5.09.2024. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

ხუთშაბათი. ხსნილი 

მიძინების დღესასწაულის წარგზავნა 

მოწამისა ლუპესი (IV ); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელ ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (540) და ფლორენტისა (547); მღვდელთმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (705). 

დღის ლოცვები 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 4: 1-6 (დას. 175). მთ. 24: 13-28 (დას. 99).
ღმრთისმშობელისა: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

ლიტ.: 2 კორ. 4: 1-6 

1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ. 2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე. 3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, 4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი. 5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის. 6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 

ლიტ.: მთ. 24: 13-28 

13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. 15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), 16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. 17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 18. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. 19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. 21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. 22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. 23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით. 24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. 27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. 

ღმრთისმშობ. ფილპ. 2: 5-11 

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ღმრთისმშობ. ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 23 თებერვალს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი – საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა – აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს. 178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამეობრივი აღსასრულიდან ერთი წლის თავზე ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. „მოკლე ხანში, – წერდა წმიდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, – თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!“
იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ). 
ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.
ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა, წყალს ეზიდებოდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა. წმიდა ევტიქი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი – 547 წლის 1 ივნისს. 
წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმიდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო. როცა საყდარი მაინც დაარღვიეს, ნეტარმა ცრემლებით ღაღად-ჰყო: „დიდება შენდა, უფალო, ყოველთა დამთმენელო!“
მალე იუსტინიანეს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ტახტზე ავიდა ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილიდან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა. მან პატრიარქსა და იმპერატორს აღუთქვა, რომ ქალაქში შესვლის შემდეგ არავის არაფერს ავნებდა და ჯვარზე, სახარებაზე და წმიდა საიდუმლოებებზე დაიფიცა, მაგრამ, როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დათხარეს, ენა მოჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705). რომის პაპს იოანე VI-ს (701-705) ძილში პეტრე და პავლე მოციქულები გამოეცხადნენ და უბრძანეს, პატრიარქი კალინიკე რომში, მოციქულთა ტაძარში დაეკრძალათ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.