ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
ორშაბათი. ხსნილი
ღირსისა პიმენ დიდისა (450); ოსია აღმსარებელისა, კორდუბელ ეპისკოპოსისა (359); ლიბერი აღმსარებელისა, რომის პაპისა (366); ღირსისა პიმენ პალესტინელისა (602); მოწამისა ანთუსა ახლისა; ღირსისა საბა ასურისა, რომელსა პირველად ეწოდა ივლიანე; ხსენება ფილიპეს მიერ ეთიოპელი საჭურისის ნათლობისა.
დღის ლოცვები
ბრწყინვალეთა შენთა ღუაწლთა, ღირსო მამაო, წარმოსდგა დღეს წმიდა სახსენებელი, ღმრთივმსახურთა სულთა განმამხიარულებელი, პიმენ ღმრთივგანბრძნობილო, ღირსო მამაო ჩუენო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 კორ. 5: 10-15 (დას. 179). მკ. 1: 9-15 (დას. 2).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25-5: 12 (დას. 10).
ლიტ.: 2 კორ. 5: 10-15
10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს. 11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც. 12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით. 13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, – თქვენთვის. 14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ. 15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
ლიტ.: მკ. 1: 9-15
9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
ღირ.: მთ. 4: 25-5: 12
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი პიმენ დიდი (+დაახლ. 450)
ღირსი პიმენი მკაცრი მმარხველი იყო და კვირების, ზოგჯერ მეტი ხნის მანძილზეც არ ღებულობდა საზრდელს; სხვებს კი ურჩევდა, ყოველდღე ეჭამათ, მაგრამ არა სიმაძღრემდე. ერთ ბერს, რომელიც საკუთარ თავს ნებას აძლევდა, მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს მიეღო საჭმელი, ძმებს კი ურისხდებოდა, წმიდანმა უთხრა: „ექვსდღიანი მარხვა გისწავლია, მრისხანებისაგან კი ერთი დღეც ვერ იკავებ თავს“. კითხვაზე, რაა უკეთესი – ლაპარაკი თუ დუმილი, მეუდაბნოემ უპასუხა: „ვინც ღვთის სადიდებლად ლაპარაკობს, – კარგს აკეთებს, და ვინც დუმს ღვთისთვის – ისიც კარგად იქცევა“; „ხდება ხოლმე, – ამბობდა ნეტარი მამა, – რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან არავის განიკითხავენ“. ბერების შეკითხვაზე: „როცა ღვთისმსახურების დროს მთვლემარე ძმას ვნახავთ, უნდა ვუბიძგოთ მას, რომ გამოვაღვიძოთ?“ ნეტარმა უპასუხა: „ამგვარ შემთხვევაში მე მის თავს კალთაში ჩავიდებდი, რომ უფრო ტკბილად დაესვენა“.
„ადამიანს სამი რამ მართებს: ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და კაცთათვის სიკეთის კეთება“, – ამბობდა ღირსი პიმენი. „ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. თუ ვინმემ გიმტრო, სიკეთით უპასუხე, და შენი სიკეთე დათრგუნავს მის ღვარძლს“. ნეტარ მამას ჩვევად ჰქონდა სამოღვაწეო ადგილის ხშირი ცვლა, რითაც კაცთამიერი დიდების საფრთხეს არიდებდა თავს. ერთხელ იგი მოწაფეებთან ერთად ეგვიპტის უდაბნოში ჩავიდა და სავანე დააარსა. ამ დროს აქ ცხოვრობდა ბერი, რომელსაც მტკიცე სარწმუნოებისა და კეთილმსახურების გამო ყველანი თაყვანს სცემდნენ და თავიანთ მეოხად თვლიდნენ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნეები მისგან ლოცვა-კურთხევისა და რჩევების მისაღებად; მაგრამ როცა სიახლოვეს პიმენი გამოჩნდა, ხალხის უმეტესობამ მას მიაშურა. ამან მეუდაბნოე განარისხა, ჩამოსულისადმი შურით აღივსო და მის ყოველ საქციელში მხოლოდ ცუდს ხედავდა. ეს რომ შეიტყო, პიმენი მეტად დამწუხრდა და მოწაფეებს უთხრა: „ძმებო! რა ვუყოთ ამ ქარაფშუტა ხალხს, ასეთი წმიდა მოსაგრე რომ დატოვა და ჩვენთან, არაფრის მაქნისებთან მოდის? რითი ვუწამლოთ დიდი მამის რისხვას?! – წავიდეთ, ვევედროთ, იქნებ გული მოვულბოთ“. წმიდანი ძმებთან ერთად მიადგა ბერის სენაკს ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. გულნატკენმა მამამ უარი განაცხადა სტუმრების მიღებაზე, მაგრამ პიმენი და მისი ძმები საშინელ პაპანაქებაში მანამ იდგნენ ფეხმოუცვლელად, სანამ მათი თავმდაბლობითა და მორჩილებით შეძრულ მასპინძელს ბოღმა სრულიად არ განუქარდა და სიყვარულით არ გაუღო კარები. მნახველებთან საუბრის შემდეგ ბერმა თქვა: „მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია; მეტიც, მე თქვენში ასჯერ უფრო მეტ სიკეთეს ვხედავ!“
ერთხელ წმიდა მეუდაბნოესთან შორეული ქვეყნიდან ბერი მოვიდა სულიერი სარგებლის მისაღებად. ნეტარი ტკბილად შეხვდა მოსულს, მაგრამ როცა მან ამაღლებულსა და ძნელადმისაწვდომზე დაიწყო საუბარი, თვალები დახარა და მისი ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სტუმარი დაემშვიდობა წმიდანს და, სენაკიდან გამოსულმა, პიმენის მოწაფეს შესჩივლა: „ამაოდ დავშვერი! მინდოდა რამე მესწავლა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე!“ როცა ეს ღირს მამას გადასცეს, მან თქვა: „ის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საგნებზე საუბრობდა. მათ შესახებ მე რისი სწავლება შემეძლო? ადამიანურ სისუსტეებზე რომ ელაპარაკა, სიამოვნებით ვუპასუხებდი“. მაშინ ქედმაღალი ბერი კვლავ შებრუნდა სენაკში და, სირცხვილეულმა, დაიწყო: „მამაო, რა ვქნა, სრულიად დამიტყვევეს ვნებებმა!“ პიმენმა მას კეთილი და მხიარული მზერა შეაგება: „ახლა კი კარგ და სასარგებლო საქმეზე ხარ მოსული!“ შემდეგ დიდხანს, საღამომდე საუბრობდა მოსულთან და ისიც სულით განმხიარულებული დაბრუნდა თავის უდაბნოში.
ღირსი პიმენი გარდაიცვალა 450 წელს, ასათი წლის ასაკში.
წმიდა ოსია აღმსარებელი, კორდუბელი ეპისკოპოსი (+359)
წმიდა ლიბერიოსი, რომის პაპი (+366)
ღირსი პიმენ პალესტინელი (+დაახლ. 602)
ღირსი საბა
ღირსი ანთისა
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.