20.10.2024. მე-17 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.     1 კორ 6:12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-17 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

20.10.2024. ხსნილი 

ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927); ღირსისა იოსებ ხუცისა, მოხევისა, სასწაულთმოქმედისა (1763); მოწამეთა სერგისა და ბაქოსი (290-303); მოწამეთა იულიანე ხუცისა და კესარი დიაკონისა (I); მოწამისა პელაგია ტარსიელისა (290); მოწამისა პოლიქრონი ხუცისა (IV). 

დღის ლოცვები 

ღირსი იოსებ ხუცის, მოხევის, საკვირველმოქმედის

ტროპარი: ვარსკულავად ბრწყინვალედ აღმოხედ თხემსა ზედა მთისასა და სოფელი განანათლე საკვირველებათა მიერ და უცხოთა მოქალაქობითა შენითა შეერთე ბანაკსა უხორცოთასა, მამაო წმიდაო იოსებ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ქუეყანაი ვნებათაი დაუტევე და შორის ქართა და ყინელთა ადიდებდ ბეთლემს შინა შობილსა უფალსა, რომელი იხილა ბაგასა სულისა შენისასა და ანგელოზთა თანა ღაღადებდ: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-6, ინ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1 (დას. 182, შუა). ლკ. 7: 11-16 (დას. 30).
ებრ.  7: 26 – 8: 2. (318 დას). ინ. 10: 9-16 (36 დას). 

ცისკ.: ლკ. 24: 36-53 

36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1 

16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ. 18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი. 

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

ლიტ.: ლკ. 7: 11-16 

11. მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. 12. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან. 13. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი. 14. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! 15. მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს. 16. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.

ებრ.  7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ – ტერაცინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მოახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა. ამ დროს კერპთმსახურებმა შეიპყრეს ქრისტიანი ხუცესი იულიანე. იმპერატორის ბრძანებით ორივე მოწამე ზღვაში დაახრჩვეს, მაგრამ, ღვთის ნებით, მათი წმიდა ცხედრები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მართლმორწმუნეებმა ისინი წაასვენეს და პატივით დაკრძალეს. ნეტარი კესარიოსის უხრწნელი ნაწილები ამჟამად რომშია დაცული. 
წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოლოს მოშურნეებმა წმიდანები თვითმპყრობელთან დაასმინეს – წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გაიმართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში. იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწყალობელნო ჩემნო! – მიმართა მან მარტვილებს, – მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“ მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე – ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი – შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ.
ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. იმავე ღამეს ბაქოსი ღამეული ჩვენებით გამოეცხადა სერგის და განამტკიცა. მეორე დღეს სერგის გრძელი და მახვილი ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქებში მიმომავალი ანტიოქოსის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303 წლებს შორის). 
წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი ბავშვობიდანვე ქრისტიანული მსოფლმხედველობით იზრდებოდა, იგი ღარიბი მიწათმოქმედის შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, წმიდანმა დატოვა მშობლიური სახლი, კონსტანტინოპოლს მიაშურა და ერთი მდიდარი მეპატრონის ზვრებში დაიწყო მუშაობა. ბატონი გაოცებული იყო მისი მუყაითობით და საზღაურსაც უშურველად უხდიდა. აღებული ფულით ნეტარმა ტაძარი ააგო. არსებობს ცნობა, რომ პოლიქრონიოსი მედავითნის ხარისხში მონაწილეობდა I მსოფლიო კრების (325 წ., ნიკეა)სხდომებზე. მალე იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული არიანელმა მწვალებლებმა ღვთისმსახურების დროს მოკლეს ტაძრის საკურთხეველში (IV). 
წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.
მოხევეები – „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა.
ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.
მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.
მეფე გიორგი XII-ის უფროსი ძის დავით ბატონიშვილის (1776-1819 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაჲთა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“.
აღესრულა 1763 წელს.                           

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.