24.09.2024. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

24.09.2024. სამშაბათი. ხსნილი 

ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული. მოწამეთა: 300-თა არაგველთა და კრწანისის ომში საქართველოსთვის მოწყვედილთა სამღვდელოთა და საეროთა (1795); ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმო ასურელთა; მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილუანე ათონელისა (1938).

დღის ლოცვები 

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის კონდაკი:
ხორცნი განლიენ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 12: 20-13: 2 (დას. 196). მკ. 4: 24-34 (დას. 17).
არაგველთა – მოწ.:  რომ. 8: 28-39. მთ. 10: 16-22 

ლიტ.: 2 კორ. 12: 20-13: 2 

20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა. 21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ. 

1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. 2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.

ლიტ.: მკ. 4: 24-34 

24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. 25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში. 27. სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. 28. რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. 29. და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. 30. და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფეველი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? 31. ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად. 32. მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ. 33. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 34. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.

არაგველთა – მოწ.:  რომ. 8: 28-39 

28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

არაგველთა – მოწ.: მთ. 10: 16-22 

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე. წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი (ხს. 13 სექტემბერს) ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს იგი და მმართველ დიმიტრის მიჰგვარეს. ეს უკანასკნელი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, ჭეშმარიტი ღვთის გმობაზე დაეყოლიებინა უფლის რჩეული, ბოლოს კი, უღონოქმნილმა, მისი წამება დაიწყო. კორნილიოსი მხნედ ითმენდა სატანჯველებს, თან ქალაქის თავს მოუწოდებდა, განდგომოდა წარმართულ ცრუსარწმუნოებას და ქრისტიანობაზე მოქცეულიყო. როცა მარტვილი საკერპოში მიიყვანეს, მან ლოცვით დაარღვია ბომონი მასში მდგარი კერპებითურთ. ყოველივე ამან დიმიტრი დაარწმუნა კორნილიოსის ღმერთის ყოვლისშემძლეობაში და მთელი ოჯახით მოინათლა. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს. 
წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან (ხს. 4 აგვისტოს), რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (იხ. 4 აგვისტოს საკითხავი). 
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს. მათ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით წმიდა თეოდორა საშინელ ცოდვაში ჩავარდა. ჭაბუკმა, რომელსაც ძალიან მოსწონდა თეოდორა, ერთი ცრუ და მლიქვნელი დედაკაცის დახმარებით შეძლო მისი ცდუნება. თეოდორამ უღალატა მეუღლეს და, როცა „განსრულდა ცოდვაჲ იგი“, მხოლოდ მაშინ გულისხმაყო, „რაჲ-იგი შეამთხჳა სულსა თჳსსა“; გამთენიისას დედათა მონასტერს მიაშურა და დაუფარავად აღიარა თავისი ცოდვა. ამის შემდეგ, ყოვლადმოწყალე ღმერთის მსასოებელმა გადაწყვიტა, მონაზვნური ღვაწლით, ლოცვითა და მარხვით განეწმინდა შებილწული სული. მან ფარულად დატოვა ოჯახი, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მამათა მონასტერს მიადგა, რადგან ეშინოდა, დედათა მონასტერში ქმარს არ მიეკვლია მისთვის. იღუმენმა, მოსულის სიმტკიცე რომ გამოეცადა, სავანის ეზოშიც არ შეუშვა ნეტარი. თეოდორამ კარგად უწყოდა, რომ ამ უდაბურ ადგილას მხეცები მრავლად იქნებოდა, მაგრამ უდრტვინველად დარჩა ბჭეებთან ღამის სათევად. უფალმაც უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. დილით წმიდანი ფეხებში ჩაუვარდა იღუმენს, ალექსანდრიელ თეოდორედ წარუდგა და საძმოში მიღება სთხოვა: „სინანულად და ტირილად მოსრულ ვარ ცოდვათა ჩემთათჳს“. იღუმენიც დარწმუნდა მის გულწრფელობაში და დათანხმდა.
გამოცდილ ბერებსაც კი აკვირვებდა თეოდორას ფიცხელი ღვაწლი, მორჩილება და მოთმინება: იგი გულმოდგინედ რწყავდა ნარგავებს, ფქვავდა ხორბალს, აცხობდა პურს, საზრდელს ამზადებდა ძმებისთვის… ღამით კი, მუხლმოყრილი, მხურვალედ ლოცულობდა და უფლისგან ცოდვათა მიტევებას ითხოვდა. ერთხელ წმიდანი ალექსანდრიაში გაგზავნეს ხორბლის საყიდლად. ქალაქიდან გამობრუნებულ თეოდორას შემოაღამდა, წინამძღვრის კურთხევით, აქლემები ენატოსის სავანის სასტუმროში დააბინავა, თვითონაც იქ დარჩა და აქლემების გვერდით მიიძინა. როცა ყველამ დაიძინა, წმიდანს მისი სილამაზით მოხიბლული, მონასტერში სტუმრად მყოფი იღუმენის ასული მიეახლა და შესთავაზა: „ჭაბუკო, განისუენე ჩემ თანა!“ როცა პასუხად უარი მიიღო, განხურვებულმა, სხვა სტუმართან შესცოდა.
ექვსი თვის შემდეგ იღუმენმა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო, ასულმა კი მაცდუნებლად თეოდორე მონაზონი დაასახელა. მამამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იმ სავანის წინამძღვარს, სადაც ნეტარი დედა მოსაგრეობდა; ამ უკანასკნელმა კი თეოდორას აუწყა, რაც ედებოდა ბრალად. „შემინდვე, მამაო, რამეთუ მე არა მიც საქმე ესევითარსა ზედა“, – უპასუხა წმიდანმა და წინამძღვარმაც, რომელიც კარგად იცნობდა სულიერ შვილს, უსიტყვოდ ირწმუნა მისი ნათქვამი. როცა მეძავმა ჩვილი შვა, ენატოსელმა ბერებმა იგი მიიყვანეს იმ მონასტერში, სადაც თეოდორა ცხოვრობდა და ძმებს არაწმიდა ცხოვრებისათვის ყვედრება დაუწყეს. ამჟამად თავად იღუმენმაც ცილისწამება სიმართლედ ჩათვალა და საშინლად განრისხდა წმიდა დედაზე. ახალშობილი თეოდორას ჩააბარეს და უპატიოდ გააძევეს სავანიდან. უფლის რჩეულმა სიმდაბლით იტვირთა ახალი განსაცდელი და იგი უწინდელი ცოდვის სასყიდლად ჩათვალა. ნეტარი ყრმასთან ერთად მონასტრის მახლობლად, ტალავარში დასახლდა. მწყემსები რძეს აწვდიდნენ მას ბავშვისთვის, თავად თეოდორა კი ბალახეულით იკვებებოდა და ზღვის მლაშე წყალს სვამდა. ასე განვლო შვიდმა წელმა. „და ფრჩხილნი მისნი შეიქმნეს ვითარცა ვეფხისანი, და თმანი მისნი ვითარცა ლომისანი, და ყოველნი ასონი მისნი ყვითლად გარდაიქცეს სიცხითა დღისაჲთა, ყინელითა და ცუარითა ღამისაჲთა“. ბოროტი საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს ნეტარს, წმიდა მოსაგრე კი ახოვნად წინააღუდგებოდა მას. ბოლოს, მონასტრის ბერების თხოვნით, იღუმენმა თეოდორა დააბრუნა სავანეში, სადაც იგი ორი წელი დაყუდებით ცხოვრობდა და ყრმას ღვთისმოშიშებით ზრდიდა.
ერთ ღამეს იღუმენმა სასწაულებრივი ხილვით ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა შორის იხილა „დედაკაცი დიდებითა გამოუთქუმელითა“, რომელიც მისთვის წინასწარ განმზადებულ ოქროს ტახტზე დაჯდა. თანმხლებმა ანგელოზებმა კი უთხრეს: „ესე არს მონაზონი შენი თეოდორე, რომელი ღუაწლითა განილია…“ გაოცებული წინამძღვარი ძმებთან ერთად მივიდა ბერის სენაკში, რომელიც ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილიყო და „ვითარცა განიხილეს, პოეს, რამეთუ დედაკაცი იყო იგი, და განცჳფრდეს და შიში დაეცა მათ ზედა“. მალე ენატოსელმა ბერებმაც შეიტყვეს, რომ საშინელი ცილისწამებით ჰქონდათ სულები დამძიმებული, თავზარდაცემულებმა, მუხლი მოიყარეს წმიდა ცხედრის წინაშე და შენდობა ითხოვეს. ცნობამ წმიდა მოსაგრის შესახებ თეოდორას მეუღლემდეც მიაღწია. ისიც ბერად შედგა, თეოდორას სენაკში დასახლდა და ფიცხელი მოღვაწეობით სათნოეყო უფალს. ნეტარი დედის შვილობილიც მის გზას გაჰყვა და შემდგომში ამ სავანის იღუმენი შეიქნა. 
ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გონებით კი ღმერთს არ განეშორებოდა. გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით მეტად წარემატა სულიერებაში და სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი – მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ – მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. ევფროსინემ კი შესთავაზა აერჩია, რაც სურდა. მღვდელმა მშვენიერ ვაშლებზე მიუთითა. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის – ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, მათ წინაშე წმიდა ევფროსინეს – ღვთის ფარული სათნომყოფლის სულიერი სიმაღლე წარმოაჩინა და სამოთხის ნაყოფებიც აჩვენა. განაგონით შეძრულმა ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, მაგრამ ის კი მარად ახსოვდათ, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით, ევფროსინესთვის სამოთხის ბჭეები განხმული იყო და ცხოვნებულები მას იქ შეხვდებოდნენ. სამოთხის ვაშლებს ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად. 
წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.