ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
19.10.2024. ხსნილი
ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი (I).
დღის ლოცვები
ყოვლადქებული მოციქული თომას
ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო ურწმუნოებით ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე და მისისა ყოვლადპატიოსნისა ვნებისა განხილვითა ირწმუნე, თომა ყოვლადქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობა და დიდი წყალობა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: მოც.: 1 კორ. 4: 9 -16 (დას. 131). ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
რიგ.: 1 კორ. 14: 20-25 (დას. 156). ლკ. 5: 27-32 (დას. 20).
ცისკ.: ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ლიტ.: მოც.: 1 კორ. 4: 9 -16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
ლიტ.: ინ. 20: 19 -31
19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
რიგ.: 1 კორ. 14: 20-25
20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ – სრულწლოვანნი გონებით. 21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. 22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი – მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. 23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? 24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.
რიგ.: ლკ. 5: 27-32
27. ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო. 28. მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას. 29. გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან. 30. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? 31. მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ. 32. მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I ს.)
ხსენების დღე: 6 (19) ოქტომბერი
სახელი “თომა” არამეულია . ბერძნულად გამოითქმის როგორც “დიდიმ”. სახელი ნიშნავს “ტყუპისცალი ანუ მარჩბივი” (იოან.21:2). გადმოცემით თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო.სულიწმის გარდამოსვლის შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. მას რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში – პართა, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგოლი ღმრთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს. წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა რომ დარწმუნებულიყო თავად.მან ასე მიმართა მოციქულებს: “უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს” (იოანე 20, 25). მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს “ურწმუნოებაც” საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა. ღმრთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა როცა †48 წელს მიიძინა ღმრთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ გეთსიმანიის ბაღში სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღმრთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღმრთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ იქ მხოლოდ ღმრთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღმრთისა, თავისი ღმრთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა იოანე ღმრთისმეტყველისაც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.
მღვდელმოწამე ანთვირე (+236) და ფაბიოსი (+250) – რომის პაპნი
წმიდა პაპის შემდეგ რომის ეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელმთავარი ანთვირე, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა – მარტვილობით აღესრულა ქრისტესთვის (+236). ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა ფაბიოსი. ეკლესიის წმიდა წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიოსმა მთელი თავისი ქონება გადასცა გლახაკთა საჭიროებისათვის. 238 წელს უსჯულო მაქსიმინე გარდაიცვალა. გამეფდა იმპერატორი გორდიანე III (238-244), რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249) კი წმიდა პონტიოსის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად ნათელიღო წმიდა პაპის, ფაბიოსის ხელით. იმპერატორის თანხმობით წმიდა პონტიოსმა და მღვდელმთავარმა ფაბიოსმა წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს. ოთხი წლის მანძილზე ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, შემდეგ კი ტახტზე ავიდა უსჯულო დეკიუსი (249-251), რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ხანებში ეწამა მღვდელმთავარი ფაბიოსი (+250), წმიდა პონტიოსმა კი დატოვა რომი, იტალიისა და გალიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კიმელას მიაშურა და აქ მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამასობაში იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი. ამ მიზნით ქალაქ კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. წმიდა პონტიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის ნეტარი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მტარვალები პონტიოსის სატანჯველად გაემზადნენ, წმიდანმა მშვიდად გააფრთხილა ისინი, რომ წამების დამთავრებამდე გახდებოდნენ მოწმენი უფლის ძლევამოსილებისა. მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი ნაწილებად დაიშალა, ჯალათები კი მკვდრებივით დაცვივდნენ მიწაზე.
„შეიცან, ცრუმორწმუნევ, ჩემი უფლის ყოვლადძლიერება“, – მიმართა წმიდა პონტიოსმა კლავდიუსს, მაგრამ მან ანაბიუსის რჩევით მარტვილი ცირკში ორ დათვს მიუგდო დასაგლეჯად. მხეცები წმიდანს არ გაეკარნენ, მცველები კი ნაკუწ-ნაკუწ დაფლითეს. „ერთ არს ღმერთი, ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსაც პონტიოსი აღიარებს!“ – იხუვლა ხალხმა. მტარვალთა ბრძანებით ჯალათებმა დიდი კოცონი დაანთეს ნეტარის დასაწვავად. ცეცხლი ჩაქრა, პონტიოსი კი უვნებელი დარჩა. მაყურებლებმა კიდევ უფრო მქუხარედ შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!“ მაშინ იქ მყოფმა, აღშფოთებულმა იუდეველებმა იღრიალეს: „მოკალით ჩქარა ეს ჯადოქარი!“ პონტიოსს მოაგონდა, თუ როგორ გასძახოდა ქრისტეს ჯვარცმის მოსურნე ბრბო პონტიუს პილატეს: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“ და მადლობა შესწირა უფალს. წმიდა აღმსარებელს თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. განაჩენი ქალაქგარეთ მოიყვანეს სისრულეში (+257). წმიდანის ნეშტი მისმა მეგობარმა, ვალერიანემ სიკვდილით დასჯის ადგილზე დაფლა. მოგვიანებით წმიდა ცხედარი კიმელას მახლობლად მდებარე ქალაქ ნიცაში გადაასვენეს.
წმიდა მოწამე ევსეგნიოსი (+362)
მოხუცებულობაში წმიდანმა დატოვა სამხედრო სამსახური და სამშობლოს მიაშურა. აქ იგი ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (261-263), რომელიც იმპერიაში წარმართული სარწმუნოების აღდგენას ესწრაფოდა. ერთ-ერთი ანტიოქიელის დასმენით წმინდა ევსეგნიოსი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის იმპერატორის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უშიშრად ამხილა მრისხანე თვითმპყრობელი მაცხოვრის უარყოფაში; მისი ნათესავი, კონსტანტინე დიდი დაუსახა მაგალითად და, როგორც თვითმხილველმა, დაწვრილებით მოუთხრო ცაზე ჯვრის ნიშის სასწაულებრივი გამოჩენის შესახებ. იულიანემ ასათ წელს მიღწეულ მოხუცს თავი მოკვეთა (+362).
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
წმიდა მოწამენი კანტიდი, კანტიდიანე და სიბელი – ეგვიპტეში წამებულნი
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.