ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
25.09.2024. ოთხშაბათი. მარხვა
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა. მღვდელთმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა, მწიგნობართხუცესისა (1118); მღვდელმოწამისა დოსითეოზ ტფილელისა (1795); მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელ ეპისკოპოსისა (313); მოწამისა იულიანესი და მის თანა 40-თა მოწამეთა (IV); მოწამისა თეოდორე ალექსანდრიელისა; მღვდელმოწამისა კორნუტი ნიკომიდიელ (იკონიელ) ეპისკოპოსისა (III).
დღის ლოცვები
ღმრთივგანბრძნობილო, უბიწოებით საიდუმლოთა მხილველ და მსხვერპლ შეწყნარებულ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ სასუმელი ქრისტესი შესვი, ყოვლადიდებულო და ყოვლისა სოფლისა მნათობო, ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 13: 3-13 (დას. 197). მკ. 4: 35-41 (დას. 18) – ოთხშ.
გალ. 1: 1-10, 20 – 2: 5 (დას. 198). მკ. 5: 1-20 (დას. 19) – ხუთშ.
ღმრთისმშობლისა: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ლიტ.: 2 კორ. 13: 3-13
3. რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი – თქვენს შორის. 4. რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის. 5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ. 6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი. 7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. 8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ. 9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი – ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ. 10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა. 11. სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი. 12. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა. 13. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.
ლიტ.: მკ. 4: 35-41
35. იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო. 36. გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას. 37. ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი. 38. ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? 39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა? 41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
გალ. 1: 1-10, 20 – 2: 5
1. პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით, 2. და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს: 3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, 4. რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით, 5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. 7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. 8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. 9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. 10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.
20. ხოლო იმაში, რასაცა გწერთ, ღმერთია მოწმე, არ ვცრუობ. 21. შემდგომ ამისა, სირიასა და კილიკიაში ჩავედი. 22. ხოლო ქრისტეს ეკლესიები იუდეაში პირადად არ მიცნობდნენ მე. – 23. მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა. 24. და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.
2: 5. 1. თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმს ბარნაბასთან ერთად, და თან ვიახლე ტიტეც. 2. ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად – ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი. 3. მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა. 4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, – 5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.
გალ. მკ. 5: 1-20
1. გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს. 2. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, 3. რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა, 4. ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი. 5. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს. 6. შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას. 7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე! 8. რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან! 9. და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ. 10. და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი. 11. იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. 12. უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო. 13. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო. 14. ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა. 15. მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ. 16. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. 17. და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო. 18. ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა. 19. მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა. 20. ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
ღმრთისმშობლისა: ფლპ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ღმრთისმშობლისა: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მღვდელმოწამე კორნუტი – ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (III)
მღვდელმოწამე ავტონომე – იტალიელი ეპისკოპოსი (+313)
ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ ავტონომემ კორნილიუსს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, თავად კი ასიაში გაემგზავრა. შემდგომ იგი სორეის მახლობელ სოფელ ლიმნეში ჩავიდა. აქ წმიდა ავტონომეს ქადაგებით ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი წარმართები „მიუჴდეს ტაძარსა მას კერპთასა“, დაამსხვრიეს კერპები, „მიწასა და მტუერსა შინა აღჰრინეს და აჩუენეს მსახურთა მათთა უძლურებაჲ სამსახურებელთა მათთაჲ“. კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში – „სისხლი მისი დასთხიეს წმიდასა მას ზედა ტრაპეზსა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი პირველად, რომელიც ღაღადებდა ღმრთისა მიმართ უფროჲს აბელის სისხლისა უბრალოდ დათხეულისა“. დიაკონისა მარიამმა და სხვა მორწმუნეებმა მღვდელმოწამის პატიოსანი ნეშტი კრძალვით მიაბარეს მიწას.
კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობაში წმიდა ავტონომეს საფლავზე ტაძარი ააგეს. დაახლოებით 430 წელს ერთმა მღვდელმთავარმა დაზიანებული საყდარი, მთლიანად დაარღვევინა და სხვა ადგილას გადაატანინა. 60 წლის შემდეგ სასწაულებრივი მინიშნებით მოხდა წმიდანის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება და აღმოყვანება, აშენდა მისი სახელობის ტაძარიც.
წმიდა მღვდელმოწამე იულიანე და მასთან 40 მოწამე (IV)
ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (+1118)
მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.
1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.
წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.
დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.
მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (+1795)
საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა.
1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს, მაგრამ აღარ გაუშვეს, ძალით გაიყვანეს გაღმა. ხიდზე გასულმა მეფემ წმიდა აბოს შეავედრა საქართველო. 11 სექტემბერს, ღამით, მთელი თბილისი ცეცხლის ალში გაეხვია, ძარცვავდნენ და კლავდნენ მოსახლეობას, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, დაარბიეს სტამბა, გაძარცვეს ეკლესიები, გაიძარცვა მეფე ერეკლეს სასახლეც. ურჯულოები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სასულიერო პირებს, თავებს ჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ მათ წმიდა სხეულებს.
ქალაქის დარბევისა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად.
ვერანაირი სატანჯველებით ვერ გატეხეს ღვთისმსახურთა სარწმუნოება, წმიდა დოსითეოსმა და მთელმა მისმა სამღვდელო დასმა სიკვდილი ირჩია ქრისტესთვის. უსჯულოები ხელ-ფეხშეკრულ სამღვდელოებს სათითაოდ აგდებდნენ მდინარეში, წმიდა დოსითეოსს კი „სამღვდელმთავრი შეღავათი მისცეს“ – წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.
წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.