30.10.2024. მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.     1 კორ 6:12

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

ოთხშაბათი 30.10.2024. მარხვა 

დიდმოწამისა შუშანიკ დედოფლისა, რომელი ქართლს იწამა (475, დაკრძალულია მეტეხის ტაძარში); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოსებ კათალიკოსისა, სასწაულთმოქმედისა (ჯანდიერი, 1770); წინასწარმეტყველისა ოსესი (820წ. ქრ. შ-მდე); ღირსმოწამისა ანდრია კრიტელისა (767); მოწამეთა უვერცხლოთა თანაძმათა: კოზმან და დამიანე არაბიელთა და მოყვასთა მათთა მოწამეთა: ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპისა (287 ან 330); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, კიტიელ ეპისკოპოსისა (890) და დადება ნაწილთა მისთა კონსტანტინეპოლს (898); მოწამეთა: ხრვისანთო და დარიასი (283-284). 

დღის ლოცვები 

ღირსმოწამე ანდრია კრიტელის

ტროპარი: მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარითა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო ანდრია, მარადის სახსენებელო.

კონდაკი: დღესასწაულობს დღეს სამეუფო ქალაქი დღესასწაულსა ყოვლადბრწყინვალესა, ნათლით შემოსილსა სახსენებელსა შენსა, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი იხარებენ, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა დიდისანი მრავალვნებულისა გუამისა შენისათვის, ანდრია მოწამეო, მართლმადიდებლობისა სასანთლეო.

კონდაკი: სიმხნისა მოსახელესა ღმრთისმსახურსა და საიდუმლოთა მეტყუელსა მადლობით და ქებით გიღაღადებთ შენდა მიმართ სურვიელნი, ღმრთივსანატრელო ანდრია, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, გვიხსნენ ჩუენ ყოველთა ბოროტთაგან, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მარადის სახსენებელო მამაო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: მთ. 15: 21-28 (დას. 62).
ლიტ.: ფლპ. 1: 12-20 (დას. 237). ლკ. 9: 43-50 (დას. 47).
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33). 

ცისკ.: მთ. 15: 21-28 

21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს. 22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. 23. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. 24. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. 25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! 26. ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. 27. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. 28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.

ლიტ.: ფლპ. 1: 12-20 

12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას. 13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის, 14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება. 15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. 16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. 17. მეორენი კი – სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ. 18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ, 19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, 20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.

ლიტ.: ლკ. 9: 43-50 

43. უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა: 44. ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში. 45. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს. 46. მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის. 47. ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა 48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი – უდიდესი იქნება. 49. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს. 50. უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.

დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

დიდმოწ.: ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.
მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა (ოსე; 2,20). ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება (ოსე; 11,1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა (ოსე; 6) და სიკვდილის დათრგუნვა (ოსე; 13,14). წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (წმიდა კოზმა და დამიანე არაბები უნდა განვასხვაოთ მათი თანამოსახელე წმიდანებისაგან, რომლებიც 1 ივლისს და 1 ნოემბერს იხსენიებიან). 
ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის, მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერ პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისთვის. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.). 
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11);
როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში – „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით. 
ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. 
წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: „მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად“. მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, „კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი“.
1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“. წმიდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია გვალვები და სეტყვა, რომელიც ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმიდა იოსების იქ მოღვაწეობის დროს „არცა მოლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი“. იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ.
წმიდა გაბრიელ მცირე (ხს. 17 მარტს) სიხარულით წერს, რომ მან „ერთგზის იხილა“ და „ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა“.
1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“. 
წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა. ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდმივად უსჯულოთა აგრესიის ქვეშ იყო და საქართველოს ეკლესია-მონასტრების დაცვასა და მართლმადიდებლური სიწმინდის შენარჩუნებას ეწირებოდა უამრავი საერო და სასულიერო პირის სიცოცხლე. ეს იმდენად ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ საქართველოს ეკლესია მათგან მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლითა და მნიშვნელობით გამორჩეულთათვის ადგენდა მოსახსენებელ დღეებს.
სამწუხაროდ, დროთა ავბედობამ ამ გამორჩეულ მოწამეთა ცხოვრება და ღვაწლიც კი წაგვიშალა ისტორიიდან. დღეს მათი გაცნობისა და მათთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება არის საეკლესიო კალენდრებში შემონახულ ხსენების დღეებში ეკლესიის მიერ მათთან დამყარებული ლოცვითი კავშირი. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა 

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.