13.10.2024. მე-16 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-16 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.

13.10.2024. ხსნილი 

მღვდელმოწამისა გრიგოლ ეპისკოპოსისა, დიდი სომხეთის განმანათლებელისა (335): მოწამეთა: რიფსიმესი, გაიანესი და მათ თანა 70-თა მოწამეთა: მარდონისა, მიღდონისა, გორგონისა, თეოდორესი, ინდოსი, სტრატონიკესი, 32 დედათა და სხვათა წამებულთა წმიდათა ქალწულთა (IV ს. დას.); მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა მელეტი ალექსანდრიელ პატრიარქისა (1601). 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსის, სომეხთა განმანათლებლის კონდაკი:

დიდებულსა მღდელმთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს მორწმუნენი ქებით და გალობით შევასხმიდეთ აწ მწყემსსა და მოძღუარსა გრიგოლის, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, რამეთუ ქრისტესა ევედრების ცხორებად ჩუენდა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 6: 31-36 (დას. 26).
მღ.მოწ.: 1 კორ. 16: 13-24 (დას. 166). მთ. 24: 42-47 (დას. 103). 

ცისკ.: ლკ. 24: 12-35 

12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. 13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; 14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. 15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. 16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. 17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? 18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? 19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, – 20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. 21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. 22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან 23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. 25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! 26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? 27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. 29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. 32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? 33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. 35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.

ლიტ.: 2 კორ. 6: 1-10 

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

ლიტ.: ლკ. 6: 31-36 

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ. 32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ. 33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან. 34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც. 35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. 36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

მღ.მოწ.: 1 კორ. 16: 13-24 

13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. 14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე. 15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი; 16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ. 17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე, 18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ. 19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ. 20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. 21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე. 22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. 24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.

მღ.მოწ.: მთ. 24: 42-47 

42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, „რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს“. მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე – გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი – ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე – აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის – თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს… გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმიდანის კადნიერებით კიდევ უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და „სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა“.
გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატ მეფემ გადაწყვიტა წმინდა გრიგრლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა ხმამაღლა შესძახა: „არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა“, რადგან პართი ანაკის – მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.
ღვთის რისხვა არ ასცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: ბოროტით შეპყრობილები, ტყეებში დაძრწოდნენ, ტანსაცმლებს იფლეთდნენ და საკუთარ სხეულებს იგლეჯდნენ როცა სომხეთი „ესევითარითა ვნებითა მწარედ განილეოდა“, თრდატის დას, კუსაროდუხტს სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე“ არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ“.
სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, „რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ“.
გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების – სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი „მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა“ უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა ღებულობდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც „რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმიდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად“. მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობას ღებულობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. 

წმიდა მოწამენი: რიფსიმე და გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული (IV)

წმიდა მოწამენი: რიფსიმე და გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული (IV)
წმიდა მიხეილი – კიევის პირველი მიტროპოლიტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ ქრიზოვერგმა გაგზავნა რუსეთში საეკლესიო საქმეთა მოსაწყობად. ერთი ცნობით, იგი მღვდელმსახურთა დასთან ერთად მოციქულთასწორი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) საცოლეს, მეფისწულ ანას ჩაჰყვა საბერძნეთიდან 988 წელს. სხვა ცნობით კი ვლადიმირის ნათლისღებიდან ერთი წლის შემდეგ, 989 წელს ჩავიდა თავრიდის ხერსონესის (თანამედროვე ყირიმის) დედაქალაქ კორსუნში (ხერსონში), კიევში გაემგზავრა წმიდა მთავართან ერთად, მონათლა მისი თორმეტი ძე და კიევის მთელი მოსახლეობა.
აქედან მოყოლებული სიკვდილის დღემდე წმიდა მღვდელმთავარი მოციქულებრივი შურით იღვწოდა რუსეთის ახალნერგი ეკლესიის ასაღორძინებლად. წმიდა მიხეილმა 992 წელს შეჰვედრა სული უფალს და პატივით დაკრძალეს კიევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დაახლოებით 1103 წელს.
იღუმენ თეოქტისტეს დროს მისი უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებში გადააბრძანეს, 1730 წლის 1 ოქტომბერს კი – პეჩორის მიძინების ტაძარში (სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით იხსენიებაიგი 30 სექტემბერს).
ცნობები ღირსი მამის შესახებ 15 ივნისის, მისი მიცვალების დღის საკითხავშიცაა მოთავსებული. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.