3.10.2024. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
3.10.2024. ხუთშაბათი. ხსნილი 

დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასი, ცოლისა მისისა თეოპისტიასი და შვილთა მათთა აღაპისა და თეოპისტესი (დაახლ. 118). 

ერთაწმიდობა (ევსტათწმიდობა). 

დღის ლოცვები 

დიდმოწამე ევსტათი პლაკიდასი, ცოლისა მისისა თეოპისტიასი და შვილთა მათთა აღაპისა და თეოპისტეს კონდაკი:

ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული და სარწმუნოებით მისისა სასუმელისა მსმელი ევსტათი ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმნენ თვით მის ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათჳს, ხუთშაბათს

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათჳს კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ჴორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრე და განაქარვე აღტეჴაჲ იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იჴსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიჴსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ჴორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაჲ ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა და ჴორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოჴსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიჴსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ! 

დღის საკითხავები 

ლიტ.: გალ. 3: 23 – 4: 5 (დას. 208). ლკ. 4: 16-22 (დას. 13). 
დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106). 

ლიტ.: გალ. 3: 23 – 4: 5 

23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც. 

1. ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია. 2. არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება. 3. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით. 4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. 5. რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.

ლიტ.: ლკ. 4: 16-22 

16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა. 17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა: 18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, 19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად. 20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას. 21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. 22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?

დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

დიდმოწ.: ლკ. 21: 12-19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს.
ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. „პლაკიდა, რაჲსა მდევნი მე?“ – ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა: – „ვინ ხარ შენ, უფალო?“ „მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელმან ყოველივე დავჰბადე არაარსისაგან და თჳსთა ჴელითა შევქმენ კაცი და არავე მოაქამდე დავაყენე კაცთმოყუარებაჲ ჩემი, არამედ შემუსრვილი ცოდვისა მიერ კუალად განვაახლე“, და ყოველივე მიუთხრა: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა, „რომელთა მიერ წინააღმდგომისაგან თავისუფლებაჲ ნათესავსა ჩუენსა მოანიჭა“ და ზეცად ამაღლება. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა – უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ქალაქში წასვლა, მღვდელთან მისვლა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმედა უბრძანა.
გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, აუწყა, თუ წინა ღამეს როგორ ჩაესმა ძილში: „შენ და ქმარი შენი და შვილნი ხვალე მოვედით ჩემდა და განცხადებულად უწყოდეთ, მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელსა ძალ-მიც ცხორებაჲ მოყუარეთა ჩემთაჲ“.
მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელსცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.
მაშინ ნეტარი კვლავ საკვირველი გამოცხადების ღირსი შეიქნა – თავად ზეციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ: „ამიერითგან უკუე მიგელის შენ თავსდებად გამოსაცდელი სარწმუნოებისაჲ, რამეთუ წუთ ერთღა განმცდელი იგი ეშმაკი მოსლვად არს შენდა… ხოლო შენ ბრწყინვალე ძლევაჲ აღადგინო მას ზედა, ვითარცა იგი პირველად იობ… და დასასრულსა წამებისა ჩემისა გჳრგჳნითა შეიმკო თავი შენი“. ევსტათიმ მდაბლად მიუგო: „იყავნ ნება შენი, უფალო!“
მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა-მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა… გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის – თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა, ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და ბობოქარ მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყრმა ლომს დაეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა: მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.
ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუთმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე – მწყემსებმა, მეორე კი – მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა – მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი, შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.
ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისთვის მეტად მძიმე ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მოსაძებნად მისი მეგობრები, ანტიოქოსი და აკაკი გაგზავნა.
დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძლიერ ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი – საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეომრები გადაეხვივნენ ნეტარს და მოუთხრეს, რისთვისაც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შეემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღვრობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.
ერთხელ, ლაშქრობის დროს, ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა: როგორ დაკარგა დედ-მამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო.
მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი – მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა, ძეებს არ გაყროდა, ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.
ამასობაში ომი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117-138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპოში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს.
„რომლისა მიზეზისათჳს არა ინებე მოსლვაჲ ჩვენ თანა გებად მამულთა ღმერთთა?“ – ჰკითხა ნეტარს ადრიანემ, – შენ სხვებზე მეტი მადლიერება გმართებს, რადგან ღმერთებმა არა მარტო დაგიცვეს ომში, არამედ ცოლი და შვილებიც გაპოვნინეს. ევსტათიმ მიუგო: „ქრისტეანე ვარ, ჵ მეფე, და მომცემელისა ჩემდა შევსწირავ მადლობასა, საძლეველსა და წარწყმედულებისაგან შვილთა და მეუღლისა ჩემდა მომაქცეველსა. ხოლო გარეშე მისსა სხუასა და უფროჲსღა უსულოთა ამათ და ყრუთა არცა მეცნიერ ვარ, არცა ვჰმსახურებ, რაჲთა არა გამოვჩნდე მოქენედ საცნობელთა“. განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმიდანებს პირი არ დააკარეს. მაშინ გამხეცებულმა თვითმპყრობელმა განკარგულება გასცა, მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა – თმის ბეწვიც არ შეტრუსვოდათ, სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით უბრწყინავდათ. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს, შემდეგ კი, როცა მართლმორწმუნეთა დევნა ჩაცხრა, „აღუშენეს სახლი სალოცველი“ სადიდებლად უფლისა. 

ხუთშაბათს ძილის წინ

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ჴორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაჲ ჴორცთა და მომეც გულის-სიტყვაჲ და უბიწო მოქალაქობაჲ, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაჲ, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!