ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
პარასკევი. 25.10.2024. მარხვა
მოწამეთა: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმასი წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (787) მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტვირელ ეპისკოპოსისა (400); დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა (48).
დღის ლოცვები
მოწამეთა: პრობოსის, ტრაქოსის და ანდრონიკეს
ტროპარი: წმიდათა მოწამეთა წარმართებანი ძალთა ზეცისათა უფროსად დაუკვირდა, რამეთუ მოკუდავითა ხორცითა უხორცოსა მტერსა ძალითა ჯუარისათა კეთილად წინა განეწყვნეს და მძლე ექმნეს უხილავად, და ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ეფ. 6: 18-24 (დას. 234). ლკ. 9: 12-18 (დას. 42).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
ლიტ.: ეფ. 6: 18-24
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის, 19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო, 20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს. 21. ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, 22. რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები. 23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 24. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
ლიტ.: ლკ. 9: 12-18
12. როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ. 13. უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს. 14. რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი. 15. ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი. 16. ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. 17. ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი. 18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მოწ.: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე დომნიკა (+286)
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე (+304)
წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 400)
იმპერატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო.
წმიდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიედან რვა ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერმონაზვნობის კერა შეიქნა. წმიდა ცხოვრებისათვის მარტინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთში) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინების და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ, სადაც დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. სიყვარულისა და ქველმოქმედებისთვის უწოდეს მას „მოწყალე“. საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 400 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.
ღირსი კოზმა – მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი (+დაახლ. 787)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.