ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
4.10.2024. პარასკევი. მარხვა
ჯვრის ამაღლების დღესასწაულის წარგზავნა.
მოციქულისა 70-თაგანისა კოდრატესი, ათენელ და მაღნეზიელ ეპისკოპოსისა (130); მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735); ისააკ და მელეტი კვიპრელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევისა და პრისკესი; დიმიტრი როსტოველ მიტროპოლიტისა (ნაწილთა პოვნა 1752).
დღის ლოცვები
მოციქული კონდრატესი, სამოცდაათთაგანის კონდაკი:
ვითარცა მღდელმთავარსა პატიოსანსა და სარწმუნოსა მოწამესა, სოფელი ყოველი შეგწირავს შენ, უფალო, მოციქულსა კონდრატეს და ქებით უგალობენ პატიოსანსა ხსენებასა მისსა, რამეთუ გევედრების მარადის ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად; ამისთვის მიანიჭე მას თხოვაი მისი ჩუენთვის, მრავალმოწყალე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
გალ, 4: 8-21 (დას 210). ლკ. 4: 22-30 (დას. 14).
გალ, 4: 8-21
8. მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები. 9. ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? 10. დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. 11. ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის. 12. გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის. 13. ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ. 14. მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. 15. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით. 16. მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ? 17. თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის. 18. მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ. 19. შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე. 20. ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი. 21. მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს?
ლკ. 4: 22-30
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? 23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ. 24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში. 26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში. 27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა. 28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში. 29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. 30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130)
ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.
მღვდელმოწამენი: იპატი ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი (+დაახლ. 730-735)
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა – როსტოველ მიტროპოლიტისა (1752)
1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მიტროპოლიტის დაქვრივებული კათედრა დაიჭირა. ნეტარი მღვდელმთავარი მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის, ებრძოდა სტაროობრიადულ რასკოლს, ზრუნავდა ღვთისმსახურების სიწმიდეზე, მღვდელმსახურთა აღზრდა-განათლებაზე; წმიდა მამის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. მღვდელმთავარი დიმიტრი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიტერატურული ნაშრომებით. ნეტარმა მამამ მრავალრიცხოვანი წყაროების შეჯერებით რუსულ ენაზე შეადგინა თვენის, წმიდანთა ცხოვრების საკითხავები მთელი წლისთვის. ამ შრომას მან ოცი წელი მოანდომა.
წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.
ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, 21 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს. 21 სექტემბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.
წმიდა მოწამე ევსები; წმიდა მოწამე პრისკე
წმიდა მოწამე პრისკე ფრიგიაში ცხოვრობდა. თავისი ქადაგებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც უღმრთოებმა სასტიკად აწამეს, დაბოლოს, თავი მოჰკვეთეს.
წმიდანი: ისააკი და მელეტი – კვიპრელნი ეპისკოპოსნი
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.