ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 18.09.2024.
ოთხშაბათი. მარხვა
წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა – მშობელთა იოანე ნათლისმცემელისა (I); მოწამისა თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (98-138); მოწამისა სარვილესი; მოწამისა რაისასი (დაახლ. 308); იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77 მამათა, ნიკომიდიას წამებულთა (370); მოწამისა აბდეა სპარსელისა (V)
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი ზაქარიასი და მართლისა ელისაბედის, მშობელთა იოანე ნათლისმცემელის
ტროპარი: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლადდასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელშვენიერად შესწირენ, ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი, ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინაისწარმეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: დღეს წინაისწარმეტყუელმან და მღდელმან უფლისამან ზაქარია, მშობელმან წინამორბედისამან, წინადაგვიგო ტაბლაი წინაისწარმეტყუელებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი და სასუმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია; ამისთვისცა იდიდა, ვითარცა საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 189 დას. 9: 12 – 10: 7. მკ. 13 დას. 3: 20-27.
წინასწარმეტყველისა ზაქარიასი: ებრ. 6: 13-20. (314). მთ. 23: 29-39. (96).
2 კორ. 9: 12 – 10: 7
12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს, 13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც; 14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე. 15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
1. ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას – მდაბალი, შორიდან კი – თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით: 2. ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. 3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით. 4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. 5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. 6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. 7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
20. მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. 21. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. 52. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 23. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? 24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. 25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. 26. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. 27. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი.
ებრ. 6: 13-20
13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა, 14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“. 15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა. 16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული. 17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს. 18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს, 19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს, 20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
მთ. 23: 29-39
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; 30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. 32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. 33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? 34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. 39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი – მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)
როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23,35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.
წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა (+98-138); წმიდა მოწამე სარვილე
წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)
წმიდა რაისა 23 ოქტომბერსაც იხსენიება ირიადას სახელით.
წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი (+361-363)
წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი სასულიეროთაგანნი – ნიკომიდიას წამებულნი (+370)
წმიდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთში წამებული (V)
წმიდა მოწამე სარვილე
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.