11.10.2024. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

11.10.2024. მარხვა 

ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა, იკონიელი ეპისკოპოსისა (350); დღესასწაული პალიასტომის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა (ამჟამად დასვენებულია ქ. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში) (XII); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრ.შ-მდე); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (V); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში დავანებულთა. 

დღის ლოცვები 

ღირსი ხარიტონ აღმსარებლის კონდაკი:

იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ, გამოსჩნდი სარწმუნოებითა აღორძინებულად და, ვითარცა სამოთხისა ხე ცხორებისა, აღყვავენ, ხარიტონ ღირსო, მამაო ყოვლადსამღვდელო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: ხარიტონისა: 1) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: მთ. 4: 25 – 5: 12 (დას. 10).
ლიტ.: ეფ. 1: 7-17 (დას. 217). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ღირ.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

მწუხრ.: ხარიტონისა: 1) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3 

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს. 

6: 1-3 1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,

მწუხრ.: ხარიტონისა: 2) სიბრძ. 3: 1-9 

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

მწუხრ.: ხარიტონისა: 3) სიბრძ. 4: 7-15 

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე. 

ცისკ.: მთ. 4: 25 – 5: 12 

25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. 

1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.

ლიტ.: ეფ. 1: 7-17 

7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, 8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, 9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით, 10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში, 11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით, 12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი; 13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით, 14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად. 15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, 17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;

ლიტ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

ღირ.: 2 კორ. 4: 6-15 

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

ღირ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის (ხს. 1 მაისს) განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.
წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.

 

ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი“, ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი“ წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა“ და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.
მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.
ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა. ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა ახალი, იერიქონის სავანე, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი, სუკიის ეგრეთ წოდებული „ძველი ლავრა“.
დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.
ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმიდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. 

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა ადგილებში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა მარკოზ მწყემსი პისიდიის ანტიოქიის მიდამოებში შეიპყრეს. ოცდაათი მეომარი, რომელთაც მოწამე დაატუსაღეს, მისი ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, რის გამოც მათ ნიკეაში თავები მოკვეთეს, წმიდა მარკოზი კი საწამებლად გადასცეს.
წამების იარაღების დასამზადებლად მოუწოდეს სამ მჭედელ ძმას სოფელ კატალიტიდან (კალატიდან): ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს. მათ აშკარად არ გამოუდიოდათ საქმე, ხან ხელები გაუშეშდათ რაღაც ძალით, ხან რკინა დადნა და გატყდა, ბოლოს ზეციდან გაისმა ხმა და ძმებს წმიდა მარკოზთან ერთად სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდა. მათაც ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს გამლღვალი კალა ჩაასხეს ყელში და წამებით ამოხადეს სული, მარკოზს კი კლავდიოპოლში თავი მოჰკვეთეს. როცა მარკოზის თავი არტემიდეს ტაძარში შეაბრძანეს, ყველა კერპი ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. ამ სასწაულის მოწმეებმა, ნიკონმა, ნეონმა, ილიოდორემ, ქალწულებმა და ყრმებმა, ირწმუნეს ქრისტე, ხმამაღლა განაცხადეს თავისი სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ. 

ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი) – პალიასტომისა

პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი მას მე-16 საუკუნით ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება:
“ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით. . . ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ”. . .
საინტერესოა მე-17 საუკუნის მოსკოველი ელჩების ა. იევლევისა და ტოლოჩანოვის აღწერილობანი. ა. იევლევი 1651 წელს ბაგრატის ტაძრის     დათვალიერებისას ეხება რა ტაძარში წარმოდგენილ ღვთისმშობლის ხატს, წერს: “ამ ხატის შესახებ საკრებულო საყდრის ხუცესმა, მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა და მისმა შვილებმა სეხნიამ და სიმონმა გვიამბეს:
– წინათ ეს ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდაო და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებულიო, იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილაო. სილიბისტრო, თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. თითქოს, სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო და მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერაო. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადაო და იგივე აუწყაო, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო.
მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამეო. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლადო. მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგიო, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. და როცა მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლადო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენაო.
KARIBCHEკიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდესი ხატის ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანაო. მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსაო. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, იმ ყოვლადწმინდა ხატის მახლობლად, მათი მოდგმა გამუდმებით ცხოვრობსო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ის ხატი  ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილიო, დავით მეფის შვილიშვილის დროსო” (ა. იევლევის 1650-1652 წ.წ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოც. ი. ცინცაძისა; 1968წ. გვ. 139)
ა. იევლევის ეს ცნობა უაღრესად საინტერესოა პალიასტომის ტბის შესახებ დაცული ლეგენდის შესასწავლად და, რა თქმა უნდა, იმ ხატის წარმომავლობის გასარკვევად, რომელთანაც დაკავშირებულია ა. იევლევის მიერ ჩაწერილი გადმოცემა. ყოველ შემთხვევაში, მე-17 საუკუნეში, საქართველოში ამ გადმოცემას ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაცულ ღვთისმშობლის ხატს უკავშირებდნენ. ამასთან, ეს გადმოცემა იმდენად დამახასიათებელი ყოფილა ამ ხატისთვის, რომ ტაძრის მოსამსახურე პირებს მიზანშეწონილად ჩაუთვლიათ ეს თავგადასავალი გაეცნოთ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
ამ უკანასკნელთაც დიდი დაინტერესება გამოუჩენიათ და დაწვრილებით ჩაუწერიათ. ელჩი ამით არ დაკმაყოფილდა და გადმოცემის შინაარსის დადასტურებაც მოუწადინებია. ა. იევლევს ზაქარია მიტროპოლიტისთვის უკითხავს, მართალს ამბობენ თუ არა ხუცები ამ ხატის შესახებო? იმ ხატმა ასეთი სასწაული მართლა აჩვენა და გურიიდან პალიასტომის ციხე-ქალაქის ჩაძირვის შემდეგ ჰაერით გამოვიდა და თავისი უწმინდესი სახე ნამდვილად დაიცვა? ზაქარია მიტროპოლიტმა ა. იევლევს დაუდასტურა, რომ წიგნში ჭეშმარიტად ისეა მოთხრობილი სასწაულმოქმედების შესახებ, როგორც გიამბესო (იქვე გვ. 140). ჩვენ არ ვიცით, რომელ წიგნზე მიუთითებს ზაქარია ქვარიანი, მაგრამ ჩანს, ასეთი წიგნი მართლაც არსებობდა, რომელშიც მოთხრობილი იყო “ღვთისმშობლის” ხატის სასწაულმოქმედების შესახებ.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ პალიასტომის ტბის გაჩენის შესახებ პირველი ცნობა არც მე-18 საუკუნეში ყოფილა ფიქსირებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და არც მოსკოველი ელჩი ა. იევლევი ჩაითვლება მის პირველ ჩამწერად,რომელიც 1651 წ. იყო ქუთაისში. ზაქარია ქვარიანის პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ გადმოცემა ადრე ყოფილა ჩაწერილი. ა. იევლევი წერს, რომ ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროსო. ე.ი. გიორგი მესამის დროს (მე-12 ს.-ში), რომელიც დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.
გვეწეოდეს პალიასტომის სასწაულმოქმედი ღვთისმშობელი!
სტატიის წყარო: http://www.kutais-gaenati.ge/paliastomi.html 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.