15.10.2024. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

15.10.2024. ხსნილი 

წმიდათა დიდთა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინესი, არგვეთის მთავართა (740); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი და მოწამისა იუსტინა ქალწულისა და თეოქთისტესი (304); ნეტარისა ანდრიასი, ქრისტესთვის სალოსისა (936). 

დღის ლოცვები 

დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა: დავით და კონსტანტინე მხეიძეთა კონდაკი:

ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშვით სუნნელებასა ყოველთა კიდეთა და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გვირგვინოსანო და კონსტანტინე ჭურო სიმხნისაო, მაქებელთა თქუენთა სამღელვარენი განსაცდელნი თანა წარხადენით და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშვიდობაი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.:
 ეფ. 1: 22 – 2: 3 (დას. 219). ლკ. 6: 24-30 (დას. 25) – ორშ.

ეფ. 2: 19-3: 7 (დას. 222). ლკ. 6: 37-45 (დას. 27) – სამშ.
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19. (დას. 106). 

ცისკ.: მთ. 10: 16-22 

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

ლიტ.: ეფ. 1: 22 – 2: 3 

22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით. 

1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, 2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის – იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;

ლიტ.: ლკ. 6: 24-30 

24. მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში. 25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით; 26. ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები. 27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ; 28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის. 29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც. 30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.

ლიტ.: ეფ. 2: 19-3: 7 

19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით. 

1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.

ლიტ.: ლკ. 6: 37-45

37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ; 38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ. 39. უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან? 40. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი. 41. რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? 42. ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი. 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი. 44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს. 45. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.

მოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

მოწ.: ლკ. 21: 12-19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე (+304)


წმიდა კვიპრიანე დაიბადა ანტიოქიაში. წარმართმა მშობლებმა იგი ადრეული სიყმაწვილიდანვე ცრუღმერთებს შესწირეს მსახურად. შვიდიდან ოცდაათ წლამდე ნეტარი წარმართობის უდიდეს ცენტრებში: ოლიმპოს მთაზე, არგოსში, ტავროპოლში, მემფისში და ბაბილონში ეუფლებოდა მოგვობის ხელოვნებას, ბოლოს კი, წარმართულ ფილოსოფიასა და ჯადოქრობაში ღრმად განსწავლული, ოლიმპოზე ქურუმად აკურთხეს. კვიპრიანემ ისეთი კადნიერება მოიპოვა ბოროტი სულების წინაშე, რომ ისინი ცხადად ემსახურებოდნენ მას.
ანტიოქიაში დაბრუნებული მოგვი წარმართებმა მთავარ ქურუმად დაადგინეს. იგი ყველას აოცებდა სტიქიათა დამორჩილების, სენთა და წყლულებათა გავრცელებისა და სხვადასხვა ჯადოსნური წამლების გაკეთების უნარით. დიდმა ქურუმმა მრავალი ადამიანის სული დაღუპა ჯადოქრობასა და ეშმაკთა მსახურებაში განსწავლით.
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ქრისტიანი ქალწული იუსტინა. მას ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. ერთხელ წმიდანს ყმაწვილმა აღლადოსმა ცოლობა სთხოვა, რაზეც მან უარით უპასუხა. ჭაბუკმა უკან არ დაიხია – კვიპრიანეს მიმართა და ევედრა, გრძნეულებით აღეძრა ასულში საპასუხო გრძნობა. მოგვს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან წმიდა მოწამე დემონის მანქანებას ლოცვითა და მარხვით ერეოდა. ქურუმი ქალწულთან ავხორცი გულისთქმების გასაღვივებლად ეშმაკებს გზავნიდა, მაგრამ იუსტინა ჯვრის ნიშით და მხურვალე ლოცვით უკუაქცევდა მომხდურებს. ჯადოსნობის ძალით სახეცვლილი კვიპრიანე თავადაც რამდენჯერმე მიეახლა ქრისტეს სასძლოს საცდუნებლად, მტკიცე სარწმუნოებით შემოზღუდული მარტვილი კი ურყევი რჩებოდა. განრისხებულმა კვიპრიანემ შავი ჭირი შეჰყარა წმიდა ქალწულის ოჯახსა და მთელ ქალაქს, მაგრამ აქაც იძლია ნეტარის ლოცვით. მაშინ კვიპრიანემ ცხადად შეიგრძნო თავისი დაცემის სიღრმე და მათი არარაობა, ვისაც მსახურებდა. „თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწი, რასა იქმ მაშინ, როცა თავად ქრისტე გამოვა შენს წინააღმდეგ“? _ ჰკითხა მან სატანას. იმავ წამს დემონი ეკვეთა მის უარმყოფელს, გვემდა და ცდილობდა, დაეხრჩო. კვიპრიანემ კი პირჯვარი გადაისახა, მაცხოვარს მოუხმო შემწედ და საკუთარ თავზე პირველად გამოსცადა ჭეშმარიტი ღვთის ძლევამოსილება. ჯოჯოხეთის ბნელი ძალების ოცდაათწლიანი მსახურების შემდგომ სინანულით განწმენდილი კვიპრიანე ქრისტეს შეუდგა: ეპისკოპოს ანთიმოზის კურთხევით საჯარო აღსარება წარმოთქვა და შუაგულ ქალაქში დაწვა შორეული გამოქვაბულიდან ჩამოტანილი თავისი ჯადოქრული წიგნები. ნეტარის სინანული ისეთი გულწრფელი იყო, რომ ნათლისღებიდან მეშვიდე დღეს მედავითნედ დაადგინეს, მეოცე დღეს – იპოდიაკვნად, ოცდამეათე დღეს – დიაკვნად, ერთი წლის შემდეგ კი – მღვდლად. მალე კვიპრიანეს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. მღვდელმოწამემ იმდენი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რომ მის ეპარქიაში კერპთაყვანისმცემელი არავინ დარჩა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, ეპისკოპოსი კვიპრიანე და იღუმენია იუსტინა შეიპყრეს, ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და სასტიკი წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმიდათა მარტვილობის მხილველმა მხედარმა თეოქტისტემ ირწმუნა მაცხოვარი, აშკარად აღიარა თავი ქრისტიანად და უფლის რჩეულებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა. 
წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. „მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“.
დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, კონსტანტინე – „შუენიერ გუამითა, მოწაბლე თმითა… წვერ გამო“. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს.
უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები – დავითი და კონსტანტინე.
ტყვეები მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელ გარდავჴედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობაჲ თქუენი ჩუენ ზედა, რათა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთა და უღმთოჲთა“. ამ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხდა და წმიდათა წამება ბრძანა.
დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუაჲ სიცოფისა თქუენისაჲ და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა“. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ უყოფინ ჩუენდა, რაჲთა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თჳსი მოავლინა ქვეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თჳსნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვასა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესთვის გვემისა, ტანჯვისა, ცეცხლისა, წყალისა, მახვილისა და სიკვდილისა“. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით იმ ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიწევნულნი დაინთქნენ“.
დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: „ვითარწა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით… მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ და მისთჳს მოვკუდები“.
გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეუძლურებინათ ძმები. ათი დღის შემდეგ „მრავალფერი ტანჯვის“ შემდეგ მან მოგვნი და მისანნი წარავლინა არგვეთელ წმიდანთა წინაშე, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე.
ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.
სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: „ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათჳს წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათჳს შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაჲ შენი და მიეც შენდობაჲ ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჴორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა“.
ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ.
ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს „ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიჴუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავლეთით და სადა-იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი“.
განკვირვებულმა მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.
სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა. წმიდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა – ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“. 
მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამებთა თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ისევ ელოდათ…
განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ „წითელი ურდო“ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, „მოსრა და მოაოხრა ყოველი“. ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა – სერგო ორჯონიკიძემ თავის „სასახელო გმირობებს“ ახალი საშინელი „გამარჯვება“ შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში. 12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. „რკინის სერგოს“ ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს… ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს… ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ. 
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი სლავი იყო. ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა. ნეტარს უყვარდა ქრისტე, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, ხშირად ლოცულობდა და სულის ცხონებაზე ფიქრობდა. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდათა ცხოვრებებს და ბოლოს მათი მიბაძვის სურვილით აღენთო. ერთხელ სიზმრისეული ჩვენებით ანდრიამ იხილა ორი ლაშქარი: ერთი – ნათელმოსილი ჭაბუკებისა, მეორე კი – კუპრივით შავი, საზარელი ეშმაკებისა. უფლის ანგელოზმა, რომელსაც ხელში საკვირველი გვირგვინები ეპყრა, წმიდანს უთხრა: „ეს გვირგვინები ამსოფლიური სამკაული კი არა, ზეციური საუნჯეა. უფალი მათ შავბნელი მხედრობის დამთრგუნველებს ანიჭებს“, შემდეგ კი უბრძანა: „შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში“. ამ დღიდან მოყოლებული ანდრიამ შეშლილივით ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში. ღამით ლოცვად დამდგარი სალოსი უფალს ავედრებდა საკუთარ თავს, თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ასე განვლო მრავალმა წელმა. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის თავის რჩეულს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის მადლი გარდამოუვლინა. ამ დროს ქალაქში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარებას შეეპყრო. იგი ბაზრის მახლობლად დამკვიდრებულიყო იმ იმედით, რომ სავაჭროდ გამოსული სულიერი შვილები მასთან ხელცარიელები არ მოვიდოდნენ. ღმერთმა ქრისტესთვის სულელს გაუცხადა ამ მამის ჭეშმარიტი სახე: დაანახა საზარელი გველი, რომელიც მას ყელზე შემოხვეოდა. მწუხარებით შეპყრობილი წმიდანი მცირე ხნის შემდეგ მდაბლად მიეახლა ბერს, სიყვარულით ამხილა და უთხრა: „შენს სულს სერაფიმივით ფრთები ჰქონდა – ბოროტს რად მოაკვეცინე, ანგელოზის ხატი გემოსა, რად მიემსგავსე ეშმაკს, რისთვის აგროვებ საგანძურს, განა მასთან დაიმარხები? სულიერი შვილებისგან დაუცხრომლად რომ კრებ ვერცხლს და ხარობ, თავზე მათ ცოდვებს იგროვებ. ასეთი მძიმე ტვირთით როგორ წარსდგები ქრისტეს წინაშე? დაურიგე შენი საუნჯე გლახაკებს, ობლებს, ქვრივებსა და მწირებს, თორემ დაიღუპები. ხედავ დემონს?“ ამ სიტყვებზე ბერს სულიერი თვალები აეხილა და დაინახა ოთახის კუთხეში მდგარი მხეცისმაგვარი შავი გოლიათი, კბილებს რომ აღრჭენდა. ბერი შიშისაგან ათრთოლდა და ძლივსღა ამოთქვა: ამიერიდან მხოლოდ უფლის მცნებებით ვიცხოვრებო. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღმოსავლეთით ელვა გაიკლაკნა, ბოროტი სული გაქრა და ბერს მომღიმარე ანგელოზი მიეახლა. წმიდანმა პირუთვნელი მხილებით კიდევ მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული იხსნა დაღუპვისაგან.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღირსი შეიქნა საკუთარი თვალებით ეხილა ღვთისმშობელი, რომელმაც თავისი თავსაბური გადააფარა იქ შემოკრებილ მლოცველებს (იხ. 1 ოქტომბრის საკითხავი). უფლის რჩეული 936 წელს გარდაიცვალა.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.