4.09.2024. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

ოთხშაბათი. ხსნილი თევზით 

მიძინების შემდგომი დღესასწაული.

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა, საქართველოისად წოდებულისა (ეს სიწმიდე 1622 წ-მდე იმყოფებოდა საქართველოში; ამჟამად მოსკოვშია)*; მოწამეთა: აღათონიკესი, ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (IV); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (III); მოწამისა ევლალია ქალწულისა (303); მოწამისა ლუკიანოზისა. 

დღის ლოცვები 

მოსკოვის ალექსი მიტროპოლიტის მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმართლენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა; ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომლად: დამიცევ მე, დედოფალო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

2 კორ. 3: 4-11 (დას. 173). მთ. 23: 29-39 (დას. 96). 
ღმრთისმშობ. – ფილპ. 240 დას. 2: 5-11. ლკ. 54 დას. 10: 38-42; 11: 27-28. 

2 კორ. 3: 4-11 

4. ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. 5. იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი; 6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს. 7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, – 8. რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით? 9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა, 10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით. 11. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.

მთ. 23: 29-39 

29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; 30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. 32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. 33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? 34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. 39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

ღმრთისმშობ. ფილპ. 2: 5-11 

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ღმრთისმშობ. ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული). 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში შესრულებული ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), რომელიც იაროსლაველი ვაჭრის, გიორგი ლიტკინის ერთ-ერთმა მსახურმა სტეფანემ შეისყიდა და თავის ბატონს მიართვა. გიორგი ლიტკინმა, ღვთის ჩაგონებით, სიწმინდე არხანგელსკის ეპარქიაში, დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორის (შემდგომ _ კრასნოგორის) მამათა მონასტერს შესწირა. ამ წმიდა ხატისგან უამრავი სასწაული აღესრულა და 1650 წელს დაწესდა მისი დღესასწაული.
1654 წელს ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), განსაახლებლად და პერანგის შესამკობად მოსკოვში ჩააბრძანეს და კიტაი-გოროდის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ამ დროს ხატიდან გადაწერეს ზუსტი ასლი და იმავე ტაძარში დააბრძანეს. მოსკოვში მაშინ შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. უამრავი შეჭირვებული მოაწყდა ტაძარს და ახალშექმნილი ხატიც სასწაულებით გაბრწყინდა. 1658 წელს მეფის ბრძანებითა და პატრიარქ ნიკონის კურთხევით გადაწყდა, ამ ხატის დღესასწაული 22 აგვისტოს დაეწესებინათ. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს. 
 
მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობაში მოჰკვეთეს თავი. ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა. მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმიდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოსაგრეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები – ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე. 
 
წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის. 
 

ღირსი ანთუსა (+დაახლ. 298) და მსახურნი მისნი – წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტე (III)

 ღირსი ანთუსა (+დაახლ. 298) და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტე (III)
 
წმიდა მოწამე ევლალია დაიბადა ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის (დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძანა, არგნებით დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, მაგრამ იგი ახოვნად ითმენდა სატანჯველს, მსაჯულს კი უთხრა, უფალმა ტკივილის შეგრძნებისგან გამათავისუფლაო. მარტვილი ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. დაკიანემ ნიშნის მოგებით ჰკითხა ნეტარს: „სად არის შენი ღმერთი, რომელსაც ჰხადი?“ ევლალიამ უპასუხა: „უფალი ჩემს გვერდითაა, მაგრამ შენ შენი სიბილწის გამო მისი დანახვა არ შეგიძლია“. წმიდა მოწამის ლოცვისას: „აჰა, ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა“ (ფს. 53.4), ცეცხლის ალი ჯალათებისკენ მიიქცა და ისინი მიწაზე დაენარცხნენ. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.
შეკრებილმა ხალხმა ცხადად დაინახა, თუ როგორ მოსწყდა თეთრი მტრედი მის ბაგეებს და ზეცაში აიჭრა. მარტვილის მშობლები, რომლებმაც შვილი უკვე მიცვალებული იპოვეს, ტიროდნენ, მაგრამ ხარობდნენ კიდეც იმის გამო, რომ მათი ასული წმიდანთა დასს შეერთო. როცა ქრისტეს ტარიგის ცხედარს ხიდან ხსნიდნენ, ერთმა ქრისტიანმა, სახელად ფელიქსმა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა: „ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი!“ სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.