5.10.2024. მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
5.10.2024. შაბათი. ხსნილი 

წინასწარმეტყველისა იონასი (VIIILს. ქრ.შ-მდე); მღვდელმოწამისა ფოკა სინოპელ ეპისკოპოსისა (117); ღირსისა იონა ხუცისა, საბაწმიდელისა, მამა ღირს აღმსარებელთა მამათა თეოდორე გამომეტყველისა და თეოფანე კანონთგამომთქმელისა (IX); მოწამისა ფოკა მემტილესი (320); მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI). 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამე ფოკა ეპისკოპოსის კონდაკი:

ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან, მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: მღ.მოწ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას. 311). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
რიგ.: 1 კორ. 4: 17-5: 5 (დას. 132). ლკ. 4: 31-36 (დას. 15). 

ლიტ.: მღ.მოწ.: ებრ. 4: 14-5: 6 

14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის. 

1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის. 2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,

ლიტ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

რიგ.: 1 კორ. 4: 17-5: 5 

17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. 18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას. 19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას. 20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით. 21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით? 

1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს. 2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი. 3. ხოლო მე – თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, – უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს. 4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, – 5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.

რიგ.: ლკ. 4: 31-36 

31. ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ. 32. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას. 33. და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: 34. ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო. 35. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის. 36. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან? 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: „აღმიქჳთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა“ (იონა; 1,12). იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმიდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, „აჰა სამ დღეღა და ნინევი დაიქცეს“ (იონა; 3,4). ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.
სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მთ. 12.39). 
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს – სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
ცნობები წმიდანის შესახებ 22 ივლისის საკითხავშია ჩართული. 
 
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და „თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა“ მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა, „აჰა, მე ვარ საძიებელი იგი თქუენი“. მოვლინებულნი „იწყლნეს სულითა და განკჳრდეს სმენითა“, შერცხვათ „სიგლახაკესა შინა სიყვარულით პატივის-მცემელი“ მასპინძლისა და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.
ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმიდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს. 
 
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი აფრიკაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეობისას. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით თავი მოაბეზრა. ღამით პეტრემ სიზმრად იხილა, თითქოს მიიცვალა და ანგალოზები მის საქმეებს მართლმსაჯულების სასწორზე წონიდნენ. კეთილი საქმეების პინაზე არაფერი იყო დასადები გლახაკისთვის სიბრაზისგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა, მაგრამ ამანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების პინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრე მიხვდა სიზმრისეული ჩვენების მნიშვნელობას, შეინანა და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვად ეხმარებოდა გლახაკებს. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება უპოვრებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა, აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. მრავალი წლის მანძილზე წმიდანი გულმოდგინედ ემსახურებოდა თავის ბატონს, მაგრამ ერთხელ ნეტარი ნახეს ნაცნობმა ვაჭრებმა და ბატონს მონის ვინაობა აუწყეს. პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. წასვლის წინ მან სასწაული აღასრულა, ყრუ-მუნჯმა მეკარე მონამ შეასრულა პეტრეს მიერ ქრისტეს სახელით გაცემული ბრძანება, გააღო კარები და სმენა და მეტყველების უნარიც მიემადლა. წმიდანი გაუჩინარდა და სიკვდილამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ, ალექსანდრიელმა პატრიარქმა (ხს. 12 ნოემბერს). 
 
წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს. 
ღირსი კოზმა ზოგრაფელი ბულგარეთიდან იყო. სიჭაბუკეში მან თავი აარიდა ქორწინებას და მშობლებისგან ფარულად მიაშურა ათონის მთას. ნეტარი ათონის ზოგრაფის სავანეში მორჩილად მიიღეს. დიდმა ხანმა განვლო, სანამ იგი ბერად აღიკვეცებოდა, რის შემდეგაც ეკლესიარქად დაადგინეს. ხარების დღესასწაულზე ვათოპედის მონასტერში ღვთისმშობელმა ინება, ხილულად გაეცხადებინა კოზმასთვის, თუ როგორ ზრუნავდა თავის წილხვედრ მიწაზე. წინამძღვრის კურთხევით კოზმა უდაბნოში გავიდა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სიკვდილის წინ წმიდა კოზმა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მშვიდად მიიძინა. უფალმა სასწაულებრივ განადიდა თავისი რჩეული. მისი დაკრძალვის დღეს გამოქვაბულთან თავი მოიყარა უამრავმა მხეცმა და ფრინველმა, რომლებიც თითქოს გრძნობდნენ წმიდა მთის დანაკლისს, ტყიდან ისმოდა ცხოველთა და ფრინველთა მგლოვიარე ხმები. ეს მოხდა 1323 წელს. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 


ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენი (გიორგი) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამათ უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა სნეულთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.