ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
29.09.2024. კვირა. ხსნილი
ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკე. ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული. დიდმოწამისა ევფემია ყოვლადქებულისა, ქალკედონელისა (304); მოწამეთა ძმათა, ისააკ და იოსებ, კარნუ-ქალაქში წამებულთა (808); მოწამისა სევასტიანესი (86-96); მოწამისა მელიტინისა (138-161); მოწამეთა ვიქტორისა და სოსთენისა (304); ღირსისა დოროთე მეგვიპტელ მეუდაბნოისა (IV); მოწამისა ლუდმილა ჩეხთა დედოფლისა (927).
დღის ლოცვები
მოწამეთა ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა კონდაკი:
ანგელოზთა მწყობრსა თანა შეერთებულ გყვნა, მოწამენო, უარის ყოფამან ხორცთამან და გონებისა სამთავროსა უბიწოდ დაუმონებელ დაცვამან, რომლისთვის, ყოვლადმხნეო ისააკ, იოსების თანა უძლეველისა, ნუ დასცხრებით ოხად შემსხმელთა თქუენთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20 (დას. 203). მკ. 8: 34 – 9: 1 (დას. 37).
რიგ.: 2 კორ. 1: 21-2: 4 (დას. 170). მთ. 22: 1-14 (დას. 89).
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ცისკ.: მკ. 16: 9-20
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს? 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: მკ. 8: 34 – 9: 1
34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
რიგ.: 2 კორ. 1: 21-2: 4
21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, 22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში. 23. და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში; 24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
1. ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. 2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? 3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.
რიგ.: მთ. 22: 1-14
1. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: 2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. 3. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა. 4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში. 5. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში. 6. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. 8. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. 9. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური. 10. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი. 11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი. 12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. 13. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი.
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
დიდმოწ.: ლკ. 7: 36-50
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე სებასტიანა (+81-96)
წმიდანის ზღვაში ჩაგდებული სხეული ანგელოზებმა კუნძულ როდოსზე გადააბრძანეს (თრაკიაში, მარმარილოს ზღვაში).
წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)
დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული (+304)
ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. „ჴორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკულავთაებრ ბრწყინვიდა“ ქალწული ეფემია. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და პრისკოსს მიჰგვარეს. ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა.
კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.
ჯალათებმა მახვილებჩამაგრებულ ბორბალზე დააკრეს ქრისტეს ტარიგი. მისი ტრიალის დროს მოწამის სხეული იკვეთებოდა და ხორცის ნაგლეჯები ცვიოდა ირგვლივ. ნეტარი ხმამაღლა ლოცულობდა. და აი, უეცრად ბორბალი თავისით გაჩერდა და უღმრთოებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ამოძრავება. ზეცით გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ეფემია და წყლულებათაგან განკურნა. გახარებულმა წმიდანმა მადლი შესწირა უფალს.
მმართველს მომხდარი სასწაული არ ეყო გონს მოსაყვანად და მხედრებს, ვიქტორსა და სოსთენს მარტვილის გახურებულ ღუმელში ჩაგდება უბრძანა; მაგრამ მათ „სასტიკებითა და კსინვით“ მხედველი ანგელოზები იხილეს, უარი განაცხადეს განკარგულების შესრულებაზე და ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ეფემიას ღმერთი. აღმსარებლები მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას. გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას (+დაახლ. 304). მხეცები მათ სხეულებს არც გაკარებიან.
წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და „კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს-უყოფდეს“. მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.
შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმიდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას (ამ სასწაულის შესახებ დაწვრილებით 11 ივლისის საკითხავშია მოთხრობილი).
სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა მეზღვაურებმა იგი ნავზე ამოაბრძანეს. მოგვიანებით წმიდა ნაწილები კუნძულ ლემნოსზე მოხვდა, 796 წელს კი კვლავ კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა.
ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)
წმიდა მოწამენი ისააკ და იოსებ ქართველნი, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808)
წმიდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)
ღირსი პროკოპი (+1053)
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.