ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 19.09.2024.
ხუთშაბათი. ხსნილი
ხსენება სასწაულისა, ქმნილისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (რომელ არს ხონა) (IV); მოწამეთა: ევდოქსისა, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამისა რომილესი და მის თანა სხვათა მრავალთა წამებულთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მონაზონისა, დიონისი წიგნისმკითხველისა, ანდრონიკე მხედრისა, თეოკთისტე მენავეთმოძღვრისა, მაკარი მოქალაქისა, ანდრეს კურიკტორისა, სარაპამფო განმზრახისა, კვირიაკე ერისკაცისა და მეუღლისა მისისა კლეოდისა, რომელიც იყო მიდგომილი, და დათა: პელაგია და თეკლა ქალწულთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI).
დღის ლოცვები
ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო.
კონდაკი: მთავარანგელოსო ღმრთისაო მიქაელ, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისაო, ანგელოზთა მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენ დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 10: 7-18 (დას. 190). მკ. 3: 28-35 (დას. 14).
მთავარანგ.: ებრ. 2: 2-10 (დას. 305). ლკ. 10: 16-21 (დას. 51).
ლიტ.: 2 კორ. 10: 7-18
7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. 8. რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი? 9. მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ. 10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი – უფასურიო. 11. ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან – წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ – საქმით. 12. რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან. 13. ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის. 14. ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით. 15. არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. 16. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით. 17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. 18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.
ლიტ.: მკ. 3: 28-35
28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ. 29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. 30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო. 31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. 32. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო. 33. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები? 34. თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები. 35. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.
მთავარანგ.: ებრ. 2: 2-10
2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში, 4. ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ? 5. რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ. 6. არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? 7. ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ 8. და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს; 9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო. 10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
მთავარანგ.: ლკ. 10: 16-21
16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა (IV)
მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს.
ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი (+107-115)
სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.
წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე (+დაახლ. 250)
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV)
წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი (+311)
როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა მართლმორწმუნე, რომელიც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა, ქრისტიანთა გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის დიდგვაროვნებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, თავი აარიდეს მოსალოდნელ ტანჯვა-წამებას და სხვადასხვა ქვეყნებში გაიხიზნნენ. ევდოქსიმ დატოვა მაღალი თანამდებობა და მეუღლესთან – ბასილისასთან და მთელ სახლეულთან ერთად სომხეთის ქალაქ მელიტინას მიაშურა.
როცა ქალაქის მმართველმა წმიდანის ჩამოსვლა შეიტყო, მხედრები გაგზავნა მის მოსაძებნად. მეომრები შეხვდნენ გლახაკის სამოსელში გადაცმულ მარტვილს, ვერ იცნეს იგი და ევდოქსის ადგილსამყოფელი ჰკითხეს. წმიდანმა თავისი ვინაობა დამალა, სახლში მიიწვია მეომრები და ღამეც გაათევინა. მხედრებთან შეხვედრა მან უფლისგან მოწამეობრივი ღვაწლისთვის მოწოდებად აღიქვა და დილით სტუმრებს თავისი ვინაობა განუცხადა. მეომრები შეწუხდნენ და ევდოქსის შესთავაზეს, „არა განგცეთ ჩუენ კეთილი ეგე მასპინძელი ჩუენი, არცა მივაგოთ ბოროტი უცხოთმოყვარებასა შენსა“; მაგრამ მარტვილმა უარი განაცხადა. მან მეუღლეს მოუხმო, „განგებაჲ სახლისა თჳსისაჲ განუწესა“ და სთხოვა, ჩემი მოწამეობრივი აღსასრულის დღეს კი ნუ იგლოვ, იზეიმეო. ევდოქსის თან გაჰყვნენ მეუღლე ბასილისა და მისი მეგობრები – ზენონი და მაკარი. ქალაქის თავი წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის საფასურად სიცოცხლის, მაღალი მდგომარეობისა და ქონების შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ ნეტარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. იქვე მდგომმა ათასზე მეტმა მეომარმა, ქრისტეს ფარულმა აღმსარებელმა, მიჰბაძა ნეტარს. შეცბუნებული მმართველი იმპერატორს დაეკითხა, როგორ მოქცეულიყო, „ხოლო მან უბრძანა, რაჲთა წინამძღუარნი იგი ესევითარისა მის კადნიერებისანი მძიმეთა სატანჯველთა შესთხინეს, ხოლო სხჳსა მის ერისათჳს, ვითარცა თჳთ ენებოს, ეგრეთ განაგოს“. წმიდა ევდოქსი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასასჯელად გაიყვანეს. აღსასრულის წინ მარტვილი იქვე მდგომ აცრემლებულ ბასილისასკენ მიბრუნდა, გაამხნევა და სთხოვა, მიმნად წოდებულ სოფელში დაეფლა მისი გვამი; შემდეგ მეგობარს – ზენონს უწინასწარმეტყველა, ერთად წარვდგებითო უფლის წინაშე. ამ სიტყვებით აღფრთოვანებულმა ზენონმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე. მეუღლის ხვედრის გაზიარების მოსურნე ბასილისამ უშიშრად ამხილა უსჯულო ხელისუფალი. ქალაქის თავი მიხვდა მხნე აღმსარებლის გულისწადილს, არ აწამა იგი და გააძევა. წასვლის წინ ნეტარმა დედამ მტარვალს მიმართა: შენი ხელით სიკვდილი თუ ვერ ვპოვე, გგონია, გვირგვინს დავაკლდები? დაფარულთა მხედველი ჩემი მეუფე მარტვილობის სურვილსაც აღსრულებულ ღვაწლად მიმითვლის და ჩემი ქმრის თანასწორ საზღაურს მომაგებს!
შვიდი დღის შემდეგ ევდოქსი ძილში ეჩვენა ბასილისას და ამცნო, ჩემს მეგობარსა და ეზოსმოძღვარ მაკარის გადაეცი, რომ მე და წმიდა ზენონი მის მოსვლას ველოდებითო. ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მმართველთან, აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. ამ დროს კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებისათვის (+311-312).
ღირსი არქიპო (IV)
ღირსი დავითი (VI)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.