23.10.2024. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.     1 კორ 6:12 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

23.10.2024. მარხვა 

მოწამეთა ევლამპისი და დისა მისისა ევლამპიასი (303-311); მოწამისა თეოტეკნისა (III-IV); ღირსისა ბასიანე მონაზონისა (V); ღირსისა თეოფილე აღმსარებელისა (VIII); ღირსისა ამბროსი ოპტინელისა (1891). 

დღის ლოცვები 

მოწამეთა ევლამპისა და ევლამპიას კონდაკი:

მხნეთა მოწამეთა და ხორციელად ძმათა ბრძენსა ევლამპეს და ევლამპიას პატივს ვსცემდეთ, რამეთუ მათ უსჯულოთა მანქანებასა არცხვინეს ძალითა ჯუარცმულისათა; ამისთვის გამოსჩნდეს მოწამეთა დიდებად და ერთა სიქადულად. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ეფ. 5: 25-33 (დას. 231). ლკ. 8: 22-25 (დას. 37). 

ეფ. 5: 25-33 

25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით, 27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო. 28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს. 29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას. 30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. 31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.

ლკ. 8: 22-25 

22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს. 23. ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ. 24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა. 25. და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას? 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

მოწამეთა ევლამპისი და დისა მისისა ევლამპიასი (303-311); მოწამისა თეოტეკნისა (III-IV); ღირსისა ბასიანე მონაზონისა (V); ღირსისა თეოფილე აღმსარებელისა (VIII); ღირსისა ამბროსი ოპტინელისა (1891). 

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი – იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.
სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას. 
წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი გახურებულ რკინის სარეცელზე დააწვინეს. უეცრად მარტვილმა წარმართულ ტაძარში წაყვანა ითხოვა. მსაჯულებმა გაიხარეს – იფიქრეს, რომ წმიდანის სულის სიმტკიცე შერყეული იყო, მაგრამ მარსის საკერპოში შესულმა ევლამპიმ შერისხა კერპი: „უტყვო და უსულო კერპო, უფალ იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, მტვრად იქცე!“ კერპი კვარცხლბეკიდან გადავარდა და დაიმსხვრა. გაოცებულმა ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი ქრისტიანეთა, დიდი და ძლიერი!“ ამ დროს წმიდა მოწამის და, ევლამპიაც წარდგა მსაჯულთა წინაშე და განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. ევლამპი ამხნევებდა ნეტარს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ (მთ. 10,28). წამების შემდეგ უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი – 311 წელს. 
ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოსაგრეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც (ხს. 9 ნოემბერს). ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში. 
ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ – სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები – მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსი მამა ამბროსი (ერში ალექსანდრე მიხეილის ძე გრენკოვი) დაიბადა 1812 წლის 23 ნოემბერს ტამბოვის გუბერნიის სოფელ ბოლშაია ლიპოვიცაში. მამა – მიხეილ თეოდორეს ძე მნათედ მსახურობდა ეკლესიაში, ბაბუა მღვდელი იყო. ალექსანდრე მეექვსე შვილი იყო მიხეილის მრავალრიცხოვანი ოჯახისა. პატარა ალექსანდრე ძალიან ცოცხალი, მოუსვენარი და მხიარული ბავშვი იყო. საეკლესიო სლავური, ჟამნი და დავითნი მას ოჯახში შეასწავლეს. მამას დღესასწაულებზე მუდამ თან დაჰყავდა ხოლმე ალექსანდრე, რომელიც ტაძარში მშობლებთან ერთად გალობდა და მედავითნეობდა. ტამბოვის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1830 წელს ალექსანდრე მძიმედ დაავადდა. უნუგეშო მდგომარეობაში მყოფმა ჭაბუკმა ღვთის წინაშე აღთქმა დადო, რომ თუკი გამოჯანმრთელდებოდა, მონასტერში წავიდოდა. უფალმა ისმინა მისი ლოცვა. იგი განიკურნა. „განკურნების შემდეგ მთელი ოთხი წელი ვყოყმანობდი, ვერ გადაემწყვიტა, მეტად მიმძიმდა ამა სოფელთან განშორება“, – იგონებდა შემდეგში თავად მამა ამბროსი. სემინარიის დამთავრების შემდეგ ის ლიპეცკის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა ბერძნულ ენას, მაგრამ წლები გადიოდა და აღთქმის შეუსრულებლობით გამოწვეული სინდისის ხმა სულ უფრო მეტად ამძიმებდა ჭაბუკის სულს. მან რჩევისთვის მიმართა მამა ილარიონს (ფოკინი), რომლის ბაგეებმაც ჭეშმარიტად წინასწარმეტყველური სიტყვები აღმოთქვეს. „შენ ოპტინას სჭირდები, – მიმართა მან მომავალ ბერს, – ოპტინაში წადი!“ 1839 წლის 8 ოქტომბერს – აღდგომა დღეს – ალექსანდრემ ოპტინას მიაშურა. იგი ღირსმა ლევმა მიიღო. 1840 წლის 2 აპრილს წმიდანი მონასტრის ძმათა რიცხვში იქნა ჩარიცხული.
რამდენიმე ხნის მანძილზე ღირსი ლევის თანამესენაკე იყო. 1840 წლის ნოემბერში იგი მონასტრიდან სავანეში გადაიყვანეს და ოსტიგნის თანაშემწედ განაწესეს. 1841 წლის ზაფხულში ალექსანდრე ანაფორით იქნა შემოსილი. მორჩილების აუცილებლობიდან გამომდინარე ის ხშირად მიმართავდა ხოლმე ღირს მამებს – ლევს და მაკარს. „დიდი ადამიანი იქნება“, – წინასწარმეტყველურად ამბობდა მის შესახებ მამა ლევი, რომელიც მასში თავის სულიერ მემკვიდრეს ჭვრეტდა.
1842 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე წმიდა ამბროსი მედიოლანელის პატივად ამბროსის სახელით მონაზვნად იქნა აღკვეცილი, 1843 წლის 2 თებერვალს კი დიაკვნად დაასხეს ხელი. ამის შემდეგ მამა ამბროსი ღირსი მაკარის მორჩილებაში იქნა გადაყვანილი და იგი მომსვლელთა მიღებაში შეეწეოდა წმიდანს. ღვთივსულიერ მოძღვართან აღნიშნულ მორჩილებაში განვლილმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინეს ოპტინის მომავალ სულიერ ლამპარს.
1845 წლის 9 დეკემბერს კალუგის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მამა ამბროსის მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. ავადმყოფობისა და, ნაწილობრივ, ხარისხის გამო 1846 წლის 2 იანვარს იგი გათავისუფლებულ იქნა მამა მაკარის მესენაკის მოვალეობისაგან. აგვისტოს თვეში კი ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკოლოზმა მას ლოცვა-კურთხევა მისცა ღირს მაკართან ერთად მონასტრის ძმათა და მომსვლელთა დამოძღვრის ღვაწლი ეტვირთა. მღვდელ-მონაზონი ამბროსი მაშინ 34 წლის იყო.
უფალმა, რომელიც ახალგაზრდა მოძღვარს დიდი მსახურებისთვის განამზადებდა, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა დაუშვა მასზე, რომელმაც 1846 წლის სექტემბრიდან 1848 წლის ზაფხულამდე გასტანა. მამა ამბროსის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აღარავინ იმედოვნებდა მის გადარჩენას. იგი სახელის შეუცვლელად დიდ სქემაში იქნა აღკვეცილი. 1848 წლის ზაფხულში ბერის ჯანმრთელობა თანდათან გაუმჯობესდა, თუმცა საბოლოოდ არ აღმდგარა და პერიოდულად კვლავ მძაფრად შეახსენებდა ხოლმე თავს წმიდანს. 1860, 1868-69 და 1871 წლებში მას ისევ მოუხდა მძიმე ავადმყოფობის გადატანა, რომლისგანაც მეტად იქნა დაუძლურებული. „მონასტერში სნეულნი მალე როდი აღესრულებიან, – ამბობდა შემდეგში მამა ამბროსი, – არამედ მათი სნეულება მანამ გრძელდება და ჭიანურდება, სანამ ჭეშმარიტ ნაყოფს არ გამოიღებს. მონასტერში აუცილებელიც კია მსუბუქად ავამდყოფობა, რათა ხორცი ნაკლებ აღიძრას და ამხედრდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას, და ნაკლები სისულელეები მოგვივიდეს თავში“. „ღმერთი არ ითხოვს სნეულთაგან ხორციელ ღვაწლთ, – ამბობდა წმიდანი, – არამედ მოთმინებას მხოლოდ, სიმდაბლითა და მადლიერებით“.
გამოჯანმრთელების შემდეგ მამა ამბროსი დიდად შეეწეოდა ღირს მაკარს მის მრავალრიცხოვან ღვაწლში: ღებულობდა მომსვლელებს, მისი ლოცვა-კურთხევით თარგმნიდა და გამოსაცემად ამზადებდა წიგნებს, ნაწილი მონასტრის ძმათაგან მისი სულიერი ხელმძღვანელობით წარმართავდა ცხოვრებას. შეცოდებულთა, მაგრამ წმინდა გულით მონანულთა და გამოსწორების გზაზე შედგომილთა მიმართ იგი ზომაზე მეტად გულმოწყალე იყო. არ განასხვავებდა მდიდარს და გლახაკს, ღირსეულსა და უღირსს, მსგავსად მაცხოვრისა, რომელიც მეზვერეთა და მეძავთა თანა ჭამდა და სვამდა, ოღონდაც ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა ისინი. წმინდანი არასდროს კიცხავდა სხვის შეცოდებებს, სიყვარულით შეიტკბობდა მოქცეულთ, მხოლოდ ცილისწამებას ვერ ეგუებოდა და მეტად შეურიგებელი იყო მოყვასის მიმართ ცილისმწამებლებისადმი.
ღირსი ამბროსის მსახურების საფუძველს ოპტინის უდაბნოს ძმათა სულიერი ცხოვრების წარმართვა შეადგენდა, რომელიც მეტად უყვარდა მას და დაუცხრომელად იღვწოდა თითოეული მათგანის ცხონებისათვის. ერთხელ ბერმა სრულიად ჯანმრთელი მღვდელ-მონაზონი პალადი რამდენიმეჯერ გააფრთხილა, ზეთის კურთხევის საიდუმლო მიეღო და დიდ სქემაში აღკვეცილიყო, რაც ოპტინაში ჩვეულებრივ გარდაცვალების წინ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მღვდელ-მონაზონი უარზე იდგა. ბოლოს მაინც დათანხმდა, მაგრამ ვიდრე ზეთისცხებისთვის ემზადებოდა, დამბლა მიიღო და ენა წაერთვა. მამებმა ზეთი სცხეს მას, ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ აზიარეს და იგი იმავე ღამეს გარდაიცვალა. წმიდანის წინასწარმჭვრეტელობის მადლი სხვა დროსაც არაერთგზის გამოვლენილა და მამა ამბროსი მას მუდამ ძმათა სულიერი სარგებლობისაკენ მიმართავდა.
ღირსი მაკარის გარდაცვალების შემდეგ მამა ამბროსიმ თავის გარშემო შემოიკრიბა მოწაფენი და თავად გააგრძელა მამა მაკარის მიერ დაწყებული წიგნების გამოცემის საქმე. მისი ხელმძღვანელობით 2 ათეულამდე წიგნი გამოიცა – წმიდა მამათა თხზულებანი და სულისთვის სარგო შინაარსის სხვა წიგნები.
ღირსი ამბროსი დიდად შეეწეოდა ღარიბ-ღატაკებს, საოცარი სიმდაბლითა და გულისხმიერებით საუბრობდა სოფლის უბრალო ადამიანებთან, ტკიოდა მათი ტკივილები და მუდამ ცდილობდა ენუგეშებინა ისინი. ერთხელ ერთი გლეხი დედაკაცი აცრემლებული მივიდა მამა ამბროსისთან და თხოვა ესწავლებინა, როგორ გამოეკვება მისთვის მიბარებული ბატონის ინდაურები, რომ არ დახოცილიყვნენ ისინი. ბერმა გამოჰკითხა თუ როგორ კვებავდა მათ და შესაბამისი დარიგებაც მისცა. როდესაც მამა ამბროსის უთხრეს, რომ ამაო საუბარში ტყუილად ჰკარგავდა დროს, მან სიყვარულით მიუგო: „იმ ინდაურებში ხომ მთელი მისი ცხოვრებაა! მისი სულიერი სიმშვიდე ხომ იმათზე არის დამოკიდებული?! სული მისი კი ისეთივე ძვირფასია უფლისათვის, როგორც სული უფრო ამაღლებული პრობლემების მქონე პიროვნებისა!“
განსაკუთრებულ ზრუნვას მამა ამბროსი სნეული დედაკაცების, ქალწულების, ქვრივ-ობლებისა და გაჭირვებულების მიმართ იჩენდა და ცდილობდა ისინი რომელიმე იმ მონასტერში დაემკვიდრებინა, რომელიც მისი სულიერი მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნულ სავანეთა შორის განსაკუთრებული ადგილი შამორდინის დედათა სავანეს ეჭირა, რომელიც თავად წმინდანის მიერ იქნა დაარსებული.
ურიცხვი იყო წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულები. მისი ლოცვით იკურნებოდნენ სნეულნი. განსაცდელს განერიდებოდნენ განწირულნი. მისი მადლიანი სიტყვით ნუგეშს ღებულობდნენ განწირულნი. მისი მადლიანი სიტყვით ნუგეშს ღებულობდნენ ტანჯული და მწუხარე ადამიანები. მამა ამბროსისთან ოპტინაში ჩამოდიოდნენ XIX საუკუნის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: მ.დოსტოევსკი, ვ.სოლოვიოვი, კ.ლეონტიევი (შემდეგში ბერი კლიმენტი), ა.პ.ტოლსტოი, ლ.ნ.ტოლსტოი, მ.პ.პოგოდინი და სხვები. უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ხალხი და არცერთი მათგანი არ ბრუნდებოდა უკან უნუგეშოდ. წმინდანი ღვთის სიტყვით განაბრძნობდა ყველას, გამოუთარგმანებდა მათ სახარებისა და წმიდა მამათა სიტყვების არსს და მათ ცხოვრებასა და ღვაწლს ღვთივსათნო მიმართულებით წარმართავდა. კითხვაზე – როგორ გავიგოთ საღმრთო წერილის სიტყვები: „იყვენით ბრძენნი, ვითარცა გველნი“, – ღირსი ამბროსი განმარტავდა: „ძველი ტყავის ახლით შეცვლის მსურველი გველი მუდამ ვიწრო ხვრელს ეძიებს და მას გაივლის – ძველ ტყავს იგი ამ გზაზე ტოვებს. ძველი კაცის განძარცვის მაძიებელმა ადამიანმაც სახარებისეული მცნებების აღსრულების ვიწრო გზით უნდა იწყოს სრბა. საფრთხისა და განსაცდელის ჟამს გველი სხეულის ასოთაგან ყველაზე მეტად თავს უფრთხილდება. ადამიანიც ყველაზე მეტად ყოველივე სიკეთის დასაბამსა და თავის და თავის – სარწმუნოების გადარჩენას უნდა მიელტვოდეს. ვიდრე ჭეშმარიტი რწმენა დაცულია, ჯერ კიდევ შესაძლებელია ყოველივეს გამოსწორება“.
ბერის ძალები თანდათან სუსტდებოდა. 1890 წლის ზაფხულში მამა ამბროსი, ჩვეულებრივ, შამორდინის დედათა მონასტერში გაემგზავრა. წლის ბოლოს მან სამგზის სცადა ოპტინაში დაბრუნება, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზით ვეღარ შეძლო. ეს სამგზისი წინააღმდეგობა ღირსმა მამამ ღვთის ნების გამოვლინებად მიიღო და უკვე აღარ უფიქრია შამორდენის დატოვება.
1891 წლის 10 ოქტომბერს ღირსი ამბროსი გარდაიცვალა. ცნობა მისი აღსასრულის შესახებ სწრაფად მოედო მთელ რუსეთს. არ წყდებოდა მორწმუნეთა ნაკადი. შამორდენის სავანეში ყოველი მხრიდან შემოიკრიბნენ წმინდანის სულიერი შვილები. დაკრძალვაზე დაახლოებით 8 ათასმა ადმაიანმა მოიყარა თავი. განსვენებული ბერისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამო ოპტინისა და შამორდენის მონასტრებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი: სად დაეკრძალათ ორივე სავანისთვის მშობლიური მამა? საკითხის გადასაწყვეტად წმიდა სინოდს მიმართეს, რომელმაც ღირსი მამის სამუდამო განსასვენებელ ადგილად ოპტინის უდაბნო სცნო. „დიდი ადამიანი იყო მამა მაკარი. ნეტავ ღმერთმა ინებოს და მის ფერხთით დაკრძალვის ღირსი გავხდე!“ – სიცოცხლეში ხშირად ამბობდა ხოლმე მამა ამბროსი. მართლაც, მისი ნეშტი ღირს მაკართან იქნა დაკრძალული. მისი საფლავის ფილაზე ამოტვიფრულია პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნე“ (1 კორ. 9, 22). ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავენ ღირსი მამა ამბროსის ამქვეყნიური ღვაწლის არსს. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.