21.10.2024. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.     1 კორ 6:12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

21.10.2024. ხსნილი 

ღირსისა პელაგია ანტიოქიელისა (457); ღირსისა ტაისიასი (IV); წმიდისა პელაგია ქალწულისა (303). 

დღის ლოცვები 

ღირსი პელაგიას კონდაკი:

ხორცნი შენნი განლიენ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობა შეცოდებათა და გვიჩვენე ჩვენცა გზა იგი შენდობისა სინანულითა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ეფ. 4: 25-32 (დას. 227). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

ეფ. 4: 25-32 

25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ. 26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით. 27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს. 28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული. 29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ. 30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის. 31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად. 32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წმიდა მოწამე პელაგია ქალწული, დიდებული გვარის ჩამომავალი, ანტიოქიაში ცხოვრობდა და მღვდელმოწამე ლუკიანეს (ხს. 15 ოქტომბერს) მოწაფე იყო. როცა, ქრისტიანთა დევნის დროს, მხედრები წმიდანის შესაპყრობად მივიდნენ, იგი მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო. ნეტარმა მათ სთხოვა, ცოტა ედროვათ, თავად კი ლოცვად დადგა, უსჯულოთა ხელყოფისაგან დაცვა გამოითხოვა უფლისგან, შემდეგ კი სახლის ერდოდან გადმოეშვა და ადგილზევე განუტევა სული. ეს მოხდა IV საუკუნეში, როგორც ვარაუდობენ, 303 წელს. 
ღირსი ტაისია მეძავის შვილი იყო და თვითონაც სიყმაწვილიდანვე ჩაეფლო გარყვნილებაში. საოცრად მომხიბლავი გარეგნობის წყალობით იგი მრავალს აცდუნებდა. ამ დროს ეგვიპტეში, ჰერაკლიის მონასტერში ცხოვრობდა ბერი პაფნუტი, რომელიც ბევრ შეცდომილს აყენებდა ცხონების გზაზე. როცა მან ტაისიას შესახებ შეიტყო, საერო ტანსაცმელი შეიმოსა, მივიდა მეძავთან და სთხოვა, ისეთ განკრძალულ ადგილას დაენიშნა მისთვის შეხვედრა, სადაც ვერც კაცი ნახავდა მათ და ვერც ღმერთი. ტაისიამ, რომლის სულში ჯერაც არ მინავლებულიყო ფიქრები უფალზე, ღიმილით უპასუხა, ეს შეუძლებელია, რადგან ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავსო. მაშინ ღირსმა მამამ გააცხადა თავისი ვინაობა, უფლის რჩეულს ცხადად წარმოუდგინა მისი ცოდვების სიმძიმე და ის აუტანელი სატანჯველები, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მოელოდა მის მიერ ცდუნებული და წარწყმედილი ყოველი ადამიანის სულის სანაცვლოდ. ბერის სიტყვებმა შეძრა ცოდვილი ქალის სული, მის გულს კი ზეციური ნათელი მოეფინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის სიმდიდრეს, ქალაქის მოედანზე დაახვავა და საკუთარი ხელით დაწვა ნიშნად იმისა, რომ საჯაროდ აღიარებდა თავისი უწინდელი ცხოვრების სისაძაგლეს და ეს საუნჯე, როგორც გარყვნილების გზით მოგებული, გლახაკთათვის დარიგების ღირსადაც არ მიაჩნდა.
ღირსმა პაფნუტიმ წმიდანი დედათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იგი ვიწრო სენაკში დასახლდა და ყოველდღიურად მცირე სარკმლიდან აწვდიდნენ პურის ნატეხსა და მცირეოდენ წყალს. სამი წელი დაჰყო აქ ნეტარმა დედამ სრულ მარტოობაში. მკაცრი მარხვით გალეული უფლის რჩეული დაუდუმებლად იმეორებდა მოკლე ლოცვას: „შემოქმედო ჩემო, შემიწყალე მე“! ამასობაში პაფნუტიმ საოცარი სიბრალული იგრძნო მის მიმართ და ღირს ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) მიაშურა, რომ შეეტყო, შეუნდო თუ არა უფალმა ტაისიას. წმიდა ანტონიმ შეჰყარა თავისი მოწაფეები და მთელი ღამე მათთან ერთად ლოცვად იდგა. ბოლოს ერთ მათგანს – ღირს პავლეს (ხს. 7 მარტს და 4 ოქტომბერს) სასწაულებრივი ხილვით განეცხადა, რომ ტაისიას ცოდვები აღხოცილი იყო. პაფნუტი ჩავიდა სავანეში, სადაც წმიდა დედა მოსაგრეობდა და მას სენაკის კარები გაუღო. ტაისიამ მდაბლად წარმოთქვა, დაყუდებაში მინდა დავრჩეო, მაგრამ ნეტარმა ბერმა გამოსვლა უბრძანა. წმიდანი დამორჩილდა, თან თქვა: „ღმერთია მოწმე, იმ წუთიდან, როცა სენაკში შევედი, ჩემი ყველა ცოდვა თვალწინ მედგა და ცრემლად ვიღვრებოდი მათი შემყურე“. პაფნუტიმ უპასუხა: „სწორედ ამიტომ, და არა შენი დაყუდების სიმკაცრის გამო შეგიწყალა გულმოწყალე უფალმა“. ამის შემდეგ ტაისიამ მხოლოდ თხუთმეტი დღე იცოცხლა. იგი მშვიდობით შეერთო სასუფეველს დაახლოებით 340 წელს. ღირსი დედა უნდა განვასხვაოთ ნეტარი ტაისიასგან რომლის ხსენებას წმინდა ეკლესია 10 მაისს აღნიშნავს. 
ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ (ხს. ყველიერის შაბათს) მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა.
ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ, ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო.
ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.
მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა. მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.
ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა. ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: „გონივრულად დაიხარჯოს ავად მოხვეჭილი“. ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.