27.09.2024. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
27.09.2024. პარასკევი. მარხვა 

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ჯვრის ამაღლება.
მიცვალება იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (მიიძინა კომანში, 407). 

დღის ლოცვები 

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა ჯვართამაღლება

ტროპარი: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.
კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: 1) გამ. 15: 22-27; 16: 1. 2) იგავ. 3: 11-18. 3) ეს. 60: 11-16.
ცისკ.: ინ. 12: 28-36 (დას. 42 შუა).
ლიტ.: 1 კორ. 1: 18-24 (დას. 125). ინ. 19: 6-11, 13-20, 25-28, 30-35 (დას. 60). 

მწუხრ.: 1) გამ. 15: 22-27; 16: 1 

22. დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. 23. მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე). 24. შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ? 25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი. 26. თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი. 27. მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან. 

1. დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს. 

მწუხრ.: 2) იგავ. 3: 11-18 

11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; 12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს. 13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! 14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს. 15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. 16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა; 17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. 18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.

მწუხრ.: 3) ეს. 60: 11-16 

11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ. 12. რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან. 13. ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა – ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო. 14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა. 15. ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში. 16. ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.

ცისკ.: ინ. 12: 28-36 

28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.

ლიტ.: 1 კორ. 1: 18-24 

18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა. 19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. 20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური? 21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი. 22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს. 23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის – საცდურს, ბერძენთათვის – სიშლეგეს, 24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, – ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

ლიტ.: ინ. 19: 6-11, 13-20, 25-28, 30-35 

6. ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 7. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. 8. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. 9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. 10. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც? 11. იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა. 

13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად – გაბათა. 14. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! 15. ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. 16. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. 17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად – გოლგოთა, 18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო. 19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. 20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. 

25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. 26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! 27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. 28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია. 

30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა. 31. რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. 33. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები. 34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. 35. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ. 

 

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი. 

შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვახსენებთ და ვდღესასწაულობთ დღეს, იყო ესრეთი: ძელი იგი ცხოველსმყოფელი, რომელსა ზედა დამოკიდებულ-იქმნა მაცხოვარი ჩვენი მთასა გოლგოთასა, დიდხანს იყო დაფარული მიწასა შინა. გარნა ოდეს სჯული ქრისტესი განვრცელდა და განმტკიცდა, ოდეს ჯვარმან ქრისტესმან სძლია კერპთ-მსახურნი ესოდენ, რომელ თვით რომის მეფემან, დიდმან კონსტანტინემ და დედამან მისმან ელენემ, მეოთხესა საუკუნესა შინა, აღიარეს ქრისტე, მაშინ წმიდამან, ღვთისმოყვარემან და მოციქულთა სწორმან ელენემ დიდითა წადილითა ისურვა ნახვა და თაყვანისცემა ცხოველსმყოფელისა ძელისა, რომელსა ზედა ჯვარს-ეცვა ქრისტე ღმერთი. მრავლითა მეცადინეობითა, ძიებითა და გამოკვლევითა შეიტყო ადგილი, სადაც მიწაში დამალულ იყო ჯვარი. აღმოჰთხარეს მიწა და იპოვეს სამნი ჯვარნი, თანასწორნი და მგზავსნი; გარნა, რომელი ამ სამთაგანი იყო ჯვარი ქრისტესი, ეს გამოაჩინა თვით ჯვარმან, ვინაითგან განჰკურნა სნეული და აღადგინა მკვდარი ერთითა მხოლოდ შეხებითა; მაშინ ხმა ამისი განეფინა ყოველსა ქვეყანასა ზედა; შეიკრიბა ურიცხვი ერი ყოველთა ადგილთაგან. მაშინდელმა პატრიარხმან იერუსალიმისამან აღიღო ჯვარი მხარსა ზედა თვისსა; მას წინა-უძღოდენ დიდი კონსტანტინე და ელენე, და აურაცხელი სიმრავლე ერისა; აღვიდა რა მაღალსა ადგილსა ზედა, პატრიარხმან აღამაღლა ძელი იგი, ხოლო ყოველნი ერნი, მუნ მყოფნი, დაეცნენ მუხლთა ზედა თვისთა და თაყვანი-სცეს მას შიშითა და სიხარულითა. აჰა შემთხვევა, რომელსა ვდღესასწაულობთ ჩვენ.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

მაშინ (საშინელ სამსჯავროზე), ქრისტესმოყვარენო, თითოეულს შეუმოწმდება ქრისტიანობის ბეჭედი, რომელიც მიიღო ყოველმა მათგანმა მსოფლიო (კათოლიკე) ეკლესიაში ნათლისღებისას, და მოეთხოვება თითოეულს უბიწო სარწმუნოება, შეუმუსრავი ბეჭედი, შეუბილწავი კვართი და კეთილი აღსარება, რომელიც აღთქვა მან მრავალი მოწმის თანდასწრებით, როდესაც წარმოთქვა: “განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან”…
უკანასკნელ, როგორც თქვა უფალმა (მათ. 25,32-33), “განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა”. – ის ცხოვარნი, რომლებსაც აქვთ კეთილი ნაყოფი, რომლებმაც იციან მწყემსი, რომლებიც არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც დაიცვეს ბეჭედი დაუზიანებლად, რომლებიც გაყვნენ დიდ მწყემსს, რომელმაც თქვა: “მომდევდით მე”, ცხოვარნი, რომლებმაც არ შებილწეს წმინდა სარწმუნოება მწვალებლური გმობებით; ამ ცხვრებს დაადგენს მარჯვენით მისა.

წმ. ეფრემ ასური

„ადამიანი ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტად კეთილი, როგორც არ უნდა მოისურვოს ეს, თუკი მასში ღმერთი არ დაემკვიდრება, რამეთუ „არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი“ (მათე 19,17).

წმიდა ანტონი დიდი

იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში, ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალი, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია. არაფერი ამის მსგავსი ლაზარეს არ უფიქრია, არამედ ღმრთის მიუწვდომელ კაცთმოყვარეობას მინდობოდა, სულს განსწმენდდა, ტანჯვას იტანდა, მოთმინებას ავლენდა. სხეულით იწვა, მაგრამ გონებით მიისწრაფოდა, გულისსიტყვით აღფრთოვანდებოდა, ჯილდოს მისაღებად ემზადებოდა, ბოროტებას განშორებული და სიკეთის ხატად ქმნილი. ის არ ამბობდა: მუქთახორები გარდამატებულად ტკბებიან, ხოლო მე ნამცეცების ღირსიც ვერ ვხდები. მაშ, რას შვრებოდა? ღმერთს ჰმადლობდა და ადიდებდა.

წმ. იოანე ოქროპირი

შევიყვაროთ ერთმანეთი და შეგვიყვარებს ღმერთი; მოვუთმინოთ ერთმანეთს და ის მოითმენს ჩვენს ცოდვებს; ნუ მივაგებთ ბოროტებისთვის ბოროტებით და ის არ მოგვაგებს ჩვენი ცოდვების შესაბამისად. ცოდვათა ჩვენთა მოტევება ძმებისთვის შენდობით ვპოვოთ, რამეთუ წყალობა ღვთისა ჩვენდამი, მოყვასისადმი შემწყნარებლობაშია დაფარული; ამიტომაც თქვა უფალმა: “მიუტევეთ და მოგეტევნენ” (ლუკა 6,37); და: “უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან” (მათე 6,14); და კვლავ: “ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ” (მათე 5,7); და: “რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” (მათე 7,2). აჰა, მოგვიწყო უფალმა წესი ცხონებისა და მოგვცა ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად (იოან 1,12). ამის შემდეგ ჩვენი ცხონება უკვე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.

წმ. მაქსიმე აღმსარებელ

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

მიცვალება წმიდისა იოანე ოქროპირისა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ეკლესიის დიდი მამა იოანე ოქროპირი 407 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ ჯვართამაღლების დღესასწაულის გამო მისი ხსენება 13 ნოემბერსაა გადატანილი. 27 იანვარს წმიდა ეკლესია ზეიმობს ნეტარი მღვდელმთავრის წმიდა ნაწილების გადასვენებას კომანიდან კონსტანტინოპოლში, 30 იანვარს კი იგი ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად იხსენიება.