26.09.2024. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

26.09.2024. ხუთშაბათი. ხსნილი 

უფლის პატიოსანი ჯვრის ამაღლების წინადღესასწაული.

დიდმოწამისა ქეთევან დედოფლისა (1624); ენკენია – ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლება იერუსალიმში (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (II); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (320); მღვდელმოწამისა ივლიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (320); ღირსისა პეტრე ატროელისა (X). 

დღის ლოცვები 

ჯვართამაღლების წინადღესასწაული

ტროპარი: ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა, სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგუანიჭე ჩუენ ცოდვილთა, უფალო, შენდა შევწირავთ მეოხებად, დაიცევ სამწყსო შენი, რომელი გევედრება ღმრთისმშობლისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

დღის საკითხავები 

მწუხ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3.
ცისკ.:
 მთ. 15: 21-28 (დას, 62),

ლიტ.: წმ. ქეთევანისა: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: 1 კორ. 2: 6-9 (დას. 126). მთ. 10: 37 – 11: 1 (დას. 39).
რიგ.: გალ. 2: 6-10 (დას. 201). მკ. 5: 22-24, 35 – 6: 1 (დას. 20) – პარ. 

მწუხ.: 1) ეს. 43: 9-14 

9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! 10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. 11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! 12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ. 13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან.  მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? 14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.

მწუხ.: 2) სიბრძ. 3: 1-9 

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

მწუხ.: 3) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3 

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს. 

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,

ცისკ.: მთ. 15: 21-28 

21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს. 22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. 23. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. 24. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. 25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! 26. ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. 27. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. 28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.

ლიტ.: წმ. ქეთევანისა: 2 კორ. 6: 1-10 

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი. 

ლიტ.: წმ. ქეთევანისა: ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა  ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!

ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: 1 კორ. 2: 6-9 

6. სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, 7. არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა; 8. სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. 9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.

ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: მთ. 10: 37 – 11: 1 

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. 40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. 42. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. 

1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.

რიგ.: გალ. 2: 6-10 

6. ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის. 7. პირიქით, როცა დაინახე, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს – წინადაცვეთილთათვის 8. (რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის) 9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან. 10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.

რიგ.: მკ. 5: 22-24, 35 – 6: 1 

22. და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა. 23. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს. 24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა. 

35. ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს? 36. ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს. 37. და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა. 38. მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი. 39. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. 40. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა. 41. ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ! 42. გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად. 43. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის. 

1. წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. 

 

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი – ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით.
მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა, აეგო ახალი ტაძარი, მაცხოვრის ხსოვნასთან დაკავშირებული ადგილები წარმართული საკულტო ნაგებობებისგან გაეწმინდა და ხელახლა ეკურთხებინა. ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმიდეების განახლების საქმისთვის. წმიდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა. იესო ქრისტეს ჯვრის მოძიების სურვილით ანთებულმა ელენემ დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა. იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს, რომლის მახლობლადაც სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. ამ ჯვრებში სასწაულებრივ გამოარჩიეს ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, რომელიც პატრიარქმა მაკარიმ სხვა სასულიერო პირთა თანხლებით აამაღლა შემოკრებილი ურიცხვი ხალხის დასანახად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი).
წმიდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. როგორც იოანე მახარებელი ამოწმებს, ეს ორი ადგილი ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობდა (ინ. 19,41-42). აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმიდა ელენე (+327) მის განსრულებას ვერ მოესწრო. იერუსალიმში ყოფნისას კეთილმსახურმა დედოფალმა ააგო ეკლესიები ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას.
მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად „მარტირიონად“ სახელდებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღსრულებულ სატფურებას განსაკუთრებით საზეიმო ელფერი ჰქონდა.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის“ (საქმე; 10,2). უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.
ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. როცა მისი წარგზავნილები ქალაქს მიუახლოვდნენ, „ჟამსა მეექუსესა“, პეტრე მოციქული ბანზე ავიდა და ლოცვად დადგა. უეცრად მან იხილა განხმული ციდან გარდამომავალი, ოთხივე კიდით „ზეცით ქუეყანად ზე-დამოკიდებული“ ტილოს მსგავსი ჭურჭელი, „რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი“. ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც მოციქულს უბრძანებდა, დაეკლა და ეჭამა ყველაფერი, რასაც ხედავდა. პეტრემ გაიოცა და იუარა, პასუხად კი მიიღო: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს“. ასე განმეორდა სამჯერ (საქმე, 10; 1-16). ამ ხილვით უფალმა თავის მოციქულს წარმართთა შორის ქადაგებისკენ მოუწოდა: ფრინველები და ქვეწარმავლები სწორედ წარმართთა სახე იყო, ტილოს სამგზის „შთამოსვლა“ კი „სამგზის შთაყოფასა მოასწავებდა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა“. მოციქული პეტრე წარმოგზავნილების თანხლებით კორნილიოსთან ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ სულიწმიდის მადლით კორნილიოსს ერწმუნა განკაცებული მესია და ახლობლებთან ერთად მონათლა იგი.
ამის შემდეგ წმიდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმიდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.
ქალაქ სკეფსეოსის მთავარი იყო ვინმე დიმიტრი, რომელიც ბერძნულ ფილოსოფიაში იყო განსწავლული, სძულდა ქრისტიანობა და წარმართულ ღვთაებებს, განსაკუთრებით კი აპოლონსა და დიოსს (ზევსს) სცემდა თაყვანს. როცა მან კორნილიოსის ჩამოსვლა შეიტყო, მსწრაფლ მოუწოდა თავისთან და ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ნეტარმა მიუგო: „მონაჲ ვარ ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ და მოვლინებულ ვარ აქა, რაჲთა აღმოგიყვანო შენ სიღრმით და სიბნელით უმეცრებისაჲთ და შეგაერთო ნათელსა ჭეშმარიტსა“. მთავარმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი და უბრძანა, გარკვეული პასუხი გაეცა შეკითხვებზე. მაშინ წმიდანმა მოუთხრო, ვინ იყო, როგორ შეუდგა უფალს და განუმარტა: შევიტყვე, რომ შენ და შენი სამთავრო „დიდსა საცთურსა შინა მყოფ ხართ და მოვედ, რაჲთა საცთურისაგან გიჴსნნე“ – ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ვიქადაგოო. კადნიერმა პასუხმა დიმიტრი განარისხა და კორნილიოსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის.
წარმართულ ტაძარში შეყვანილმა უფლის რჩეულმა აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა. უეცრად საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ზევსის ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც ნამსხვრევებად იქცა. მომხდარი სასწაულის მხილველი ხალხი შეძრწუნებამ მოიცვა, მთავრის რისხვას კი რისხვა დაემატა. მან ახლობელ კარისკაცებთან დაიწყო თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ დაეღუპა კორნილიოსი. ხელფეხშებოჭილი წმიდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა დიმიტრის აუწყა, რომ მისი მეუღლე ევანთია და ერთადერთი ძე დიმიტრიანე საკერპოს ნანგრევებში მოჰყვნენ. მთავარს ეს რომ ესმა, „დაიპო სამოსელი თჳსი და დიდი გლოვითა შეპყრობილ იქმნა“. აცრემლებულმა ბრძანა, ნანგრევები გაეთხარა და მისი უსაყვარლესი ადამიანების ძვლები ეპოვნათ. მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალე ქურუმთა თავმა ვარვატამ, რომელსაც დაევალა ტაძრის თხრა, სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას – ნანგრევებიდან ევანთიასა და მისი ძის ხმა ისმისო: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მძჳნვარისა ამის განსაცდელისაგან თჳსისა მონისა კორნილიოსის მიერ“. საკვირველი ცნობით გახარებული დიმიტრი საპყრობილისკენ გაეშურა, რომ გაეთავისუფლებინა მისი ცოლ-შვილის მხსნელი, მაგრამ წმიდანი ანგელოზს უკვე დაეხსნა საკვრელთაგან – იგი წიგნით ხელში მიმოდიოდა საკანში და ადიდებდა უფალს. მთავარმა კორნილიოსის წინაშე ქრისტე აღიარა ჭეშმარიტ ღმერთად და სთხოვა, ნანგრევებიდან ამოეყვანა ევანთია და დიმიტრიანე. ამის შემდეგ მთავარმა დიმიტრიმ მთელი სახლეულითა და კარისკაცებითურთ ნათელიღო და სულ მალე ცოლ-შვილითურთ მოწამეობრივი აღსასრულიც ჰპოვა ქრისტესთვის (იხ. 11 სექტემბრის საკითხავი). კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.
წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმიდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას.  
 
წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ და გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. შემდეგ ქრისტიანობის მხნე აღსარებისთვის მარტვილები სკვითიაში გადაასახლეს, სადაც შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას – უფლის ერთგულ მონებს. პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულენ ქრისტესთვის. მათ შემდეგ, დაახლოებით 320 წელს, ეწამნენ ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე. ერთი ცნობით, ვალერიანეს მარტვილთა ცხედრებთან მწუხარებასა და ტირილში ამოხდა სული. 
 
ღირსი პეტრე ატროელი აზიის ოლიმპოს მახლობლად, ქალაქ ატროაში მოსაგრეობდა. ნეტარი ყოველთვის რკინის ჯაჭვებს ატარებდა. ღირსმა პეტრემ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასისა (784-806) და იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) დროს, წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
 
წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.
სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“.
ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დავიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.
გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე-დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული – ლევანი, ალექსადნრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით თეიმურაზმა ლუარსაბ II-ის და, ხორეშანი შეირთო, შაჰმა კი ხორეშანის და – ელენე მოიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით „დაუმოყვრდა“ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილების ღვარძლს.
შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც – წმიდა ქეთევანიც გააყოლა: „ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან“. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.
ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები – წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები – შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონა ვართ მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს – ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს – მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის.
უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა: „მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა. 
 

ქეთევანი წამებული – სულის გალობანი

„ღვაწლ მრავალი და სამების სანატრელი დედათა შორის, ახოანი დედოფალი და მოწამე,
ყოვლად ქებული ქეთევან, ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე“ (თეიმურაზ I).

„ამას იქმს ქალი, ბუნებით ჭირთა მკრთალი“ (ანტონ I).

წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის
ტაძარში.

მოძღვრის ქადაგებიდან: ქეთევან დედოფალი, შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი
და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება: 

„შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ
შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული
მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და
მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა
მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი
მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი
სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა
ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა
ძისა შენისათა“.

რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა
და იგი ესრეთ უფლისათან“, გამოვიდა უშიშრად გარეთ და ამაღლებულმა „მტანჯველთა
თვისთა, განუცხადა: „როგორ არ იცის თქვენმან მომვლინებელმან, რომ თვით უმეცარნი
ყმაწვილნიც კი დაცინვით მიიღებენ იმის რჩევასა და დარიგებასა? მე როგორ შემაცდენს
იგი, რომელსაც შემიმოსია ძალი ქრისტესი? მან აღაოხრა სამეფო ჩემი, განაძო ძე ჩემი,
მოაკუდინა ძის ძენი ჩემნი, აღაოხრა და შეაგინა ეკლესიანი და ჰსურს სიკვდილიცა ჩემი?
მომაკუდინოს – ვჯმნი მაჰმადისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა
სიბილწეთა მისთაგან! მრწამს მამ, ძე და სული წმიდა: სამება ერთარსი და განუყოფელი.
ვევედრები ჯვარცმულსა ჩვენთასა და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, განმაძლიეროს მე
ჟამსა ტანჯვისასა, რათა მით ღირს ვიქმნე მე მოწამეთა გვირგვინსა. აჰა მე ვსდგევარ
წინაშე თქვენსა, ჰქმენით რაიცა გნებავსთ“.

ქეთევან დედოფალი იდგა შუაში მტანჯველთა შორის, როგორც კლდე და წყნარად და
დამშვიდებით ასე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, ნუ ჰყოვნი მიღებად სულისა
ჩემისა!“. 

ღირსი იეროთეოსი 1686 წელს დაიბადა საბერძნეთში. იგი ცდილობდა, ღვთაებრივი სიბრძნე მოეძია მეცნიერებებშიც და მონაზვნურ ცხოვრებაშიც. გულისხმიერებითა და გულმოდგინებით გამორჩეული ჭაბუკი ღრმად დაეუფლა რომაულ და ბერძნულ ფილოსოფიას. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან ათონის მთას მიაშურა. თავდაპირველად ერთ განდეგილს დაემოწაფა წმიდა არტემის (ხს. 20 ოქტომბერს) სენაკის მახლობლად, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საძმოში დამკვიდრდა და ბერად აღიკვეცა. მალე იეროთეოსი მონასტრის საქმეებზე კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, შემდეგ ვლახეთში მოხვდა, სადაც, უფლის მითითებით, შეწყვეტილი განათლება განაგრძო. ნეტარმა თავისი ღვთისმოშიშებით სოფიელი მიტროპოლიტის, ავქსენტის კეთილგანწყობა მოიპოვა და დიაკვნად იქნა ხელდასხმული. შემდგომ მან ვენეციაში განაგრძო განათლება, ბოლოს კი კვლავ ათონის წმიდა მთას დაუბრუნდა. იეროთეოსი ივერთა მონასტრის მახლობლად, ჰაგის უდაბნოში დამკვიდრდა. თანამედროვეთა მოწმობით, ღირსი მამა საოცრად მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ივერთა მონასტრის იღუმენის შუამდგომლობით წმიდანი სავანეში დასასვენებლად ჩასულმა ნეოკესარიელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ხუცესად აკურთხა.
მღვდელმსახურთა გარეშე დარჩენილ კუნძულ სკოპელის მკვიდრთა თხოვნით მოსაგრემ დატოვა განმარტოებული ცხოვრება, ღვთისმსახურებას აღასრულებდა მათ შორის და ბევრს ქადაგებდა.
წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება და სამ მოწაფესთან ერთად მიაშურა კუნძულ იურას, რომელიც სამუდამო პატიმრობამისჯილი დამნაშავეებით იყო დასახლებული. ღირსმა იეროთეოსმა აქ შეჰვედრა სული უფალს 1745 წელს. მოწაფეებმა ნეტარის ნეშტი კუნძულზე დაკრძალეს, სამი წლის შემდეგ კი მისი პატიოსანი თავი ივერთა მონასტერში გადააბრძანეს.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.