ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
22.10.2024. ხსნილი
მოციქულისა იაკობ ალფესისა (I); ღირსთა ანდრონიკესი და ცოლისა მისისა ათანასიასი (V); მართლისა აბრაჰამ მამამთავრისა და ძმისწულისა მისისა ლოტისა (2000 წ. ქრ. შ-მდე); მოწამეთა ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამისა პოპლია აღმსარებელისა, ანტიოქიელ დედათდიაკონისა (IV); ღირსისა პეტრე გალატიელისა (IX).
დღის ლოცვები
მოციქული იაკობ ალფესის კონდაკი:
მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილმსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთისმეტყუელსა იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე ყოველთა თანა ანგელოზთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ეფ. 5: 20-26 (დას. 230). ლკ. 8: 1-3 (დას. 34).
მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ლკ. 10: 16-21 (დას. 51).
ლიტ.: ეფ. 5: 20-26
20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით. 21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. 22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. 23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. 24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს – ყველაფერში. 25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
ლიტ.: ლკ. 8: 1-3
1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და აყვნენ მასთან თორმეტნი. 2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
მოც.: 1 კორ. 4: 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მოც.: ლკ. 10: 16-21
16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი (2000 წ. ქრისტეს შობამდე)
ქანაანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“, და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანაანს, დღევანდელ პალესტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა).
ქანაანის ქვეყანაში ცხოვრების დროს აბრამი და მისი ძმისწული ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და აბრამისა და ლოთის მწყემსები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა, გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა; აბრამი კი, უფლის მინიშნებით, ქებრონში გადავიდა და მამბრეს მუხასთან დასახლდა. ბიძა-ძმისწულის განშორების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დაარბიეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავისი სამას თვრამეტი მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა.
გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკიც, რომელიც იყო „მღვდელი ღმრთისა მაღლისა“, პურითა და ღვინით შეეგება და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.
როცა აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა უწინდელი აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი – მამა დიდი – აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა.
ერთი წლის შემდეგ უფალი სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამბრეს მუხასთან, კარვის კარებთან მჯდარ მამამთავარს. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცნობი მგზავრები რომ იხილა, „მირბიოდა შემთხუევად მათდა“, თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ. შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა მოიკითხა და თქვა: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა“. კარებთან მდგომ სარას, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: „რად განიცინნა სარა თავსა შორის თჳსსა. ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?“ შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრაამი შეევედრა ღმერთს: თუ „სოდომთა ქალაქში“ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდა, გაანადგურებო მას? უფალმა მიუგო: თუ ორმოცდაათი მართალი ვპოვე „დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს “. შემდეგ ორმოცდახუთი მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას.უფალმა ათი მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება.
საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდარი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი, „ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე“ გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: „სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ“. ლოთი გამოვიდა „წინაშე კართა“, გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: „ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ!“ და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა „განყვნეს ჴელნი“, ლოთი სახლში შეიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ.
მეორე დღეს, განთიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულო ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: „განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ“. ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა – მარილის სვეტად იქცა.
მალე უფლის წინასწარმეტყველება ახდა: სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე – ისააკი. საზღვარი არ ჰქონდა ასი წლის მამამთავრის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, მხოლოდშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა: მესამე დღეს მიეახლა სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილს, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილი აღმართა მის დასაკლავად, ამ დროს ზეგარდამო ესმა ხმა: „აბრაამ! აბრაამ!. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ აწ მიცნობიეს, ვითარმედ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს“. მართალმა მამამთავარმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მიიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაცვლად ის შესწირა უფალს. ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: „ვინაითგან ჰყავ სიტყუაჲ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშა ზღჳსკიდისა და დაიმკჳდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მით რომელ ისმინე ჴმისა ჩემისა“.
ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი – სარა საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამბრეს მუხის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში, ისააკიც დააქორწინა, ბოლოს კი, ასსამოცდათხუამეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი მამამთავარი მეუღლის, სარას გვერდით დაფლეს.
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).
წმიდა მოწამენი ებენტი და მაქსიმე (+361-363)
წმიდა აღმსარებელი პოპლია დიაკონისა, ანტიოქიელი (IV)
ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია (V)
ღირსი პეტრე გალატიელი (IX)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.