიმტკიცე შეჰმატა საყდარზე მჯდომარე მაცხოვრის გამოცხადებამ. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.
იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. უსჯულო თვითმპყრობელის განკარგულებით მარტვილი ჯერ დაუნდობლად გვემეს, შემდეგ ლურსმნები ჩააჭედეს ფეხისგულებში, ბოლოს კი მდუღარე ფისით, კალითა და გოგირდით სავსე ქვაბში ჩააგდეს. წმიდა ერმიონია ყველაფრისათვის მადლობას სწირავდა უფალს, ღმერთმაც წყალობის თვალით გადმოხედა და ქრისტეს მხევალი უვნებელი დარჩა. ეს სასწაული საკმარისი არ აღმოჩნდა უღმრთო ხელისუფლის გონს მოსაყვანად: ამჯერად მან წმიდანის გახურებულ ტაფაზე წამება ბრძანა. აქაც საკვირველება აღესრულა: ერმიონია ისე იდგა ტაფაზე, როგორც მწვანე მოლზე და გალობით განადიდებდა ღმერთს.
ქრისტეს მხევალი ჰერკულესის კერპისთვის მსხვერპლის შესაწრად წაიყვანეს. წარმართულ ტაძარში რომ შევიდნენ, ერმიონიას ლოცვის პასუხად საშინელი გრუხუნი გაისმა, ცრუღმერთის ყველა ქანდაკი დაიმსხვრა.
განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს – თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს). 
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა მესამე საუკუნეში, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს ეწამნენ. ერთხელ უღმრთო იმპერატორმა – ერთი ცნობით – დეკიუსმა (249-251), სხვა წყაროებით – ნუმერიანემ (283-284), საძაგელი კერპთმსახურების შემდეგ საღვთო ლიტურგიაზე დასწრება და ტაძარში თავისი შესვლით მისი შეგინება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ მწირველს – ღვთისმოშიშ მღვდელმთავარ ბაბილას აუწყეს, იგი წინ აღუდგა უსჯულო ხელისუფალს, „მარჯუენითა თჳსითა სცა მკერდსა მისსა და ესრეთ დააყენა იგი ეკლესიად შესლვისაგან“. მტარვალს სურდა, იქვე ეძია შური წმიდანზე, მაგრამ შემოკრებილ ქრისტიანთა სიმრავლის აღშფოთებას დაერიდა, „აღჳრ-ასხნა ბოროტსა მას კადნიერებასა თჳსსა“ და სასახლეში გაბრუნდა.
მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, ცეცხლისთვის მიეცათ ქრისტიანთა ტაძარი, ეპისკოპოსი ბაბილა კი მისთვის მიეგვარათ. უსჯულო მეფის კითხვაზე, ვისი იმედით გაბედეო ჩემი ღირსების შეურაცხყოფა და ტაძარში არშეშვება, ნეტარმა მამამ მიუგო: „ქუეყანასა ზედა არა ვისითა სასოებითა ვყავ ესე, გარნა ზეცისა მეუფისაჲთა, რომელმან-იგი მწყემსად თჳსთა ცხოვართა დამადგინა და მგლისა მიმართ მომავალისა ძილად უდებებით არა მიტევებს. ამისთჳსცა არა თუ მეფესა ვაგინე, რამეთუ ამისი ქმნაჲ გარეგან არს შჯულისა და არა მშორობელ სიბორგილისა, არამედ სიწმიდისა შეგინებად შემავალი და განმცდელი დავაყენე“.
იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარს მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და ამით გამოესყიდა დანაშაული; წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მარტვილის სიმტკიცე შეურყეველი იყო, მხედართმთავარს უბრძანა, ბორკილები დაედო წმიდა მამისთვის, ქალაქში, „შორის თეატრონისა და ყოველთა სახილველისა“ ეტარებინა და ასე მიეყვანა საპყრობილეში. მტარვალი იმედოვნებდა, რომ წმიდანი ბრბოსგან აბუჩად აგდებას ვერ აიტანდა. პირველმა თავად დაუწყო დაცინვა: როგორ გშვენისო ეს საკვრელები და ბორკილები, „რამეთუ თჳს-ეყვიან იგინი მოხუცებულებრსა მაგას შენსა განშუენებით მოძრაობასა!“ ნეტარმა ბაბილამ უპასუხა: „შენ სამე კიცხევით და ლიქნით იტყჳ სიტყუათა მათ, ხოლო მე ესოდენ განვშუენდები ამათ მიერ, ვიდრეღა არცა თუ შენ, ჵ მეფე, ყუავილოვნებითა მაგით და პორფირითა და გჳრგჳნისა ბრწყინვალებითა“.
წმიდა ეპისკოპოსს თან ახლდა სამი ყრმა, „მოხუცებულნი სიბრძნითა გონებისაითა, რომელნი – იგი მოსწრაფებით ისწავებდეს ღმრთისმსახურებასა“. მათ განსაცდელის უმძიმეს წუთებშიც არ ისურვეს მოძღვრის დატოვება. როცა იმპერატორმა ბავშვების ვინაობა იკითხა, ბაბილამ უპასუხა: ესენი ჩემი სულიერი შვილები არიან, თუ მათ გამოცდი, მაშინ სცნობ, „თუ ვითარნი არიან თესლნი სიტყუათა ჩემთანი და უფროჲსღა მათისა მის ჩუენდა მომცემელისა ღმრთისანი“. მტარვალის წინაშე წარმდგარმა ყრმებმა და მათმა დედამ – ქრისტეს ერთგულმა მხევალმა ქრისტოდულამ მართლაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. როცა თვითმპყრობელმა ვერანაირი ღონისძიებით ვერ შეძლო წმიდანთა ცდუნება და ქრისტეს უარყოფაზე დაყოლიება, ბრძანა, იმდენ ალაგას დაესერათ მათი სხეული, რამდენი წლისაც იყო თითოეული. ყრმათაგან უფროსს თორმეტი ჭრილობა მიაყენეს, შუათანას – ათი, ნაბოლარას კი – შვიდი. იმპერატორმა ქრისტეს ტარიგთა ახოვნება რომ იხილა, მათთვის თავების მოკვეთის განკარგულება გასცა. 
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს: ჯერ რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ აბანოში გამოკეტეს. მარტვილები რომ არ გაქცეულიყვნენ, კარებს სამეფო ბეჭედი დაადეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ისინი. მხედრებმა კვლავ შეიპყრეს წმიდანები და ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. ქრისტეს ტარიგებმა ჯერ დრო ითხოვეს ლოცვისთვის, შემდეგ კი სიხარულით შეჰვედრეს სული უფალს. უსჯულოებმა მათი ცხედრები დაჩეხეს და დაწვეს. 
წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმიდა ბაბილამ უღმრთო ხელისუფლების წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წამების დროს მარტვილი განუწყვეტლივ შეჰღაღადებდა ღმერთს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მე, მხცოვანი და უძლური, განმაჭაბუკე და განმამტკიცე“. ღვთისმოძულეებმა ქვები დაჰკრიბეს უფლის რჩეულს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. ორმა მათგანმა, ამონიუსმა და დონატუსმა, მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და დემონებს მსხვერპლს არ შევწირავთ!“ ბავშვებისგან მოულოდნელი პასუხით გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ. უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბაბილა გალობით მადლობას სწირავდა უფალს. 
წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს – მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი კანონიზაცია მოხდა 1911 წლის 4 სექტემბერს. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.