ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
სამშაბათი. ხსნილი
მიძინების შემდგომი დღესასწაული.
მოციქულისა 70-თაგანისა თადეოზისა (44); სარმეანესი, ქართლის კათალიკოსისა (779); ღირსისა თათე (თადეოზ) სტეფანწმიდელისა, მამებელისა (VI); მოწამეთა: დედისა ბასასი და შვილთა მისთა: აღაპისა, თეოგნესი და პისტოსი (305-311); მოწამისა ლუკი კვირინელისა (IV).
დღის ლოცვები
მოციქული თადეოზის, სამოცდაათთაგანის კონდაკი:
ვითარცა რა ვარსკულავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან, მოციქულო თადეოზ, სასწაულითა შენითა მარადის განათლებულმან, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 2: 14-3: 3 (დას. 12) მთ: 23: 23-28 (დას. 95).
ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. ლკ. 24 დას. 6: 17-23.
ლიტ.: 2 კორ. 2: 14-3: 3
14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. 16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი? 17. ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
1. ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან? 2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული. 3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
ლიტ.: მთ: 23: 23-28
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ. 24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ. 25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. 26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც. 27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. 28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)
გადმოცემით, როცა წმიდანი პირველად შესულა ავგაროზის ოთახში, მისი სახიდან გამომკრთალი არაამქვეყნიური ნათლით გაოცებული მთავარი წინ მიგებებია და მიწამდე უცია თაყვანი. კარისკაცებს კი, რომელთათვისაც ეს ბრწყინვალება დაუნახავი დარჩა, ვერ გაუგიათ, რატომ მიაგო მათმა ხელისუფალმა ასეთი პატივი ღატაკ მწირს. თადეოზის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან (მათ შესახებ ავგაროზი წერდა სირიის მეფე ნერსეს). ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა. ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმიდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი – მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს).
წმიდა მოწამენი ვასა და შვილნი მისნი: თეოგნე, აღაპი და პისტი (+305-311)
ცნობილია, რომ დაახლოებით 450 წელს ქალკედონში უკვე არსებობდა წმიდა მოწამე ვასას სახელობის ტაძარი.
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი სარმეან კათოლიკოსი (+779)
ასეთი ღვთის შიშით, სიმდაბლით, სარწმუნოებითა და სიყვარულით შემკული მღვდელმთავარი სიბრძნით განაგებდა თავის სამწყსოს: შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, იქმნებოდა უძვირფასესი სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ეკლესიის სწავლების სიწმიდის დაცვითა და ცოდვათა ტყვეობისაგან გამოხსნით თანდათან მზადდებოდა ხორციელი ტყვეობისაგან განთავისუფლების კონკრეტული ღონისძიებები.
ქართლის კათოლიკოსთა ქრონოლოგიებში მისი კათოლიკოსობა 767 (ზოგი ვარაუდით 760) წლიდან 774 წლამდე გრძელდება.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.