ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. 1 კორ 6:12
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
ხუთშაბათი. 24.10.2024. ხსნილი
მოციქულისა ფილიპესი, ერთისა შვიდთა დიაკონთაგანისა (I); ღირსისა თეოფანესი, ნიკეელ ეპისკოპოსისა და აღმსარებელისა და გამომეტყველისა, კანონთგამომთქმელისა (850); მოწამეთა ზინაიდასი და დისა მისისა ფილონილასი (I).
დღის ლოცვები
მოციქული ფილიპეს, ერთი შვიდთა დიაკონთაგანის კონდაკი:
ყოვლადსაკვირველი წარმართთა მომნადირებელი და მოწაფეთა ქრისტესთა თანამზრახველი მოციქულთა მიერ პირველ გამორჩეული ფილიპე დღეს სოფელსა კურნებასა მდიდრად მიმადლებს და იხსნის განსაცდელთაგან მაქებელთა თვისთა, ვინაიცა ერთხმით უღაღადებთ: გვაცხოვნენ ყოველნი მეოხებითა შენითა, მოციქულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ეფ. 5: 33 – 6: 9 (დას. 232). ლკ. 9: 7-11 (დას. 41).
მოც.: საქმ. 8: 26-39 (დას. 20). ლკ. 10: 1-21 (დას. 50).
ლიტ.: ეფ. 5: 33 – 6: 9
33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.
1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია. 2. „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, – 3. რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად. 4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. 5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; 6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. 7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს. 8. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან. 9. თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.
ლიტ.: ლკ. 9: 7-11
7. გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით. 8. ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა. 9. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა. 10. დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა. 11. მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
მოც.: საქმ. 8: 26-39
26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ. 27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს, 28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. 29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. 30. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ? 31. მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. 32. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. 33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“. 34. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? 35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. 36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? 37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. 38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. 39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.
მოც.: ლკ. 10: 1-21
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი. 16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, „რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა“ და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ „სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე“ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად“ (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამოდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი – ერმიონია (იხილეთ 4 სექტემბერს) მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა ფილიპე მოციქული – შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან – ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.
წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა (I)
ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი (+დაახლ. 850)
წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.
ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, – უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.